2 ივლისი, 2020

გეიდარ ფალავანდიშვილის გაცოცხლებული გურამ რჩეულიშვილი

გეიდარ ფალავანდიშვილის გაცოცხლებული გურამ რჩეულიშვილიმსახიობ გეიდარ ფალავანდიშვილს რეჟისორმა გიორგი შენგელაიამ უდიდესი პასუხისმგებლობა დააკისრა – ფილმში “ალავერდობა” გურამ რჩეულიშვილის განსახიერება. ეს როლი მისთვის ასმაგად განსაკუთრებული იყო, რადგან პირველდ რიგში, თამაშობდა ყველასთვის საყვარელ მწერალს და მეორე რიგში – საკუთარ ცოლისძმას.

მხატვარ ზურაბ ნიჟარაძეს მიაჩნია, რომ მსახიობს მწერლის როლი საერთოდ არ უთამაშია, რადგან თვითონაც სწორედ ისეთი იყო, როგორიც “ალავერდობის” მთავარი გმირი.

“მთვარის მოტაცება”, ფერისცვალება”, “ალავერდობა”, ვედრება” – ეს ის ფილმებია, რომლებშიც გეიდარ ფალავანდიშვილმა მიიღო მონაწილეობა. არ იყო მარტივი მისი როლებზე დათანხმება.

გიორგი შენგელაიამ ზღვაზე ჩააკითხა და სთხოვა მის ფილმში “ალავერდობა” მთავარი როლი ეთამაშა. მსახიობის დათანხმება ადვილი არ აღმოჩნდა, თუმცა რეჟისორმა საწადელს მიაღწია. როგორც ამბობენ, გაოცებას ვერ მალავდა ცხენოსანი, რომელიც მსახიობს ცხენზე ჯდომას და ჭენებას ასწავლიდა, რადგან პირველივე ცდაზე ისე გააჭენა ცხენი, თითქოს გამოცდილი მხედარი იყო.

გეიდარ ფალავანდიშვილი 74 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა, თუმცა სიცოცხლის ბოლო წუთამდე არ დაუკარგავს მთავარი – სიყვარულის უნარი, რომელიც მისთვის ყოველთვის ყველაზე ძვირფასი იყო.