3 მარტი, 2020

ზაქარია ფალიაშვილის არაჩვეულებრივი ისტორია

ზაქარია ფალიაშვილის არაჩვეულებრივი ისტორიაკომპოზიტორ ზაქარია ფალიაშვილის ცხოვრებაში იყო ისტორიები, რომელიც თაობებმა აუცილებლად უნდა იცოდეს.

ერთ-ერთი ასეთიი ისტორია ეროვნულ გმირს – მარო მაყაშვილს უკავშირდება, რომელსაც ნონა წკრიალაშვილი გვიამბობს:

“საღამო ხანია. თბილისი. ნისლია, ბინდ-ბუნდი, ოდნავ ბჟუტავს გაზის ფანრები. გოლოვინსკიდან, რუსთაველის პროსპექტიდან ზევითკენ ქალბატონი მიდის. დაახლოებით კონსერვატორიის უკან ხდება ეს.

მიუახლოვდა მას მაღალი, წარმოსადეგი მამაკაცი, თავზე შლაპა ახურავს. მოკრძალებით დადგა ქალბატონის წინაშე და უთხრა:

– ქალბატონო თამარ, უღრმესი პატივისცემით თქვენდამი, არ შემეძლო, რომ დამენახეთ და ეს თქვენთვის არ მეთქვა.

– კი ბატონო, გისმენთ, – მიუგო ქალმა. ქალბატონს ემჩნეოდა, რომ ძალიან დატანჯული, დაღლილი ადამიანი იყო.
პატარა პაუზის შემდეგ, მამაკაცმა ამოისუნთქა და უთხრა:

– მე ვარ კომპოზიტორი ზაქარია ფალიაშვილი. ახლახანს დავამთავრე ოპერა, რომლის მთავარ მოქმედ პირს თქვენი ქალიშვილის სახელი დავარქვი. მინდა, რომ იცოდეთ – ეს ოპერა ეძღვნება თქვენს ქალიშვილს და მის ხსოვნას.

მოწიწებით თავი დახარა, ქუდი მოიხადა ქალის წინაშე, შეტრიალდა და სწრაფი ნაბიჯით დაშორდა. ქალი დიდხანს იდგა თვალებზე ცრემლმორეული.

ეს ქალბატონი იყო მარო მაყაშვილის დედა, ამ ოპერას კი „დაისი“ ჰქვია.”