თამაზ ჩხენკელი ქართულ ენაზე

თამაზ ჩხენკელი ქართულ ენაზეპოეტი თამაზ ჩხენკელი ქართული ენის საშინელ დამახინჯებაზე ჯერ კიდევ წლების წინ გულწრფელად წუხდა და ალბათ, დღევანდელი ქართული რომ მოესმინა, გული კიდევ უფრო მეტად დასწყდებოდა:

“საშინლად მახინჯდება ენა, მთავარი კი ის არის, რომ მახინჯდება ენის სტრუქტურა, პარიზში იბეჭდებოდა „ბედი ქართლისა”, სადაც გრიგოლ რობაქიძეს მოტანილი ჰქონდა (რომელმაც კარგად იცოდა ქართული), თუ როგორ ეხუმრებოდა მაიაკოვსკი მწერლებს: “პოეზდი ჩამოდგა სტანციაზე“ და მისთანანი. საინტერესო იცით რა არის? მართალია, იყო რუსული სიტყვები, მაგრამ არ ირღვეოდა ქართული ენის სტრუქტურა.

მთავარია ენის შინაგანი ბუნების დაცვა. რა არის ქართული ენის სპეციფიკა, რითაც იგი განსხვავდება ინდოევროპული ენებისგან? ის, რომ ქართული წინანადადება აგებულია ზმნაზე. დიდი კოორდინატი არის ზმნა და არა სახელი, ზმნაშია კონცენტრირებული ყველაფერი – სუბიექტი და ობიექტი, პირდაპირი დამატებაც კი. იმის გამო, რომ გვეძალება ინდოევროპული ენები, ხშირად ირღვევა ეს სტრუქტურა. ქართულ ზმნას აქვს სამი სერია. მესამე სერიის ზმნები, პრაქტიკულად აღარ გამოიყენება, რადგან ეს სერია არ არის ინდოევროპულ ენებში და ამ ენებიდან თარგმნისას მათ ქართულშიც აღარ იყენებენ.

ძალიან მნიშვნელოვანია მთარგმნელთა პრობლემაც, თუმცა ეს ვრცელი საუბრის თემაა. თარგმნა ქვის კოდვას ჰგავს, თუმცა ქართულს ყველაფერი შეუძლია. წარმოიდგინეთ, რამდენი რამ უნდა ითარგმნოს სხვა ენებიდან ქართულად და პირიქით. ამ მხრივაც დიდი მუშაობაა აუცილებებლი. შემოიღეს კაპიტულანტური ტერმინი – ზედმეტი გაქართულება. რას ჰქვია ზედმეტი გაქართულება? გაქართულება უნდა იყოს სრული! მაგრამ რუსულს, ინგლისურს შეჩვეულ ყურს ასეთი ქართული ცუდად ხვდება.

ტელევიზიასა და გაზეთებში არ ჰყავთ სტილისტი, ელემენტარული რამ ეშლებათ. მაგალითად, ხშირად ამბობენ – „როლს თამაშობს“, ნაცვლად „როლი შეასრულა“. ამის შესახებ ჯერ კიდევ 1928 წელს დაწერა მიხეილ ჯავახიშვილმა წერილი: „მსახიობი როლს თამაშობს, მაგრამ ამა და ამ კაცის მოქმედებამ ესა და ეს როლი შეასრულა”… წერენ და ამბობენ – „გამოხტომა“, ნაცვლად „გამოხდომისა“ და ლამის დამკვიდრდეს ყოვლად ამაზრზენი „მადლობა მოუხადა“, „გადავიდა შეტევაში“ და „მაპატიე“ („მომიტევეს” ნაცვლად).

ამასწინათ მოვისმინე ასეთი ფორმა ტელევიზიით: „აქ კავკასიური ნაგაზები შენდება“. ის ელემენტრული რამ არ იციან, რომ არის ზმნები, რომლებიც სხვადასხვა ფორმაში არ იხმარება: შენდება სახლი, ნაგაზები კი მოაშენეს. ტელევიზია არა მხოლოდ ჩვენთან ყვრნის ენას, მაგრამ ისეთებს წერენ გაზეთებში, თმა ყალყზე დაგიდგება. სხვათა შორის, თმა და არა თმები, ქართული მხოლობითის ენაა – მთაში და არა მთებში; ცხვარში და არა ცხვრებში; თვალი და არა თვალები, თუმცა ეს ფუფუნებაა და ამაზე არ ღირს ლაპარაკი. მაგრამ დაუშვებელია ის, რომ ირღვევა გრამატიკული წყობა. შეცდომები ყველას მოსდის, მათ შორის – მეც. მე ვინ ვარ, მიხეილ ჯავახიშვილს უწერია ერთგან – 20 შეცდომა აღმოვაჩინე ჩემ ნაწერებშიო. შეცდომას ვერ ასცდები, მთავარია შეცდომა ნორმად არ იქცეს.
ჩემი აზრით, 1921 წლიდან საქართველოს გორსალიზაცია დაიწყო და ახლა კიდევ უფრო სწრაფად მიდის ეს პროცესი. და სწორედ გორსალა ლაპარაკობს ასე, მას ეხამუშება ნამდვილი ქართული, რადგან თავისი ენა დაბალი ღობე ჰგონია, ამაშია საქმე…

ენა თვითონ იყურება, მასში მსოფლმხედველობაა; ერთ ენას ასეთი ხედვა აქვს სამყაროსი, მეორეს – სხვანაირი და ა.შ. ქართული ენა ეკუთვნის ერთ-ერთ უძველეს და მითოლოგიური ტიპის ენას, სადაც შენარჩუნებულია მითოსური ხედვის ბევრი ელემენტი. სხვათა შორის, 20-იან წლებში სილოვან ხუნდაძის წიგნი „გრამატიკა“ გამოვიდა ქუთაისში და გრიგოლ რობაქიძემ დაწერა არაჩვეულებრივი სტატია, რომელსაც არ ექცევა ჯეროვანი ყურადღება – როგორ განიცდის ქართველი დროს, დროს, რომელიც ზმნაშია გამოხატული. ქართულში 13 მწკრივია, ქართულში არის ოთხპირინი ზმნები; ეს ყველაფერი კი ყრუვდება, აღარ გამოიყენება და ენა ღარიბდება.

ქართულს შეუძლია ყველაფერი, მაგრამ ვინ იცის ქართული?! მის სწავლას მთელი სიცოცხლე უნდა. პირადად მე ვიცი მწიგნობრული ქართულის გარკვეული შრეები და ის ღონიერი ქართული ნიადაგად არ მაქვს გამჯდარი, რადგან რაც ვიცი, წაკითხულით ვიცი და არა ბუნებრივად. ყველას, ვისაც ქართულის სწავლა უნდა ქართლის რომელიმე სოფელში უნდა იცხოვროს რამდენიმე თვე, რათა ყური გაიხედნოს ნამდვილი ქართულით.

ელეგანტური სიცხადე ჯერ კიდევ ყველაფერს არ ნიშნავს, ეს არ ამოწურავს ენას. არსებობს ღრმა ენა, რომლის ცოდნა ყველას არ ხელეწიფება. ჰაიდეგერი ამბობს: ის ენა, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, ხურდა ფულია, გაცვეთილი, ნამდვილ ენასთან კავშირს ინარჩუნებენ დიდი მოაზროვნეები და დიდი პოეტები.

ქართული აზროვნება, ქართული ტრადიციები უარყოფილია.; იდიოტიზმია, როცა 4 მილიონიანი ერი 200 მილიონიან სახელმწიფოს ედრება. ერთხელ არავის უხსენებია ფინეთი, ნორვეგია, დანია, ხანდახან ახსენებენ ხოლმე ბალტიისპირეთს. არადა, მაგალითი უნდა აიღო შენი წონის სახელმწიფოებისგან. დიდი ქვეყნების სტრუქტურა სულ სხვანაირია. ამერიკა არის სრული ანტიპოდი ქართული სახელმწიფოსი. გამოსავალი კი მხოლოდ თვითცნობიერებაშია. დამოუკიდებლობა რას ნიშნავს? ერის შინაგანი ენერგიის გამოვლენას, ენთუზიაზმს. ეს თუ არ იქნა, რა უნდა გააკეთო?! ეს ენთუზიაზმი რომ მისცა ქართველ ხალხს, ორჯერ უფრო უარესსაც აიტანს და აუტანია კიდეც.

მარაბდის ომის შემდეგ მუსლიმანობამ ფეხი მოიკიდა ჩვენში. ფაქტობრივად, სპარსეთის ვასალი იყო ქართლი და ეს დაეტყო კულტურასაც. ჩვენი დიდებულები ფეხმორთხმით ქეიფობდნენ, ამიტომაც გაჩნდა ასეთი ტერმინი: „ქართველი ყიზილბაშები“. „ქართველი ყიზილბაშები“ იყვნენ ქართველი კომუნისტებიც, ახლა კი დამოუკიდებლობის დროს გაჩნდნენ „ქართველი ჩინგიზ-ხანები“, „ქართველი თემურ-ლენგები“. ყველაზე საშიშია ქართველი ანტიქართველი. გამოსავალი იქნება მხოლოდ მაშინ, თუ ინტელიგენციის გარკვეული შრე არ გატყდება და გააკეთებს იმას, რაც გასაკეთებელია…”