17 ივნისი, 2020

ნანა მჭედლიძე “იმერულ ესკიზებზე”

ნანა მჭედლიძე "იმერულ ესკიზებზე"რეჟისორი ნანა მჭედლიძე და მისი ფილმი “იმერული ესკიზები” თავისი გულწრფელობისა და სილაღის გამო განსაკუთრებით უყვარს მაყურებელს. თუ მთელი ფილმი არა, ფრაზები ფილმიდან ათასობით მაყურებელმა ნამდვილად ზეპირად იცის.

ნანა მჭედლიძის ბავშვობის საუკეთესო მოგონებებად აკინძულ ფილმზე რეჟისორი ყოველთვის დიდი სიყვარულით საუბრობდა:

“არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებდი მთავარი როლის შესრულებას. ეს აზრადაც არ მომსვლია. ამ როლისთვის გონებაში სესილია თაყაიშვილი მყავდა, მაგრამ მოხდა ისე, რომ სესილია ავად გახდა და მისი გადაღება ვერ მოხერხდა.

შემდეგ ვიფიქრე, ამ როლს ქეთევან ბოჭორიშვილს ვათამაშებ-მეთქი, რომელიც “ჯარისკაცის მამაში” სერგო ზაქარიაძის ცოლის როლს ასრულებს. გავიარეთ გორში და დავინახე, ეს ქალი ყავარჯნებით მოდის, დაცემულა და ფეხი მოუტეხია. დიდ საგონებელში ჩავვარდი…

იმ პერიოდში, როდესაც დასავლეთ საქართველოში მარიამ ბებიას როლის შემსრულებელს ვეძებდი, გადამღებ ჯგუფთან ერთად იყო რეზო ესაძე, მან მითხრა, შენ თვითონ ითამაშეო. ჯგუფის დირექტორმაც მითხრა, მოსინჯე შენი თავი და თუ არ მოგეწონება, ნუ ითამაშებო.

პირველი სასინჯი გადაღება იყო ის ეპიზოდი, “ოტელოს” წარმოდგენა რომ იმართება. შევხედე მასალას, მომეწონა, ვიფიქრე, არა უშავს-მეთქი, სხვებს უფრო მეტად მოეწონათ და ასე დავრჩი ფილმში.

არ ვიცი მაყურებელს რამდენად მოეწონა, მაგრამ ახლაც მიმაჩნია, რომ ეს ჩემი მხრიდან დიდი კადნიერება იყო.”