22 მაისი, 2020

ნაირა გელაშვილი ირაკლი ფარჯიანზე

ნაირა გელაშვილი ირაკლი ფარჯიანზემწერალი ნაირა გელაშვილი მხატვარ ირაკლი ფარჯიანზე საუბრისას ყოველთვის აღნიშნავს მისი მეუღლის – ასმათ ფიცხელაური-ფარჯიანის უდიდეს როლს:

“ირაკლის შემოქმედების ძირითადი შტრიხები მაშინ იკვეთებოდა, როცა გავიცანი. ეს, დაახლოებით, 1977-78 წლები იყო. ასმათი, მისი მეუღლე, ჩემი სტუდენტი გახლდათ. ირაკლიმ და ასმათმა ერთმანეთი ჩემს სახლში გაიცნეს. ორივე ძალიან მიყვარდა, მაგრამ ასმათი უფრო დამიახლოვდა.

გაცნობისთანავე შინაგანად მიეჯაჭვნენ ერთმანეთს. მე კი არ მინდოდა, რომ ასმათი ირაკლის გაყოლოდა, რადგან ირაკლი ძალიან რთული პიროვნება გახლდათ, მიუხედავად იმისა, რომ არაჩვეულებრივი ადამიანური თვისებებით გამოირჩეოდა, რთული ხასიათის ადამიანი იყო, რთული ვითარება ჰქონდათ ოჯახში და ა.შ. ვიცოდი, ასმათს ძალიან მძიმე ტვირთი დააწვებოდა. ირაკლიმაც იცოდა, რომ მაინცდამაინც მხარს არ ვუჭერდი მათ ქორწინებას და, მგონი, ერთი პერიოდი ნაწყენიც იყო ჩემზე. მაგრამ მათი ბედი, როგორც ამბობენ ხოლმე, ცაში იყო გადაწყვეტილი და შეუღლდნენ. ახლავე მინდა გითხრათ, ირაკლი ფარჯიანმა 1991 წლამდე რომ იცოცხლა, ეს ასმათის დამსახურებაა. მას არც ერთი წუთი და საათი არ უცხოვრია თავისთვის. აცოცხლა ქმარი, რომელიც იმხანად უკვე სერიოზულად იყო ავად. აქ ჩვეულებრივი ძალისხმევით არაფერი გამოვიდოდა, ირაკლის გვერდით უნდა ყოფილიყო ადამიანი, რომელიც დღედაღამ მასზე იფიქრებდა. ასმათი დღედაღამ ფიქრობდა ირაკლის სულზე და მის ჯანმრთელობაზე. დღედაღამ წამლებს ეძებდა, მთელი საქართველო და გერმანია შეაჯერა, თუკი რაიმე სამკურნალო წიგნი იყო – ოფიციალური და არაოფიციალური მედიცინა, ფიტოთერაპია. ვისთან აღარ ჰქონდა კავშირი, რას არ აკეთებდა. ეს იყო წარმოუდგენელი, რასაც მე ვუყურებდი და რაც ჩემს სიახლოვეში ხდებოდა.

ირაკლი ამას აფასებდა. მას სხვადასხვა სანატორიუმებში უხდებოდა ყოფნა. ასმათი მიყვებოდა ხოლმე, დააბინავებდა, მერე ბავშვთან ბრუნდებოდა და იყო ასე გადებული ქმარსა და შვილს შორის. ვფიქრობ, ის არის სამოქალაქო გმირობის, ადამიანური გმირობის, ქალური გმირობის მაგალითი. ძალიან ბევრი პრობლემა ჰქონდათ – არც ფინანსურად ულხინდათ, არც არანაირად, ბინის პრობლემა ჰქონდათ და, მიუხედავად ამისა, ეს ადამიანი ცხოვრების ყველა დარტყმას არაჩვეულებრივად მშვიდად და მყარად იღებდა თავის თავზე, ფარივით იყო ჩამდგარი ირაკლისა და ცხოვრებას შორის.

ერთხელ ირაკლიმ ტელეფონით დამირეკა აბასთუმნიდან და მე ვუთხარი: ასმათი იყო ჩემთან, გელოდა, გელოდა, მაგრამ აღარ შეიძლებოდა, ბავშვთან უნდა წასულიყო და თვალცრემლიანი წავიდა, რომ არ დარეკე-მეთქი (მაშინ თბილისიდან აბასთუმანში ვერ ვრეკავდით). და ირაკლის აღმოხდა: “ვენაცვალე… ეგ ხომ სულ მელოდება და ხომ სულ დამელოდებაო.” მისი ხმა ახლაც ყურებში მიდგას. ასეთი ურთიერთობა ჰქონდათ – ძალიან სავსე და ინტენსიური, ერთდროულად ძალიან მწუხარე და ძალიან ბედნიერი. ამ ურთიერთობამ შექმნა ორივე.

მინდა გითხრათ, რომ ასმათი ირაკლიზე არანაკლებ ნიჭიერი ადამიანია. ჩემი სტუდენტი იყო და ამიტომ ვიცი მისი შესაძლებლობები – ეს არის ძალიან საინტერესო და კარგი გერმანისტი, მთარგმნელი, განათლებული ადამიანი, რომელიც სულიერად სულ ვითარდებოდა და ვითარდება. ეს ორი ადამიანი ერთმანეთს ზრდიდა. ამ თვალსაზრისით ნამდვილი კავშირი იყო. ასმათს შეეძლო კარგი წიგნები დაეწერა და ბევრი რამ ეთარგმნა, განსაკუთრებით – სულიერი სიფაქიზის თვალსაზრისით ძნელად სათარგმნი წიგნები, მაგრამ თავისი შესაძლებლობების მინიმუმს ახორციელებდა იმიტომ, რომ ირაკლის ჰქონოდა სრული თვითრეალიზაციის პირობები. მერე ბავშვი გაჩნდა და მათ ცხოვრებაში პრობლემა პრობლემას ემატებოდა. ძლივს შეიძინეს ბინა და როცა ირაკლი გარდაიცვალა, ამ მხრივ მაინც იყო მშვიდად, ცოლ-შვილს ბინა და სახელოსნო რომ დაუტოვა.

ბოლოს, როდესაც ძალიან ცუდად გახდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს, 1991 წელი ილეოდა, არც ტრანსპორტი იყო ქალაქში, არც შუქი, თბილისში ჯოჯოხეთური დღეები იდგა. მახსოვს, ძლივს მივაღწიე საავადმყოფომდე. სახლში ღვთისმშობლის საოჯახო ხატი მქონდა, რომელიც ჩემი მეუღლის, გივი მარგველაშვილის ოჯახს ეკუთვნოდა – ძველი, გაცრეცილი, ხეზე ნახატი ღვთისმშობელი, რომელსაც ავადმყოფს აძლევდნენ და ხელში უნდა სჭეროდა ან თავისთან ახლოს დაედო.

საავადმყოფოში რომ მივედი, ეს ხატი მივუტანე ირაკლის. ეძინა. მისი მეგობარი ანზორი დამხვდა და მითხრა, გავაღვიძებო. არ გავაღვიძებინე, ვთხოვე, ხატი ახლოს დაუდე და უთხარი, რომ მე მოვუტანე-მეთქი. რომ გაუღვიძია, უსაყვედურია, რატომ არ გამაღვიძეო, რადგან ნაირამ მოიტანა, ამ ხატს ალბათ ძალა ექნებაო. ერთი რამ დანამდვილებით ვიცი, ირაკლი ძალიან მშვიდად გარდაიცვალა, სახეზე ღიმილით. თვითონ ავადმყოფობის პერიოდში, რა თქმა უნდა, ძლიერ იტანჯა, მაგრამ გარდაცვალების დროს არ უწვალია.”