13 ივლისი, 2020

ვაჟა აზარაშვილის მიმართვა მსმენელს

ვაჟა აზარაშვილის მიმართვა მსმენელს“სიმღერაა მთელი ჩემი ქონება” – ეს არის გზავნილი, რომელსაც კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი თავის მრავალრიცხოვან გულშემატკივარს და ერთგულ მსმენელს უგზავნის და ხმამაღლა აცხადებს, რომ უკან მიხედვის არ ეშინია:

“ბედმა მარგუნა მეცხოვრა და მეღვაწა ისეთ ეპოქაში, სადაც ერის ინტერესები ხშირად ეჯახებოდა პოლიტიკურს, არც ეკონომიკური პირობები იყო სახაბიელო. მიუხედავად ამისა, არასოდეს მიფიქრია პირადი ინტერესები ყოველივეზე მაღლა დამეყენებინა და სამშობლოდან გავქცეულიყავი.

ერთადერთი რაც ინსტრუმენტთან მიხმობდა, იყო ქართული სული, საქართველო და მეც თავაუღებლად ვეძებდი ქართულ მელოდიებს, ჰანგებს. ვქმნიდი მუსიკალურ ნაწარმოებებს, რომლებიც არა მარტო ჩემი ერისათვის იქნებოდა გასაგები და მისაღები, არამედ უცხოელ მსმენელსაც მიესალბუნებოდა.

გარჯაში გამოვლილი კაცი ვარ, მაგრამ ბედს არ ვემდური – ბედნიერი ვარ, რომ ჩემი მოკრძალებული შემოქმედება, სიმღერები, ბალეტი, ოპერეტები, სიმფონიური და კამერული მუსიკა ქართველმა ხალხმა შეიყვარა, ზოგიერთმა მათგანმა კი წარმატებით მოიარა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა და აღიარებაც მოიპოვა.

ჩემი შემოქმედებისადმი მუდამ იჩენდა ინტერესს პრესა, ტელევიზია, რადიო, არც მუსიკისმცოდნეებს, კრიტიკოსებს მოუკლიათ ყურადღება.

იმაზე უკეთესი რაღა უნდა ინატროს შემოქმედმა, როდესაც გენიალური კომპოზიტორი დიმიტრი შოსტაკოვიჩი ნიშნად მოწონებისა, ტაშს დაგიკრავს.”