9 მარტი, 2020

ზვიად გამსახურდიას, გურამ დოჩანაშვილის, მერაბ კოსტავას სასჯელი

ზვიად გამსახურდიას, გურამ დოჩანაშვილის, მერაბ კოსტავას სასჯელიალბათ ბევრმა არ იცის, რომ ზვიად გამსახურდია, გურამ დოჩანაშვილი, მერაბ კოსტავა, ანატოლი მიქაძე, თამაზ გუნჯუა, ვლადიმერ სიხარულიძე, თემურ მეტრეველი, თეიმურაზ ცერცვაძე და გურამ სხირტლაძე მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები იყვნენ, როდესაც ისინი 1956 წლის 2 დეკემბერს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა დააპატიმრა.

ამის მიზეზი გახდა მათ მიერ გავრცელებული პროკლამაცია, რომელიც თანამემამულეებს ქართველების დარბევისა და გაჟლეტის დღეებს ახსენებდა:

“ქართველებო!

არ დაგავიწყდათ ცხრა მარტის სისხლიანი ღამე? ხომ არ დაგავიწყდათ სისხლიანი ოცდაოთხი და ოცდაჩვიდმეტი, ქართველი ხალხის დარბევის და გაჟლეტის დღეები? როდემდის უნდა გვქონდეს ქედი მოხრილი მტარვალი კომუნისტების მახვილქვეშ? ჩვენს წინაპრებს სისხლი არავისთვის შეურჩენიათ და არც ჩვენ უნდა შევირცხვინოთ თავი.

დღეს, როდესაც მთელი შეგნებული კაცობრიობა აღშფოთებულია მოსკოვის საშინელი ბოროტმოქმედებით, ჩვენი ერის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგება. დროა, შევერთდეთ ერთი დროშის ქვეშ ჩვენი სამშობლოს დამპყრობლების წინააღმდეგ საბრძოლველად.

მიმოიხედეთ ირგვლივ, მსოფლიო ბობოქრობს, განკითხვის დღე მზადდება კრემლელი ჯალათებისთვის. თბილისში, პოზნანში, ბუდაპეშტში მათ მიერ დაღვრილი უდანაშაულო მოსახლეობის სისხლი სამართალს ითხოვს. მათი აღსასრული მოახლოებულია.

ქართველებო! სხვა არავინაა ჩვენი მშველელი ჩვენი საკუთარი თავის გარდა. ბრძოლით უნდა მივაღწიოთ თავისუფლებას. ძმური სალამი გმირ უნგრელ ხალხს! დაე, ყველა დამონებული ერისთვის მაგალითად იქცეს უნგრელთა გმირობა! ხელები შორს უნგრეთისაგან!

ძირს ჩვენი ხალხის სისხლში ხელებგასვრილი ოკუპანტები და მათი სამხედრო ხროვა!

გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!

რომელი მოღალატეც ამას ჩამოხსნის, სიკვდილი ელის!”