13 ივნისი, 2020

მაღალაანთ ეკლესიას ასე მოპყრობა არ ეკადრება

მაღალაანთ ეკლესიას ასე მოპყრობა არ ეკადრებაXII-XIII საუკუნის მიჯნაზე აშენებული ულამაზესი ძეგლი – მაღალაანთ ეკლესია, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლია, არასახარბიელო მდგომარეობაშია.

ინფორმაციას ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი ავრცელებს:

“კომენტარების და შეფასებების გარეშე ვწერ ამ ამბავს, კასპის რაიონში, მაღალაანთ ეკლესიის სიახლოვეს არსებულ ვითარებაზე. ეს პრობლემა გასული წლის გაზაფხულზე გავაშუქე, მეგონა წერტილი სამუდამოდ დაესვა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის.

XII-XIII საუკუნის მიჯნაზე აშენებული ულამაზესი ძეგლიდან – მაღალაანთ ეკლესიიდან (ჩრდილოეთის მხრიდან) ზუსტად 90 მეტრში კასპის მერიის ორგანიზებითა და მითითებით მიმდინარეობდა მშენებლობა, რომელიც უკავშირდებოდა სოფელ წინარეხის სასმელი წყლით მომარაგებას. ამ პრობლემის ირგვლივ 2019 წლის 13 მარტს გავიგეთ და მეორე დღეს “ობიექტივიდან” მე და გიორგი წამალაძე ადგილზე ჩავედით. პირველი, რაც იქ ჩასვლისთანავე გავაკეთე, იყო ის, რომ დავრეკე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში, სადაც ზემოხსენებული სამუშაოების შესახებ არაფერი იცოდნენ. სააგენტოდან იურისტი ლევან ჭავჭავაძე და არქეოლოგი ზურაბ გიორგაძე იქ ძალიან მალე ჩამოვიდნენ.

მაღალაანთ ეკლესია არის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი, მას აქვს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია (ანუ დაცვის მაღალი მექანიზმი) და მის სიახლოვეს მსგავსი სამუშაოების წარმოება დაუშვებელია. სააგენტოს წარმომადგენლებმა – სიტყვიერი პირობა მოგვცეს (ვიდეოკომენტარიც), რომ მშენებლობა შეჩერდებოდა. ამის შემდეგ სააგენტომ კასპის მერიას ოფიციალურად მისწერა. ეს მოხდა 2019 წლის 28 მარტს.

მშენებლობა შეჩერდა. ეს პრობლემა კი განიხილა სააგენტოს შესაბამისმა საბჭომ. მათ მიერ გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე მოგვიანებით მშენებლობა განახლდა და დასრულდა.

მე მეგონა რომ ეს პრობლემა წერტილდასმული იყო და როგორც მოგახსენეთ, ეს ასე არ აღმოჩნდა – 2020 წლის 13 ივნისს სოფელ წინარეხიდან ფეისბუქით მომწერა ნელი მამასახლისმა და აი, რა მიამბო:

კომპანიამ, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით წყლის რეზერვუარს აშენებდა, სამუშაოები დაახლოებით ერთი წლის წინ დაასრულა. ამ სამუშაოების შედეგად სოფელ წინარეხში უნდა მოგვარებულიყო სასმელის წყლის პრობლემა, მაგრამ რეზერვუარის მშენებლობის დასრულების შემდეგ შესაბამისმა სამსახურებმა თავისი ფუნქცია არ შეასრულეს და ამჟამად სოფელ წინარეხს ტალახისფერი, სუნიანი წყალი მიეწოდება.

რაც შეეხება ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიასთან არსებულ მდგომარეობას – კასპის მერიამ გასულ წელს თავის თავზე აიღო ახლადაშენებული რეზერვუარის მიწით დაფარვა და იქაურობისთვის მესერის შემოვლება, მაგრამ არც ერთი გააკეთეს და არც მეორე – მიწა მიიტანეს, ზვინებად დაყარეს; იქაურობისთვის მესერის შემოვლება არც უცდიათ.

მე ამჯერადაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში დავრეკე – ბატონ ლევან ჭავჭავაძეს ვესაუბრე და წინარეხიდან გამოგზავნილი ფოტომასალაც მივაწოდე. უახლოეს დღეებში კვლავ შევეხმიანები და გაგაგებინებთ რამდენ ხანში და როგორ გამოსწორდება ვითარება.”

მაღალაანთ ეკლესიას ასე მოპყრობა არ ეკადრება