8 აპრილი, 2020

კარანტინში შექმნილი შედევრები

კარანტინში შექმნილი შედევრებიკორონავირუსის გამო, დღეს მთელი მსოფლიო კარანტინშია, თუმცა ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პანდემიამ ადამიანები სახლებში გამოკეტა.

სხვადასხვა წლებში შავი ჭირის ეპიდემიის დროს კარანტინში მყოფმა ცნობილმა ადამიანებმა კაცობრიობისთვის ნამდვილი შედევრები შექმნეს.

ჯოვანი ბოკაჩომ თავისი ცნობილი ნაწარმოები “დეკამერონი” 1348 წელს ფლორენციაში გაჩენილი შავი ჭირის კარანტინის დროს დაწერა. ადამიანებმა უკვე იცოდნენ, რომ მხოლოდ თვითიზოლაციით გადარჩებოდნენ, თუმცა ამ დაავადებამ ქალაქის მოსახლეობის ორი მესამედი მაინც შეიწირა. მწერალს შავმა ჭირმა საყვარელი ქალიშვილი და მამა წაართვა. ჯოვანი ბოკაჩო და მისი თანამოაზრეები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ეს ღვთის რისხვა იყო.

“დეკამერონი” 101 ნოველასგან შედგება. მოქმედება ხდება ფლორენციაში, მაშინ როდესაც ქალაქში შავი ჭირი მძვინვარებს. ათი ახალგაზრდა – შვიდი ქალი და სამი ვაჟი გადაწყვეტს, გაექცეს ფლორენციაში გამეფებულ ჭირს და დრო ქალაქგარეთ, ვილაში გაატაროს. ათი ახალგაზრდა ათი დღის განმავლობაში ათ მოთხრობას ჰყვება.

უილიამ შექსპირმა 1606 წელს ლონდონში გაჩენილი შავი ჭირის დროს დაწერა “მეფე ლირი”, “მაკბეტი” და “ანტონიო და კლეოპატრა”.

მართალია 1606 წლის ზაფხულში გავრცელებული შავი ჭირი არ იყო ისეთი მასშტაბური, როგორც მისი წინამორბედები, თუმცა როგორც კი მსხვერპლი 30-ს მიუახლოვდა, ლონდონის ხელმძღვანელებმა საჯარო ღონისძიებები აკრძალეს. დაიკეტა თეატრი “გლობუსი”, რაც უილიამ შექსპირისთვის უდიდესი ფინანსური დარტყმა აღმოჩნდა. სამაგიეროდ, 42 წლის დრამატურგისთვის დაიწყო საკმაოდ ნაყოფიერი პერიოდი – ახალი ნაწარმოებების წერის ეტაპი და ასე შეიქმნა “მეფე ლირი”, “მაკბეტი” და “ანტონიო და კლეოპატრა”.

ისააკ ნიუტონის საყოველთაოდ ცნობილი თეორიებიც შავი ჭირის ეპიდემიის დროს დაიბადა.

ლონდონში 1665-66 შავი ჭირის დროს ნიუტონი კემბრიჯის უნივერსიტეტის სტუნდენტი იყო. უნივერსიტეტიდან დათხოვილი ნიუტონი მშობლიურ მამულში დაბრუნდა და არაერთი თეორია შექმნა. მათ შორისაა თეორია, რომლის დროსაც სინათლის სხივი პრიზმაში გავლისას სხვადასხვა ფერად გარდატყდება. ამავე პერიოდს მიეკუთვნება თეორიაც იმის შესახებ, რომ სინათლე ნაწილაკებისგან შედგება.

მერი შელის მსოფლიოში აღიარებული რომანი “ფრანკენშტეინი” 1816 წელს შეიქმნა. მართალია ამ წელს შავი ჭირი არ ყოფილა, სამაგიეროდ, ამოიფრქვა ვულკანი ტამბორა, რამაც გამოიწვია გლობალური კლიმატური ანომალიები, მათ შორის „ვულკანური ზამთარი“ – არნახული დაბალი ტემპერატურების გამო 1816 წელი ცნობილი გახდა როგორც „წელიწადი ზაფხულის გარეშე“. ევროპასა და ამერიკაში ივნისსა და ივლისში თოვდა, იყინებოდა მდინარეები.

მერი შელი და მისი უახლოესი ადამიანებიც სიცივის გამო სახლში გამოკეტილები აღმოჩნდნენ. მათ მოაწყეს შეჯიბრი – ვინ უფრო საშინელ ისტორიას დაწერდა. გაიმარჯვა მერი შელიმ ექიმი ფრანკენშტეინის ისტორიით, რომელმაც მონსტრი-მკვლელი შექმნა.