14 ივლისი, 2020

ქაქუცა ჩოლოყაშვილის ოჯახის ჯოჯოხეთი

ქაქუცა ჩოლოყაშვილის უკანასკნელი სურვილისაქართველოს ეროვნული გმირის ქაქუცა ჩოლოყაშვილის ოჯახმა იმის გამო, რომ მამას სამშობლო უყვარდა, ნამდვილი ჯოჯოხეთი გაიარა.

მისი უფროსი ქალიშვილი თამარი 7 წლის იყო, მისი უმცროსი და – ქეთევანი კი მხოლოდ 3 წლის, როდესაც დედასთან – ნინო მეღვინეთუხუცესთან ერთად პირველად დააპატიმრეს. ეს იყო მათი ჯოჯოხეთური ცხოვრების დასაწყისი, რადგან ქაქუცას ოჯახმა ცხოვრების ნახევარზე მეტი დაპატიმრებებში, ტანჯვაში და წამებაში გაატარა.

თამარს დაკითხვებზე რეზინის ჩექმებს პირდაპირ სახეში ურტყამდნენ, გონების დაკარგვამდე სცემდნენ, დერეფანში თმებით მიათრევდნენ… მამაზე, თავის მეგობარ ცისფერყანწელებზე და ლევან გოთუაზე მათთვის სასარგებლო ჩვენებების დაწერას სთხოვდნენ.

არაერთი დაპატიმრებისა და დაკითხვისას არასასურველი შედეგის მიღების შემდეგ, ქაქუცას მეუღლეს ნინოს და შვილს თამარს დახვრეტა მიუსაჯეს, მაგრამ ბოლო მომენტში სასჯელი გადასახლებით შეუცვალეს. დედა-შვილს არც გადასახლებაში ჰქონდა დალხენილი ცხოვრება, უკიდურესი გაჭირვება და თავის გადარჩენისთვის ბრძოლა არა და არ სრულდებოდა.

გადასახლებიდან თბილისში დაბრუნებულებს კიდევ უფრო გაუჭირდათ თავის დამკვიდრება. ხელსაქმით ცდილობდნენ ლუკმა-პური ეშოვნათ, მაგრამ არც გაჭირვებულებს ივიწყებდნენ და მათხოვრებს ყოველთვის ეხმარებოდნენ.

საფრანგეთში წასულ ქაქუცა ჩოლოყაშვილს კი ოჯახის ნახვა არ ეღირსა. ის ემიგრაციაში 42 წლის ასაკში ბრძოლებში მიღებული ჭრილობების გართულების შედეგად გარდაიცვალა. თუმცა ქართველები, ვინც მასთან ერთად საფრანგეთში ცხოვრობდნენ, ამტკიცებდნენ, რომ საქართველოს ეროვნული გმირი სამშობლოს მონატრებამ შეიწირა.

ქაქუცა ჩოლოყაშვილის ოჯახის ჯოჯოხეთი