საინტერესო ამბავი აკაკი წერეთლის ცხოვრებიდან

საინტერესო ამბავი აკაკი წერეთლის ცხოვრებიდანპოეტისა და მწერლის აკაკი წერეთლის ცხოვრებიდან ერთ-ერთ საინტერესო ამბავს იოსებ იმედაშვილი იხსენებდა:

აკაკი მივიდა ერთ-ერთი ჟურნალის რედაქციაში, რომელთანაც უფასოდ თანამშრომლობდა, ჰონორარს არ იღებდა.

– იოსებ, თვალი დაუდგეს სიღარიბეს, მოულოდნელად სამი მანეთი დამჭირდა, ეგება მიშოვო, მალე დაგიბრუნებთ, – უთხრა აკაკიმ იოსებ იმედაშვილს, რომელიც ჟურნალის რედაქტორი იყო.

– დაბრძანდით, ახლავე, – უთხრა იოსებმა და ფოიეში გავიდა, სადაც ნიკო ქართველიშვილი შეხვდა:
– ბატონო ნიკო, იქნებ ახლაც მიშველოთ, სამი მანეთი მჭირდება.
– რისთვის?
– აკაკი მობრძანდა.
– აკი გითხარი, ჩემო იოსებ, ეს აკაკისეული ხერხია, თითქოს ჰონორარი არ უნდა, ბიჭი ხარ და სრულად ნუ გაუსწორებ ვალს, – მითხრა და სამმანეთიანი მომცა.
ფული აკაკის გადავეცი, მან კი მადლობა გადამიხადა და წავიდა.
მაშინვე გამოვიანგარიშე, რა თანხა ეკუთვნოდა აკაკის რედაქციიდან, რომ როგორმე ვალი გადამეხადა.

გავიდა ერთი კვირა, აკაკი რედაქციაში ისევ მოვიდა, თან შვილი ახლდა.
– გაიცანი ჩემი საყვარელი რედაქტორი, – უთხრა მან ალექსის.
– ესეც ჩემი შვილი ალექსი, – მომიბრუნდა მე.
ალექსი მაშინ 35-40 წლისა იქნებოდა, ქერა, წვერულვაშიანი.
– მცირე სათხოვარი მაქვს, – მითხრა აკაკიმ.
– ბრძანეთ! – ვუთხარი და ვიფიქრე, ისევ ფულს მთხოვს-მეთქი.
– ერთი საათი შემომწირეთ, მთაწმინდაზე უნდა გამომყვეთ, დიმიტრი ყიფიანის ხსოვნის პანაშვიდია.
– დიდი სიამოვნებით, – მივუგე და რედაქცია დავკეტე.
– გმადლობ, მითხრა აკაკიმ, ხელი ჩამომართვა და ვიგრძენი, ნაკეცი ქაღალდი ჩამიდო.
– რა არის?
– თქვენი ვალი.
– რის ვალი, რა ვალი, ბატონო აკაკი, განა თქვენს ვალს როდისმე გადავიხდი? – უკანვე გავუწოდე.
აკაკიმ ხელი დამიმუჭა და ალექსის უთხრა:
– მივდივართ!
ძალიან შევწუხდი ჩემი ფიქრის გამო.
მთაწმინდაზე ერთმანეთს რომ დავშორდით, აკაკიმ ისევ გადამიხადა მადლობა, დრო რომ არ დავზოგე და ვეახელ, თუმცა მადლობის გადახდა მე მევალებოდა.

წავიდა. მე კი გული ჩამწყდა, ამ დიდბუნებოვან, უანგარო კაცს ანგარება რომ დავწამეთ მე და ნიკო ქართველიშვილმა. ვფიქრობდი:

– გულთმისანი ხომ არ არის, ხომ არ შემატყო, რას ვფიქრობდი მასზე, მაგრამ არა, ის მუდამ უანგარო იყო, ვერცხლის არმოყვარული, რაც ეკუთვნოდა, ხშირად იმასაც ვერ იღებდა, ზოგჯერ მისი სახელით ფულსაც კი აგროვებდნენ, მაგრამ მიცემით კი არაფერს აძლევდნენ და თუ ჰქონდა რამე, არავისთვის იშურებდა, ამიტომაც იყო მუდამ ჯიბეცარიელი.