6 აპრილი, 2020

ვახტანგ ჭაბუკიანის ყველაზე ტრაგიკული სპექტაკლი

ვახტანგ ჭაბუკიანის ყველაზე ტრაგიკული სპექტაკლიროგორც ამბობენ, ქართველი ბალერონის ვახტანგ ჭაბუკიანის ყველაზე ტრაგიკული სპექტაკლი მისი გარდაცვალება იყო. დარბაზი კი ტაშს უკრავდა და სიამაყით “ბრავოს” ყვიროდა.

გამორჩეული ხელოვანის გულისცემა 1992 წლის 6 აპრილს შეწყდა. მისი გარდაცვალებით ნამდვილად დასრულდა ეპოქა დიდი რეფორმისა, რომელმაც მსოფლიო საბალეტო ხელოვნება სულ სხვა საფეხურზე აიყვანა.

ვახტანგ ჭაბუკიანმა საბალეტო ხელოვნებაში რადიკალურად განსხვავებული როლი შემატა მამაკაცის ცეკვას, მის ტექნიკას, უფრო მეტად წარმოაჩინა მისი ვაჟკაცური სული, გმირული სულისკვეთება.

ცეკვა იყო მისი ცხოვრების აზრი, ყველა მოძრაობაში იგრძნობოდა კარგი გააზრება და ხანგრძლივი ფიქრი, პლასტიკა კი უმაღლეს დონეზე იყო წარმოჩენილი.

ბალერონმა მსოფლიოსათვის ქართული ნიჭის ძალა მთელი თავისი ბრწყინვალებით დაანახა. მის მიერ აღზრდილი თაობები და საბალეტო ხელოვნების მოყვარულები ვახტანგ ჭაბუკიანის ფენომენზე კიდევ დიდხანს ისაუბრებენ.

იგი მეტეორივით შემოიჭრა მსოფლიო ცეკვის ჯადოსნურ სამყაროში, დამსახურებულად და ღირსეულად დაიკავა უმაღლესი მწვერვალი და საბოლოო განსასვენებელი მთაწმინდის პანთეონში დაიმკვიდრა.

მისი ფრაზა: “მე მგონია რომ რაღაც გავაკეთე” – თავმდაბლობის და უბრალოების უდიდესი მაგალითია.