19 ივლისი, 2020

ის, რაც ელენე ყიფშიძეზე უნდა იცოდეთ

ის, რაც ელენე ყიფშიძეზე უნდა იცოდეთმსახიობ ელენე ყიფშიძეზე ბევრ საინტერესო ისტორიას ყვებოდნენ, ახლაც ყვებიან და მომავალშიც აუცილებლად მოყვებიან, რადგან ეს უნიჭიერესი ქალბატონი მსახიობად იყო დაბადებული.

ელენე ყიფშიძე აკაკი კუჭუხიძემ საინტერესო ისტორიებით გაიხსენა:

“სრულიად ახალგაზრდა ჩაირიცხა მარჯანიშვილის თეატრის დასში. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც ყველა ბუმბერაზი მსახიობი სცენაზე იდგა, თვით ელისაბედ ჩერქეზიშვილიც კი.

ერთხელ ლენამ მიამბო, – ლიზა ბაბომ რომ გაიგო, მე სოფიო ყიფშიძის შთამომავალი ვიყავი (ქართული თეატრის კორიფე, ანკარას ფსევდონიმით ცნობილი), გვერდიდან არ მიშორებდაო. მიყვებოდა სპექტაკლის (ხანუმა) შესახებ, რომელიც საგურამოში ითამაშეს და ილიას სახლის ამბებს, სადაც ის დიდმა მსახიობმა დილით, ჩასვლისთანავე წაიყვანა. მასთან დიალოგიც გაიხსენა, (იცი შვილო, ჩემი ქმარი ნიკო ხიზანიშვილი ილიას მეგობარი იყო და ამ კაკლის ქვეშ მეც ხშირად ვყოფილვარ ილიას გამართულ სადილზეო).

ამ დიდი ტრადიციების მქონე თეატრში ლენასთვის რთული იყო საკუთარი ადგილის პოვნა, მაგრამ მისი ელვარე ნიჭის წყალობით ადგილიც დაიმკვიდრა და გარდასახვის დიდოსტატის სახელიც მოიპოვა, – ნუცქია, ლილი, მადმუაზელ კუკუმ, მაგდა, სალომე, ნენე, ებოლი, აღაზა, მაია წყნეთელი, სონა, კეკელა ხუხლიაშვილი, ფოფია და ვინ მოთვლის კიდევ რამდენი დაუვიწყარი სახე…

აქვსენტი ცაგარელის „ოინბაზში“ ტიგრან ჰოპოპიანცი (ვასო გოძიაშვილი) ტანგოს ასწავლიდა სონას (ელენე ყიფშიძე). რადგან ბატონ ვასოს ფეხი უკვე ძალიან აწუხებდა (მისი ბოლო სეზონი იყო), ლენას სთხოვდა ცეკვის დროს ორივე ხელით მოჰხვეოდა და ტრიალში დახმარებოდა. კულისებში ვიდექი და ვხედავდი ლენას, როგორ აბზრიალებდა ტიგრანს სცენაზე. „ანტრაქტზე“ ბატონი ვასო ეხუმრებოდა ლენას, – ეს რა მიქენი კაცო, პროპელერივით დამაბზრიალე, მეგონა პარტერში გამაფრენდი, ვაა, შენა ვინა ყოფილხარ ვაი?!.. შემდეგ კი კულისებში ბევრს იცინოდნენ.

კეკელას და სონას როლებში ლენა შეუდარებელი გახლდათ, არადა ერთ საღამოს ორი ასეთი, რადიკალურად განსხვავებული როლი ითამაშო, ეს მხოლოდ მას შეეძლო. სპექტაკლის შემდეგ ლეგენდარული ფეხბურთელი ბორის პაიჭაძე ხშირად ეპატიჟებოდა მსახიობებს მუშტაედის ბაღთან, რესტორან „ნად კუროიზე“.

კიტა ბუაჩიძის „ეზოში ავი ძაღლიამ“ დიდი წარმატება მოუტანა ლენას. სამი საათის განმავლობაში „ტალშინკა“-ში ჩაცმული მსახიობი თითქმის არ გამოდიოდა სცენიდან. ფოფიას გროტესკულ სახეს მაყურებელი ისტერიკამდე მიჰყავდა, განსაკუთრებით კი ძაღლის დაკბენის სცენას, რომლის დროსაც სიცილისგან გულწასული მაყურებელი სასწრაფოსაც წაუყვანია.

მახსოვს, ერთხელ ლენამ სპექტაკლი გააცდინა, რაიონში იყო დაკრძალვაზე და უამინდობის გამო ვერ ჩამოვიდა. თეატრის დირექტორმა სამი თვით მოხსნა ხელფასიდან, ამ სამი თვის განმავლობაში კი დრამატურგი კიტა ბუაჩიძე, საკუთარ ჰონორარს უხდიდა.

ქართული კინო არ წყალობდა ამ დიდ მსახიობს, მინდა გითხრათ, რომ არც ლენა იკლავდა თავს. ის იყო თეატრის მსახიობი, ბოლომდე დარჩა მის პატრიოტად და შეეწირა კიდეც მას.

ერთ-ერთ ბოლო სპექტაკლში, ავანსცენაზე „ლუქიდან“ ამოდიოდა. ბედად მისი სახურავი თავზე დაეცა. დაცემის დროს კბილმა ენა ჩაუჭრა და ქსოვილი დაუზიანა. რაღაც პერიოდის შემდეგ, იმ ადგილას განუვითარდა ავთვისებიანი სიმსივნე. დაიწყო ხანგრძლივი მკურნალობა. სახლში ჩაიკეტა.

მივედი სანახავად. დების, ნინას და ქეთოს გამომცხვარი ვაშლის ღვეზელი გამომიტანა და მთხოვა – მე ვერ ვჭამ და შენ მაინც გასინჯეო. ჩაი დამისხა და თეატრზე საუბარიც დავიწყეთ. განიცდიდა თეატრი რომ კარგავდა რაღაც მნიშვნელოვანს, ამაღლებულს და რაც მთავარია ნიჭიერ ხალხს. ამბობდა, რამდენი ხანია როლი არ მიმიღია, ისე კი მინდოდა ერთხელ თემურთან მემუშავაო (ჩაიცინა), ვინ მოუშვებს ჩემამდეო. გამომიტანა პარკით კამფეტები, შენს ბიჭებს წაუღეო. ვიუარე, თქვენ მოგიტანეს და მე როგორ წავიღო-მეთქი. ადგა და პიჯაკის ჯიბეში ჩამიტენა.

დიდი მსახიობი იყო, ყველაფერში მაგარი ქალი იყო. არ მავიწყდება როგორ თამაშობდა მარგოს ლალი როსებას პრემიერაში, ის სავსე იყო დრამატიზმით, ან კარაპეტა როგორ აჯადოვებდა თავის ცეკვა-სიმღერით მაყურებელს. საიათნოვას კი მასავით ვერავინ კითხულობდა. თეატრმა ბენეფისი გადაუხადა, მაშინ ამბობდნენ – ერთი ნოდარ ჩხეიძის ბენეფისი დარჩა ისტორიაში და მეორე – ლენა ყიფშიძისო. სამი საათი გრძელდებოდა საღამო, ყველა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, არც ერთის სახე ერთმანეთს არ ჰგავდა. ყვავილებით სავსე იყო სცენა და კულისები, ოვაციებს ბოლო არ უჩანდა. ფოიეში დიდი სადღესასწაულო სუფრა იყო გაშლილი სადაც მთელი ქართული თეატრი ქეიფობდა…

2004 წლის პირველ აგვისტოს გარდაიცვალა. ოთარ მეღვინეთუხუცესმა თქვა – თეატრიდან თეატრი წავიდაო. მთელი დღე დიდუბის პანთეონში დადიოდა, ეძებდა ადგილს ლენასთვის, რომელიც ბოლოს თენგიზ აბულაძის ბროწეულის ხის ქვეშ აღმოჩნდა. დიდუბის ტაძრიდან გამოვასვენეთ, მთელი თბილისი აცილებდა ნამდვილ ვარსკვლავს და სახალხო არტისტს.”