29 აპრილი, 2020

გურამ ქართველიშვილი – გთხოვთ გულისყურით წაიკითხოთ

გურამ ქართველიშვილი - გთხოვთ გულისყურით წაიკითხოთმწერალი გურამ ქართველიშვილი გვირჩევს გულისყურით წავიკითხოთ მისი ჩანაწერი, რომელიც საქართველოში არსებული ვითარებით გამოწვეულმა გულისტკივილმა უკარნახა:

“ასეთი მდიდარი მხატვრული თუ არამხატვრული ლიტერატურის მქონე და მემკვიდრე ერს უკვე დიდი ხნის დალაგებული უნდა ჰქონდეს საზოგადოებრივი ყოფა და გონიერი ცხოვრების წესი, რადგან არ დარჩენილა ქართველებისთვის დამახასიათებელი ესა თუ ის მანკიერი თვისება, რომელსაც ქართული მწერლობა არ შეხებოდა.

ასეთ პერსონაჟებს ძერწავდა იაკობ ცურტაველი ჯერ კიდე მეხუთე საუკუნეში, მერვე საუკუნეში იოანე საბანისძე, შოთა რუსთაველი მეთორმეტეში, შემდეგ თეიმურაზ პირველი, არჩილ მეფე, ბერ ეგნატაშვილი – ,,ახალ ქართლის ცხოვრებაში”, ვახუშტი ბატონიშვილი, დავით გურამიშვილი, იოსებ ტფილელი, სეხნია ჩხეიძე, პაპუნა ორბელიანი, იოანე ბატონიშვილი, დიმიტრი ბაქრაძე, პლატონ იოსელიანი, ალექსანდრე ჭავჭავაძე, გრიგოლ ორბელიანი, ალექსანდრე ორბელიანი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ვაჟა ფშაველა, ლავრენტი არდაზიანი, პოლიკარპე კაკაბაძე, მიხეილ ჯავახიშვილი, კონსტანტინე გამსახურდია, ლევან გოთუა, გალაკტიონი, ჭაბუა ამირეჯიბი, ჯემალ ქარჩხაძე, მუხრან მაჭავარიანი, მურმან ლებანიძე და აქ გამორჩენილ და არნახსენებ ქართველ მეკალმეთა მთელი არმია.

ათას რეალობიდან ნასაზრდოებ თუ ისტორიული პერსონაჟად გვიხატავდნენ ჩვენი დიდები, თუ როგორი არ უნდა იყოს ქართველი ადამიანი და პირიქით, მათვე კალამს განეკუთვნებიან პერსონაჟები და მაგალითები, თუ როგორია გონიერი, ღირსეული და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ქართველი. კინემატოგრაფი, თეატრი და მხატვრობა ხომ სავსეა დადებითი და უარყოფითი ქართული ხასიათებით.
მაშ, რაშია საქმე? რატომ შედგა XXI საუკუნის საქართველოში ასეთი საზოგადოება? რომელშიც ვარსქენ პიტიახშიდან დაწყებული, სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილით და კვაჭი კვაჭანტირაძით დამთავრებული ყველა უარყოფითი ლიტერატურული პერსონაჟი ასე უხვადაა ცხადში წარმოდგენილი?

რატომ ხდება რომ დღეს ყვარყვარეობა, შადიმანობა, თათქარიძეობა და მეჯღანუობა პრესტიჟულად ითვლება და წარმატებულ ქართველთა მახასიათებლებია?

პასუხი მარტივია: ქართველები უსაშველოდ უწიგნურები გავხდით და მასობრივად არ ვიცნობთ საკუთარ ინტელექტუალურ ფესვებს. ხოლო ვინც წიგნიერად თვლის ჩვენში თავს, ასეთების 70% საერთოდ არ იცნობს ქართულ ლიტერატურას. (ასეთები მსოფლიო ლიტერატურით არიან ნაკვებები.) ქართულ ლიტერატურა ნაკითხი ქართველობიდან კი უმეტესობა მოყვარულის ზედაპირობით იცნობს ამ დიდ მემკვიდრეობას, ხოლო საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც სიღრმეებშია ჩახედული, მცირეზე მცირეა და საერთოდ გამოდევნილია პედაგოგიური წრეებიდან.

ახალგაზრდობა მთლიანად მოწყვეტილია მშობლიური მწერლობის ფესვებს და ამ თემაზე საუბარი სიცილად არ ჰყოფნის. საშუალო და უმაღლეს სასწავლებლებში გაბატონებულია ანტიქართული იდეოლოგია.

აი, ასეთი სურათი გვაქვს ძვირფასო ქართველებო და თუ რამე გადაგვარჩენს, ეს საერთო სახალხო მკითხველთა მოძრაობაა. უნდა გადმოვიღოთ თაროდან ქართული ინტელექტუალური მემკვიდრეობა და ერთიანი მეთოდური სისტემით ვუკითხოთ შვილებს. მერწმუნეთ, ჩვენ ლიტერატურას უდიდესი ძალა აქვს და ამიტომაც მოისროლეს ის ანტიქართველმა ნეოლიბერალებმა სანაგვეზე. ქართველებს ჩვენი მწერლობის სახით უდიდესი ინტელექტუალური იარაღი გვიჭირავს ხელში და ამას სწორად და ეფექტურად გამოყენება სჭირდება.
ამ მოძრაობაში ყველაფერი ნაფიქრი მაქვს და იმედია, ამყვება ქართველი საზოგადოება, ემიგრაცია და არაემიგრაცია.
ვნახოთ რა გამოვა, ზაფხული წინ არის. საგანმანათლებლო მოძრაობის შესახებ ყველაფერს გაცნობებთ თანდათან.”