27 მაისი, 2020

მოუსმინეთ დათა თავაძეს

მოუსმინეთ დათა თავაძესმსახიობი და რეჟისორი დათა თავაძე თეატრების სამომავლო ცხოვრებაზე საუბრობს:

“განცალკევებული მაყურებელი პირბადეებით, ხელთათმანებით, მაყურებლისთვის სიცხის გაზომვა შესასვლელში, მათი სახელებისა და ტემპერატურის ჩაწერა, რიგ-რიგობით მიცილება ადგილებამდე, რაღაც პარკებში გახვეული კაპელდინერები, ფოიეების გადაკეტვა, მსახიობებს შორის დისტანცია, ტუალეტების გაუქმება, ყოველი სპექტაკლის შემდეგ შენობის დეზინფექცია და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ თქვენი მოუშორებელი ნერვული ტიკები, მავნე ჩვევები, რომლებსაც ტრადიციასა და კულტურას არქმევთ, ეს ქედმაღალი კეკლუცობა, ოდნავადაც არ დათმოთ. [და აი, ამ ჯოჯოხეთის წრეების გავლის შემდეგ, რას ახვედრებთ მაყურებელს სცენიდან ამაზე შთამბეჭდავს, ეს მაინტერესებს ძალიან…?] ჩვეულებრივი მარაზმია ამ ხავერდის სკამებზე ჩაჭიდება.

ვწუხვარ, რომ ძალიან ბევრი მთელ მსოფლიოში, იმ მავნე და ყოვლად უთანასწორო სისტემის გადასარჩენად იბრძვის, რომელიც პანდემიის ფონზე საბოლოოდ განადგურდა. მაგრამ, ამის აღიარება ისევე გვიჭირს, როგორც იმის, რომ უკვე ათწლეულებია ისედაც გვამად გადაქცეულ სტრუქტურებს ხელოვნურად ვაცოცხლებდით ამ სფეროში. იმ ძვირადღირებული მავნებლობის შენარჩუნებაში უფრო დიდი ენერგია იხარჯება, რამაც სინამდვილეში მოკლა თეატრი, იმ ჩვევებისადმი ერთგულების მოსაწყენი, უსაფრთხო რიტუალების, სადაც თეატრი აღარ არის იდეა, არამედ ცარიელი შენობაა, ვიდრე რაიმე ჯანსაღი გამოსავლის ძიებაში.

თეატრი ყველგანაა და ყოველთვის შეიძლება “მოხდეს” – დიახ, “მოხდეს”, რადგან თეატრი არის შემთხვევა, რომელსაც თვითმხილველი ჰყავს და არა მაყურებელი, მითუმეტეს, საერთოდ არ ითხოვს ე.წ. “მომზადებულ მაყურებელს”, “განათლებულ მაყურებელს”, ან “პროფესიონალ მაყურებელს”…

ვგრძნობ, რაც მკვდარია, ის საბოლოოდ დაიმარხება, იმიტომ რომ არ არსებობს ადამიანი, ვისაც ასეთ გარემოში სისტემურად ყოფნა რაიმე სიამოვნებას მიანიჭებს. მეორე მხრივ, რაც ნამდვილია თეატრში, ის მაინც აუცილებლად გადარჩება. ისევე გადარჩება ცოცხალი ხელოვნება, როგორც გადარჩება სიცოცხლე. უბრალოდ, ჩვენ სიცოცხლე დიდად არ მოგვწონს ხოლმე, სამწუხაროდ, როგორც იტყვიან, ყოველთვის ცოტა ცხოვრება უფრო გვერჩივნა…”