2 აპრილი, 2020

ტარიელ ხარხელაურის მიძღვნა ქართველ ექიმებს

ტარიელ ხარხელაურის მიძღვნა ქართველ ექიმებსპოეტმა ტარიელ ხარხელაურმა ქართველი ექიმებს, რომლებიც ეპიდემიას მუხლჩაუხრელად ებრძვიან, ლექსი მიუძღვნა:

“როცა ქარი მძვინვარებს და მძვინვარებს სიკვდილი
და ირყევა მსოფლიო – რყევის დროს კი ცვდებიან,
სცივათ პოლიტიკოსებს… და გზას ძნელად იკვლევენ –
უკვე ბარიკადებთან ექიმები დგებიან…
როცა შავმა ღრუბლებმა სივრცე დაბლა დაჰხარეს.
იწვის მთელი პლანეტა – მზის სხივებით დნებიან,
და სიკვდილის აჩრდილიც ჩვენს ზურგს უკან ხარხარებს –
მაშინ ბარიკადებზე ექიმები დგებიან…
ვიცი, მძაფრი ტონია პოეზიის ენისთვის
და ეს თალხი ფერები იმედს ვეღარ აღვივებს,
ახლა აღარ სცალია პოეზიას ფრენისთვის
და მიწაზე ეშვება გადაღრღნილი აღვირით.
არის გაურკვევლობა, შიში აპოკალიფსის,
ეს ჯერ მოსალოდნელი შორეული ძვრებია,
ვიდრე თეთრი ხალათი არის და, ფერს არ იცვლის –
ვიდრე ბარიკადებთან ექიმები დგებიან…
ხვალინდელი მსოფლიო სულ სხვა ძალით ირწმუნებს
და ეჭვით არ შეჰხედავს უფლის გამოცხადებას…
ირწმუნებს – დედამიწა არის მცირე მიწური,
რომ სიცოცხლეს მიწაზე უფალი ჰყავს თავდებად…
ჯერ კი ქარი მძვინვარებს, ჯერ მძვინვარებს სიკვდილი
და ირყევა მსოფლიო – რყევის დროს კი ცვდებიან,
სცივათ პოლიტიკოსებს… და გზას ძნელად იკვლევენ –
ახლა ბარიკადებთან ექიმები დგებიან…”