პოეტ გალაკტიონ ტაბიძეს არაერთხელ ატკინეს გული. ქუთაისელებმა ქართული პოეზიის მეფეს უარი უთხრეს ამ ქალაქში სახლი აეშენებინა.
გალაკტიონის მეორე მეუღლის, ნინო კვირიკაძის ძმისშვილი, ეთერ კვირიკაძე იხსენებდა, რომ პოეტს ქუთაისელებმა გული ძალიან ატკინეს:
“ერთ მშვენიერ დღეს, თუ არ ვცდები, ეს იყო 1947 წლის შემოდგომაზე, პოეტი ქუთაისში ჩამოვიდა, ცოლსა და ახლო ნათესავებს თავისი ხვაშიადი აღტაცებით გაგვანდო: ქუთაისში სახლის აშენება გადაეწყვიტა.
იმავე დღეს პარტიის საქალაქო კომიტეტის პირველ მდივანს, გრიგოლ ნარსიას ეწვია, რომელსაც თხოვნით მიმართა: ქუთაისში, ამ დიდებულ, უძველეს ქართულ ქალაქში, ჩემი ბავშვობა და ყრმობა გამიტარებია, აქვე დაისტამბა ჩემი ლექსების პირველი წიგნიც, მასთან მაკავშირებს წარსულის ბევრი დაუვიწყარი წლებიც; მინდა, ჩემი საფლავიც აქვე იყოსო. დამეხმარეთ, რომ საეზოვე ადგილი გამომიყონ, შიგ სახლი რომ ჩავდგაო.
გრიგოლ ნარსია აღფრთოვანებული, ფეხზე ამდგარი უსმენდა პოეტს და პასუხად მოახსენა, რომ თავად შეერჩია სამოსახლო ადგილი და სახლის აშენებაში დახმარებას დაჰპირდა. მეტად საოცარი ემოციის კაცი იყო გალაკტიონი, დიდმა სიხარულმა მოიცვა, მთელი ღამე თეთრად გაათენა. ვაჟას გამონათქვამიც მოიშველია, ამბობდა: “უნდა ცხოვრობდე დიდი ტყის, ან დიდი მდინარის პირასო.”
მალე რიონის სანაპიროზე, ჭომაში, საეზოვე შეარჩია. სახლის პროექტის შესადგენად ინჟინერი თუ არქიტექტორიც ინახულა და ისევ საქალაქო კომიტეტში წავიდა.
მაგრამ, მოულოდნელი რამ მოხდა, სენსაცია და კურიოზი: მდივანი სულ შეცვლილი, დაბნეული შეხვდა პოეტს, ორჭოფულად დაუწყო საუბარი, უფრო სწორად – უარით გამოისტუმრა. თურმე მაშინდელი ბიუროკრატები, მავანი და მავანი, გულგრილი ადამიანები, ჩარეულან საქმეში და მდივანზე გავლენა მოუხდენიათ.
გალაკტიონი გულნატკენი, გაფითრებული დაბრუნდა შინ, ერთ ადგილზე ვეღარ ისვენებდა, წინ და უკან გაოგნებული დააბოტებდა…”