25 მარტი, 2020

ყველაზე დიდი ბედნიერება თემო გოცაძისთვის

ყველაზე დიდი ბედნიერება თემო გოცაძისთვისქართველ მხატვარს თემო გოცაძეს ცხოვრებამ არაერთი გამოცდა მოუწყო. მას, როგორც შემოქმედს, უამრავი წარმატება ჰქონდა, თუმცა ყველაზე დიდი ბედნიერებაა, რომ ცხოვრებამ მსახიობ მარინა ჯანაშიას შეახვედრა:

“შემოქმედი კაცის ცხოვრება მარტოსულის ცხოვრებაა. სანამ მარტო ხარ, შეგიძლდია შენ თავთან ჩაღრმავებით სადღაც გახვიდე. მაგრამ ყველამ ჩვენ ჩვენი მაგალითებით ვიცით, რომ 24 საათი მარტო ვერ იქნები, მით უმეტეს, 48 საათი, მერე რომ მიუმატებ, მთელი ცხოვრება მარტო ვერ იქნები. გინდა თუ არ გინდა, ცხოვრებას უყურებ, ადამიანებს უყურებ, მათთან ურთიერთობ…

ჩემთვის ჩემი მეუღლე მარინა ჯანაშია იყო აღმოჩენა – რუსთაველის თეატრში იდგმებოდა თემურ ჩხეიძის სპექტაკლი “ბერნარდა ალბას სახლი”, სადაც ერთ-ერთ დას თამაშობდა. თვითონ მარინა ჰაბიტუსით შემჩნეული მყავდა, მაგრამ სხვადასხვა დრო ვიყავით და არ მქონდა ურთიერთობა, მიშა თუმანიშვილთან არ ვიჯექი კლასში. სპექტაკლში იმდენად აღვფრთოვანდი მისით, მეგობარი მახლდა თან, წავედით გალერეის უკან დიდი ყვავილების ბუჩქები იყო, დავკრიფეთ და მივართვით. ვუთხარი, ჩემთვის აღმოჩენა ხართ-მეთქი. მეგონა, რომ დაამახსოვრდებოდა, მაგრამ მეტი არაა ჩემი მტერი, რა უნდა დაამახსოვრდეს, პრემიერაა, ტრანსშია, ათასობით ადამიანი ულოცავს.

მეორე დღეს შემხვდა, გამარჯობაც არ მითხრა, არ მიცნობდა და როგორ მომესალმებოდა?! მაშინ ტელევიზიის მთავარი მხატვარი ვიყავი. ოთარ კობერიძე ფილმს იღებდა თუ სპექტაკლს დგამდა, მითხრა, ჩემი მხატვარი მინდა იყოო. დავთანხმდი, მაგრამ თავიდანვე შევთანხმდით – მე დავითანხმებდი მარინას, რომ მასთან ეთამაშა, ოთარი კი დაითანხმებდა, რომ მე დამეხატა.

სიმართლე რომ ვთქვა, მე რას დავითანხმებდი, შუალედურში ვინც მყავდა, ის დაითანხმებდა მარინას. მიშა თუმანიშვილის მოსწავლეს, დამიჯერეთ, მაინცდამაინც გულზე არ ეხატებოდა, ოთარ კობერიძესთან ეთამაშა, იმიტომ რომ რადიკალურად სხვადასხვა სკოლა იყო. ოთარი იყო ბრწყინვალე პროვნება და ურთიერთბაში საოცარი ადამიანი.

მოკლედ, დავდეთ პირობა. მეგობარი მყავდა ტელევიზიაში ლია დავლიანიძე, მარინას უახლოესი მეგობრის მარინა დავლიანიძის და. გამხელილი ვიყავი მასთან და საბოლოოდ, მარინაც დათანხმდა. მე კი პირობის თანახმად, ის დავხატე. მუშაობის პროცესი არ მახსოვდა, იმდენად ემოციურად ვიყავი ჩართული. ნამუშევარი დასრულებული რომ ვაჩვენე, ეს არ ვარ მეო, თქვა. მოვკიდე ხელი და გადავხიე ნახატი. მარინას აუვარდა ტირილი და გავარდა. მეორე დღეს მოვედი, მართლა კარგი პორტრეტი იყო, მეც შემეცოდა, იქნება ავკინძო-მეთქი…

ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. კიდევ ერთი საოცარი სცენა მახსოვს. ერთად მოვდივართ რუსთაველზე ნელი დავლიანიძე, მარინა და მე. გაცხარებულები ვჩხუბობთ. ნელიმ გამაჩერა და მეუბნება: – შენ რამ გადაგრია, როგორ ელაპარაკები ამ პოპულარულ პიროვნებასო. ამაზე სულ გადავირიე: – ეს არის რუსთაველზე პოპულარული და მე არაფერი არ ვარ-მეთქი?!

ასეთ წინააღმდეგობაში დაიწყო ჩვენი ურთიერთობა, ძალიან ძნელი წლები გავიარეთ, არ იყო ადვილი ჩემთვის ღამის 2 საათზე რეპეტიციების დამთავრება, მეუღლე რომ შუაღამისას შემოვა სახლში… ჩამთვალეთ რადაც გინდათ, მაგრამ მაინც წვერიანი აზიატი ვარ. ამ ყველაფერმა ჩაიარა და, ასე თუ ისე, ურთიერთობა შედგა, საკმაოდ დიდი და ახლო ურთიერთობა შედგა და ამან განაპირობა ის ყველაფერი, რაც გაკეთდა.

75 წლის შემდეგ ჩემი პირველი გამოფენა გალერეაში ამ ურთითრობამ გააკეთა და შემდეგი გამოფენებიც ამ ურთიერთობამ გააკეთა.

ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ ერთ-ერთი მშვენიერი და პოპულარული არტისტკა ჩემი მეუღლეა.”