30 აპრილი, 2020

ვარინკა და აკაკი წერეთლების განსაკუთრებული ისტორია

ვარინკა და აკაკი წერეთლების განსაკუთრებული ისტორიაცნობილი პოეტისა და მწერლის აკაკი წერეთლისა და ცნობილი მომღერლის ვარინკა წერეთლის წარმატებული თანამშრომლობის შედეგია სიმღერა “სულიკო”, რომელიც დღეს მთელ მსოფლიოში სხვადასხვა ენაზე სრულდება.

აკაკის ლექსი “სულიკო” პირველად ჟურნალში “კვალი” დაიბეჭდა. იგი ხშირად სტუმრობდა ვარინკას და ერთხელაც სთხოვა, “სულიკოსთვის” მელოდია დაეწერა.

ვარინკამ პოეტის თხოვნა შეასრულა და დაწერა მელოდია, რომელიც დღეს ყველამ ძალიან კარგად იცის.

როდესაც აკაკიმ სიმღერა მოისმინა, ძალიან მოეწონა და მადლიერების ნიშნად ვარინკას თავისი ფოტო გაუგზავნა, თან წააწერა: “ჩემს ბულბულს – აკაკისგან”.

ვარინკა აკაკისთან დაკავშირებით იგონებდა:

“საჩხერეში ყოფნის დროს აკაკი ძალიან ავად გამხდარა. ამბის გაგებისთანავე მისი სახლისკენ გავეშურე.
იმ დღეს აკაკის სანახავად ჩამოვიდა საზოგადო მოღვაწეების მთელი ჯგუფი. კარებშივე შემომეგებნენ ვანო მაჩაბელი და მისი მეუღლე ტასო, რომელმაც მაშინვე თქვა, აბა, ჩქარა, გიტარა მოიტანეთ, მხოლოდ ვარინკას სიმღერა მოარჩენს აკაკისო.

ფეხაკრეფით შევედით აკაკის ოთახში. ის თვალდახუჭული იწვა. ერთ გვერდზე მე დავუჯექი, მეორეზე – ტასო… მე ჩუმად დავიწყე სიმღერა. პირველად ვუმღერე მისი საყვარელი “სანამ ვიყავ ახალგაზრდა”, შემდეგ ამას სხვა სიმღერა მივაყოლე, ვმღეროდი კრინით, დაბალი ხმით, რომ დიდი მგოსანი არ შემეწუხებინა.

ცოტა ხნის შემდეგ აკაკი გადმობრუნდა, თავისი დიდი თვალები შემოგვანათა და ირგვლივ რომ თავისი მეგობრები დაინახა, გაიღიმა…

ვანომ იხუმრა, აკი ვთქვი, ვარინკას სიმღერა მოარჩენს-მეთქი. იმ დღეს აკაკისას დიდი ლხინი გაიმართა.”

ამ დღის ისტორია აკაკი წერეთელმა თავის ლექსში “რამ მომარჩინა” აღწერა, რომელიც ვარინკა წერეთელს მიუძღვნა.

1898 წელს მაჩაბლების სახლს ინგლისური ფირმა „ფონოგრაფი” ესტუმრა, რომელმაც გრამფირფიტაზე ვარინკა წერეთლის „სულიკო” ჩაწერა.