16 მარტი, 2020

ვახუშტი კოტეტიშვილის კაფია

ვახუშტი კოტეტიშვილის კაფიაპოეტ ვახუშტი კოტეტიშვილის კაფიები მისი შემოქმედების მოყვარულებში დიდი მოწონებით სარგებლობს.

კაფია, რომელსაც “არტ ინფო” გთავაზობთ შემოქმედმა ფშავში ერთ ოჯახში სტუმრობისას წარმოთქვა. ფშაველმა ქალმა ცარო ლაშქარაშვილმა ვახუშტის კაფია უპასუხოდ არ დატოვა:

“ვახუშტიმა თქვა: ცხოვრებამ
ბევრჯერ დამასვა დაღები,
ბევრი ფიქრი და ოცნება
გამიხმო როგორც ყანები,
მაინც კი გავიჯეჯილე
ამ ქვეყნის იალაღები,
იმათზე ლაღი ვიყავი
თავ რო ეგონათ ლაღები.
ბევრ ქალას გადავუხანი
დაკლიტულ ბაღჩა-ბაღები,
ჯერ კლიტე არ შამხვედრია
მე რო არ ვიყო გამღები,
ქალებმ მიცვალეს, ვიცვალე
კარგნი თუ ყურმუსაღები,
ბოლოს ჯეელი შამამხვდა
ტკბილია, როგორც ნაღები,
მე მგონი, ბოლო იქნება
და ჩემი ბოლოს მამღები.

ცარო ლაშქარაშვილის პასუხი:

“ვახუშტი კოტეტიშვილო,
დიდად რო მოგაქ თავია,
იკვეხნი სიბერეშია
ბევრი ავიღე კარია,
ფშავში არავის არ გვიკვირს
– ხვნა, თესვა, ლეწვა, მკანია,
გასაღებ არსად გაგიტყდეს
არა გვყვავ ხელოსანია.”

ვახუშტი კოტეტიშვილი:

“ქალი დამიდის იმდენი
ქალთა ქარავანს მივდენი,
ჩემ გასაღებზე ნუ ნაღვლობთ
თქვენ დამახვედრეთ კლიტენი.”