31 ივლისი, 2020

თუშების საოცარი ისტორია აგეურთას კოშკზე

თუშების საოცარი ისტორია აგეურთას კოშკზეაგეურთას კოშკი თუშეთში დგას. მასზე არსებობს ძალიან საინტერესო ისტორია, რომელიც არავინ იცის ლეგენდაა თუ სიმართლე.

თათია პაქსაშვილი კოშკზე არსებულ ამბავს გვიზიარებს:

“აგეურთას კოშკს ქისტებს აგებინებდნენ. ის კოშკი იქნებოდა მყარად ნაგები, რომელშიც თაგვი ვერ გამოძვრებოდა და თუ გამოსაძრომს იპოვნიდა, მის ამშენებელს სიკვდილი არ ასცდებოდა.

ერთ-ერთი მშენებელი აგეურთაში ოჯახით იმყოფებოდა. თან დედა და მცირეწლოვანი შვილი ახლდა. მისი აშენებული კოშკიდან თაგვი გამომძვრალა, ქისტი მოუკლავთ. ობლად დარჩენილი ბავშვის შვილად აყვანა ადგილობრივ თუშ ცოლ-ქმარს გადაუწყვეტია. იქვე მდგომ თუშს უთქვამს, ესეც მამამისის კვალის იქნებაო, ხმალი მოუმარჯვია და ბავშვისთვის თავი მოუკვეთავს. ბავშვის ბებიას სალოცავთან დაუწყევლია აგეურთას მაცხოვრებლები. ქალის წყევლას უმოქმედია და მთელი სოფელი ხოლერით ამოწყვეტილა, მხოლოდ ის ცოლ-ქმარი გადარჩენილა, ვისაც ბავშვის აყვანა სდომებია.

ადგილობრივები ამბობენ, რომ წყევლა შთამომავლებზე გადადის, მაგალითები ბევრი აქვთ. ლეგენდაა თუ მართალი, ასე სჯერათ თუშებს.”