სვიმონ ჯანგულაშვილი – “ეს ეპიდემია ღმერთმა დაუშვა”

სვიმონ ჯანგულაშვილი - "ეს ეპიდემია ღმერთმა დაუშვა"სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელი, დირიჟორი სვიმონ ჯანგულაშვილი ორ შეკითხვას სვამს, რომელიც დღეს ჩვენს საზოგადოებაში ყველაზე აქტუალურია:

“უბრალოდ, 2 შეკითხვას დავსვამ. ძალიან მარტივი შეკითხვებია, ყოველგვარი პოლიტიკური და მსოფლმხედველობრივი ქვეტექსტების გარეშე.

1. რა სინდისით ამტკიცებს ზოგიერთი ადამიანი, რომ ეკლესიას ებრძვიან და ქრისტეს აშორებენ?

ელემენტარული რაღაცაა – ეს ვირუსი არ ჩანს 7-20 დღის განმავლობაში და ამასობაში შეიძლება სხვებს გადასდო. ამის გამო, უნდა ვიყოთ სახლში. მეტი მიზეზი არაა. ამ მიზეზის საწინააღმდეგო ჯანსაღი რელიგიური და თეოლოგიური არგუმენტი არ არსებობს ბუნებაში. ქრისტიანი ვალდებულია გაუფრთხილდეს სხვების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და ამისთვის ხან აზვირთებულ ზღვაში და ცეცხლწაკიდებულ შენობაში უნდა შევარდეს და ხან უნდა იჯდეს სახლში, რომ არ გახდეს ვირუსის უნებლიე გადამტანი.

როდესაც რეალობის ლოგიკურ ანალიზს არ ვაკეთებთ და რიგი გარემოების გარეგნული მსგავსების გამო, რომანტიკულად ვამსგავსებთ ჩვენს თავებს ქრისტიანობისათვის დევნილ წარსულ თუ აპოკალიფსის პერიოდის მოწამეებს, ამას ხიბლი ჰქვია და ქრისტიანობის თამაში.

2. სამებაში რამდენიმე გუნდია – მათგან ზოგში 3-4 კაცია, ზოგში 7-9, ჩვენთან – 40. არც 3 კაცია დაზღვეული და არც – 40. ჩვენ მთელი გუნდი არ დავდივართ მსახურებაზე. ვიდრე დაგვიბარებს ეკლესია, ჩვენ ვალდებულნი ვართ ვიაროთ, ამიტომ მცირე ნაწილი მივდივართ (და ვივლით, რადგანაც ეს ჩვენი მოვალეობაა და ყველაზე მეტად გვიყვარს).

თუნდაც 3 კაცი იყოს გუნდიდან, შემთხვევით რომ გადაედოს ვიღაცისგან მათ ეს ვირუსი, ან მათგან რომელიმეს რომ ჰქონდეს და თანამგალობლებს ან მრევლს, ან სასულიერო პირებს გადასდოს, აი, ამაზე ვინ იღებს პასუხისმგებლობას? მერე რომელიმე მათგანი რომ დაიღუპოს, ჯანმრთელობა დაენგრეს, ან მათი ოჯახის რომელიმე წევრი დაიღუპოს, იმის გამო, რომ ჩვენ რეგულარულად დავდივართ წირვაზე და შეიძლება ვირუსი წავიღოთ სახლში, აი, ამაზე ვინ იღებს პასუხისმგებლობას? ან სხვა ტაძრების მგალობლებს რომ შეემთხვეთ იგივე, პატრონი ვინ გვყავს, პასუხისმგებელი ვინაა? რომელიმე მრევლი, რომელიმე მღვდელი, რომელიმე მღვდელთმთავარი, რომელიმე მონოზონი, ან საპატრიარქოს რომელიმე თანამშრომელი გააცოცხლებს დაღუპულ ადამიანს?

ზოგი ადამიანი გულწრფელადაა მინდობილი რწმენას და სწამთ სასწაულის. მაშინ, რატომ არ ილოცებენ ისინი, რომ ერთ წამში, მეყვსეულად ალაგდეს ვირუსი? რატომ არ ახდენენ ისეთ სასწაულს, რომ არ დაიღუპონ ადამიანები ამ ვირუსისაგან? რატომ არ ლოცულობენ, რომ რუსის ჯარმა დატოვოს აფხაზეთი და სამაჩაბლო და საქართველო გაერთიანდეს ტაო-კლარჯეთიდან საინგილომდე და სოჭიდან ლორემდე? ასეთი რწმენა თუ აქვთ, რომ სასიკვდინე სენი არ მოერევათ, მაშინ, რატომ არ შველიან სხვა განსაცდელებს ჩვენი ქვეყნისა?

მესმის, რომ სასულიერო პირებს გადაწყვეტილი აქვთ, რომ თავი გადასდონ და ჯვარზე ავიდნენ, მაგრამ, მათ ამასობაში შეიძლება სხვებს გადასდონ ეს სასიკვდილო ვირუსი, ან მათ მიერ დაბარებულმა მრევლმა, ჩოხოსნებმა, სტიქაროსნებმა, მედავითნეებმა, მნათეებმა, მგალობლებმა გადასდონ ერთმანეთს და სხვებს.

და ადამიანების სასიკვდილოდ გაწირვა სათნოებაა უფლის წინაშე?

გარანტია იმისა, რომ ტაძარში ვირუსი არ გავრცელდება, ან ტყვია არ მოგკლავს, არ არსებობს. სასიკვდილო საფრთხისგან დაცვა ტაძარს და წმიდა საიდუმლოებს მხოლოდ განსაკუთრებულ, გამონაკლის შემთხვევებში შეუძლიათ. ამ შემთხვევებს სასწაული ჰქვია.

მთელი ცხოვრება ეს მესმის ეკლესიაში, რომ სასწაული არ უნდა ეძებო და ადამიანი და ღმერთი ისეთ მდგომარეობაში არ უნდა ჩააყენო სპეციალურად, რომელშიც ადამიანთა შველა და გადარჩენა მხოლოდ სასწაულს შეუძლია… თანაც, არ არსებობს გარანტია იმისა, მოხდება თუ არ მოხდება სასწაული.

ყველამ ვიცით, რომ კახი კავსაძეს, ჩვენს სახელოვან მსახიობს, სასიკვდილო სენი სჭირდა და ის უწმიდეს პატრიარქთან დაკავშირებული სასწაულით განიკურნა. სასწაულები ნამდვილად ხდება და ჩემს ცხოვრებაშიც მომხდარა სასწაულები, მათ შორის, პატრიარქს და სხვა სასულიერო პირთა ლოცვასაც მოუხდენია სასწაულები… მაგრამ არა ყოველთვის, არამედ ზოგჯერ და როდის და რატომ ხდებოდა ეს სასწაულები, არავინ არ ვიცით. შეუცნობელია გზანი უფლისა…

ის, რომ კახი კავსაძე განიკურნა (ღმერთმა დიდხანს გვიმყოფოს) ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ყველას, ვისაც სასიკვდინე სენი აქვს, სიმსივნე ან სხვა მსგავსი, ვუთხრათ, მედიკოსებს არ დაემორჩილო და ტაძარში და პატრიარქთან იარე და განიკურნებიო? ზოგს ევლინება სასწაული და ზოგს – არა. ეს უფლის იდუმალი განგებულების საქმეა! ჩვენ კი, ვინც ვაღიარებთ რომ უბრალო და ცოდვილი ადამიანები ვართ, თან უნდა ვიმკურნალოთ და თან უნდა ვევედროთ უფალს, რომ გვიშველოს. როდესაც ექიმი გვეტყვის, ლოგინში იყავი, რომ დაავადება არ გადასდო, ან არ გადაგედოსო, ჩვენ ვალდებულნი ვართ დავუჯეროთ და არა წირვაზე გავიქცეთ, ნაოპერაციევნი, ან სიცხიანები, ან პოტენციურად ვირუსებიანები.

მაღაზიაში ხომ დადიხართ და ეგეთები არ გინდათ. მაღაზიაში 10 წუთი შედიხარ და ყიდულობ საჭმელს. რომ არ წახვიდე, შიმშილით მოკვდები. ეკლესიაში რომ არ წახვიდე 3-4 თვე და სახლში ილოცო, აშკარად არ მოკვდები. კი, სულიერად, ემოციურად დაიტანჯები (თუ ძალიან მორწმუნე ხარ), ძალიან მოგენატრება ეკლესია, წირვა-ლოცვა (თუ გიყვარს). მაგრამ, იმის შეგრძნება, რომ შენ ამ ტკივილს იტან იმიტომ, რომ სხვა ადამიანები, შენი მოყვასი დაიცვა ვირუსის გავრცელებისაგან, გაგაძლიერებს და მოთმინების ძალას მოგცემს. მაღაზიაში კი აუცილებლად უნდა წახვიდე იმიტომ, რომ საჭმელი მხოლოდ იქ იშოვება. ღმერთის მადლი კი ყველგანაა, და განსაკუთრებით მასთან, ვისაც საკუთარი მისწრაფებების დროებით დათმობა, მოყვასისთვის თავგანწირვა და მოთმინება შეუძლია.

ამიტომ, მე მგონია, რომ გამოსავალი ისაა, რომ მრევლი (მათ შორის ჩოხოსნები, სტიქაროსანთა შეყვარებულები და მგალობელთა ცოლები) იყოს სახლში და ტელევიზიით და სულიერად შეუერთდეს ღვთისმსახურებას.
წირვისთვის გარდაუვალად საჭირო ადამიანები კი, მათ შორის – მგალობლებიც გავიშლებოდით ტაძარში, დისტანციას დავიცავდით და საფრთხე აღარ შეგვექმნებოდა ვირუსის გადაცემის.

ყველა მგალობელს ძალიან გვინდა, რომ ვიგალობოთ ვნების კვირაში და აღდგომას და მგონია, რომ ამისთვის სჯობს, მრევლმა სახლებიდან იდღესასწაულოს.

ეს ეპიდემია ღმერთმა დაუშვა და უნდა მივიღოთ, როგორც ეპიტიმია.

P.S. ზიარების ფორმაზე მე არავინ არ მეკითხება არაფერს, მაგრამ, პირადი აზრი (რომლის ქონა და კორექტული ფორმით გამოთქმა ჩემი ქრისტიანული და ადამიანური უფლებაა) ის მაქვს, რომ სჯობდა უძველესი და იაკობის ჟამისწირვის ფორმა აღედგინათ და ღვინოში ჩაწობილი პურით ვეზიარებინეთ. იმიტომ კი არა, რომ არ მწამს ზიარების. მწამს და ვაღიარებ ჭეშმარიტ სისხლად და ხორცად უფლისად. უბრალოდ, ხალხი რომ არ დაბრკოლდეს და ეკლესიას არ ლანძღავდნენ, მხოლოდ ამიტომ. ყველა კოვზზე და ზიარებაზე ღადაობს და ამცირებს იმას, რაც არ იციან და ვშიშობ, შემთხვევით არ აღმოჩნდეს ეს იმათი ბრალი, ვინც იცის რაა ზიარება და მაინც სალაპარაკო გახადა და დასაბრკოლებელი ეს საღვთო სიწმინდე.

ისიც მინახავს, რომ მძიმე ავადმყოფებისთვის ზიარება შპრიცით მიუციათ მღვდლებს, რადგანაც სხვანაირად არ შეეძლოთ გადაყლაპვა სნეულებს და ვიცი, რომ როგორი ფორმით მისცემ მორწმუნეს ღვთაებრივ საიდუმლოს მეორეხარისხოვანია და ფორმის და ტრადიციის და კანონის დოგმატიზება არაქრისტიანულია.

უბრალოდ, გამოუვალი სიტუაციაა და სიყვარულის გამო უნდა დავთმოთ ყველამ, აბსოლუტურად ყველამ და მოვითმინოთ. საყოველთაო განსაცდელის დროს ვინც არ თმობს, ის აგებს ფართო და შორეულ პერსპექტივაში. ეს მუდამ ასეა. ვინც მოითმენს, ის მოიგებსო…”