3 აპრილი, 2020

სამების არქიტექტორის არჩილ მინდიაშვილის სასწაული

სამების არქიტექტორის არჩილ მინდიაშვილის სასწაულიწმინდა სამების საკათედრო ტაძრის არქიტექტორის არჩილ მინდიაშვილის ცხოვრება ორ ნაწილად იყოფა – სამების ტაძრამდე და მის შემდეგ. როგორც თავად შემოქმედი აღნიშნავდა, ამ ეკლესიის პროექტზე მუშაობამ მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა და საერო ნაგებობების დაპროექტებაზე უარი განაცხადა:

“ერთხელ პატრიარქმა მკითხა, ბატონო არჩილ, რა მდგომარეობაშია მშენებლობა? მიამიტურად ვუთხარი, როგორ იქნება, თქვენო უწმინდესობავ, ყველაფერი ფინანსებზეა დამოკიდებული-მეთქი. შემომხედა და მითხრა, არა, ფინანსებზე კი არა, ყველაფერი ღვთის ნებაზეა დამოკიდებულიო…

ამ პროექტის შემდეგ, თავი დავანებე ყველაფერს, საერთოდ ჩამოვშორდი საერო არქიტექტურას – საერო ნაგებობა აღარ დამიპროექტებია. უწმინდესის კურთხევით საპატრიარქოსთან შევქმენით საეკლესიო ხურთმოძღვრების ცენტრი და დავიწყეთ ეკლესიების მშენებლობა თბილისსა თუ რეგიონებში.

არც მინდა ვიფიქრო, როგორ წარიმართებოდა ჩემი ცხოვრება, რომ არ ყოფილიყო სამება. იმდენად გრანდიოზულ თემას შევეხე და ისე “მოვიწამლე”, სხვა ვერაფრისკენ ვეღარ გავიხედავდი. ამდენი წელი გავიდა და სიზმრებში ისევ იქ ვარ, რაღაც დეტალებს ვუკვირდები, ვხაზავ… დღეს რომ უკან დამაბრუნა, უმნიშვნელო დეტალების გარდა, არაფერს შევცვლიდი.

ღამით ჩემი სამუშაო კაბინეტიდან რომ გავდივარ და შევხედავ ხოლმე განათებულ სამებას, სასწაული გრძნობა მეუფლება, მით უმეტეს თუ ზამთარია და თოვს!”

პ.ს. არჩილ მინდიაშვილი 69 წლის ასაკში რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.