28 მარტი, 2020

პეტრე ბაგრატიონ გრუზინსკი – პოეტი უდიდესი ტკივილით

პეტრე ბაგრატიონ გრუზინსკი - პოეტი უდიდესი ტკივილითალბათ ბევრმა არ იცის, რომ ქართული ფილმების, სპექტაკლების, მულტფილმების თუ ცნობილი საესტრადო სიმღერების ტექსტების უმრავლესობის ავტორი პოეტი პეტრე ბაგრატიონ გრუზინსკია.

ერეკლე მეორის პირდაპირ შთამომავალს ცხოვრებამ ტკივილიანი გზა არგუნა. ბაგრატიონთა სამეფო გვარის შთამომავალი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილით დასჯას, თუმცა 4 წელი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაატარა. ფსიქიატრიულამდე იყო ციხეში – გაუსაძლისი დაკითხვის რეჟიმი და წამება. ცნობილი დისიდენტი ალექსანდრე საშა მიქელაძე იხსენებდა, რომ იმ საშინელ დაკითხვის რეჟიმს ძალიან ცოტამ გაუძლო, პეტრე კი თავისი საქციელით თითით საჩვენებელი იყოო. პოეტმა მეგობარი ექიმის რჩევას დაუჯერა, ზუსტად შეასრულა მისი მითითებები და სიკვდილსაც გადაურჩა – იგი, როგორც სულით ავადმყოფი, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პეტრე ბაგრატიონ გრუზინსკიმ ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1933 წელს, თუმცა თამარაშვილის ფსევდონომით წერდა. მისმა ლირიკულმა ლექსებმა კომპოზიტორთა ყურადღება მიიპყრო. მასთან თანამშრომლობდნენ ანდრია ბალანჩივაძე, ოთარ თაქთაქიშვილი, რევაზ ლაღიძე, ბიძინა კვერნაძე, გოგი ცაბაძე… სწორედ მის ლექსებზეა დაწერილი გიორგი ცაბაძის “ჰიმნი სიყვარულს”, “მიმღერე რამე”, “სადაც გინდა, იქ ილოცე”, ბიძინა კვერნაძის “გაზაფხულდა”, ოთარ თევზაძის “ობელისკები”, ბიძინა კვერნაძის “ასეთია ქურდი კაცის ბედი”, რევაზ ლაღიძის “თბილისო”. ეს სიმღერა თბილისის 1500 წლისთავისათვის დაიწერა და დღეს არა მხოლოდ თბილისის ჰიმნად, არამედ საქართველოს სავიზიტო ბარათადაც იქცა.

პეტრე გრუზინსკის ლექსებზე დაიწერა სიმღერები ცნობილი მხატვრული ფილმებისთვის: “შეხვედრა მთაში”, “კეთილი ადამიანები”, “ბაში-აჩუკი”, “დღე უკანასკნელი, დღე პირველი”, “აბეზარა”, “მხიარული რომანი”, “რაც გინახავს, ვეღარ ნახავ”, “განგაში”, “მიმინო”…

ალბათ ბევრმა არც ის იცის, რომ პოეტი ცოტა ხანს მსახიობობდა კიდეც. უნივერსიტეტის სტუდენტთა დრამ-წრეში რომ მივიდა, მას ცნობილი მსახიობი პიერ კობახიძე ხელმძღვანელობდა. პეტრე ბაგრატიონ გრუზინსკისთან ერთად სპექტაკლებში მონაწილეობდნენ მედეა ჯაფარიძე, იაკობ ტრიპოლსკი, გრიგოლ კოსტავა… ამ პერიოდში მან როგორც რეჟისორმა დადგა რამდენიმე სპექტაკლი, მისი სარეჟისორო მოღვაწეობა წარმატებული აღმოჩნდა, თუმცა მოსკოვში სასწავლებლად გამგზავრებაზე უარი განაცხადა.

პეტრე ბაგრატიონ გრუზინსკის ეკუთვნის ტექსტი ჰიმნისთვის “გვიხმობს პარტია”. როგორც თავად ამბობდა, ტექსტში ეწერა “გვიხმობს სამშობლო”, თუმცა სიტყვა “სამშობლო” ყველგან სიტყვით “პარტია” ჩაანაცვლეს. მხოლოდ წლების შემდეგ გახდა შესაძლებელი ჰიმნის რეალური ტექსტით შესრულება და აღჟერდა კიდეც – “გვიხმობს სამშობლო”.

პოეტი თბილისელობის ეტალონად ითვლებოდა. უზომოდ თავმდაბალი, ვაჟკაცური, სიმართლის მოყვარული და გულიანი ადამიანი იყო. საოცარი ალღო ჰქონდა და ერთ სიტყვაში იცნობდა კომპოზიტორის ჩანაფიქრს.
გოგი ცაბაძის განუყრელი მეგობარი იყო. კომპოზიტორი სულ ამბობდა – რომ არა პეტრე გრუზინსკი, მისი შემოქმედება არ იქნებოდა ის, რაც დღეს არის.

პოეტი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბაგრატიონთა სამეფო გვარის შთამომავალი მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში დაკრძალეს.

“მე დავიწყების მტვერს მომაყრიან” – ასეთი ფრაზა აქვს პოეტს თავის ერთ-ერთ ლექსში, თუმცა მისი სიტყვები, საბედნიეროდ, არ გამართლდა. პეტრე ბაგრატიონ გრუზინსკის შემოქმედება დღემდე ცოცხლობს და კიდევ დიდხანს იცოცხლებს.

ის იყო პოეტი, რომელსაც სიცოცხლეში ერთი კრებულიც კი არ დაუბეჭდავს. მხოლოდ მისი გარდაცვალებიდან 20 წლის შემდეგ, უახლოესი მეგობრის აკაკი დვალიშვილის დიდი ძალისხმევით გამოიცა პოეტის არასრული კრებული, რომელიც საოცარი ლექსით იწყება:

“შიშში აღზრდილი,
უნდობლობაში დაკაცებული,
ციხის მუქარით გაწამებული
მე მეცოდება კასტრირებული ჩემი თაობა,
ვისაც ღალატად უთვლიდნენ სინდისს
და უმეცრებად – გამბედაობას.
სხვისი ბრძანებით ნამღერი ჰიმნით,
სხვისი კარნახით წაკითხულ წიგნით,
დობერმანივით ერთნაირი გარეთ თუ შიგნით
მე მეცოდება კასტრირებული ჩემი თაობა.
ან გაყიდული სულით ხორცამდე,
ან ციხე-ციხე ნათრევ-ნაცემი,
ან დარდით ღვინის კასრში ჩამხრჩვალი,
ან ჩინ-მედლებით სავსე, გამცემი.
რაც მქონდა წმინდა –
ყველაფერი სულში დაობდა,
თან მეზიზღება, თან მეცოდება
ჩემი თავიც და ჩემი თაობაც.
რა გააჩნია, რა დატოვოს, რა გაიხსენოს,
პირუტყვის შიში, გადამდები სენი – საზარი,
თუ თავის ლანდი ცისფერ ქუდით, რუხი მაზარით
და სასაკლაო უზარმაზარი,
თუ თავის ყოფის სირცხვილი და არარაობა?!
მე მეცოდება კასტრირებული ჩემი თაობა.
დღეს თამაშია ვნებათა ღელვის, მხოლოდ თამაში,
გრძელი, გაბმული,
სურვილი იმის, რაც სულს აკლია,
ეს სპექტაკლია
ცუდად დადგმული
და ყალბი ასლი სინამდვილისა.
ქალები – ბერწი,
ვაჟი – ცვედანი,
აი, დედანი…
ჰეი, მსაჯულო, მომავალო უმაღლეს რანგის,
სანამ მსჯავრს დასდებ ჩემს თაობას,
აქ სუნმა რომ არ შეგაწუხოს, მთვარეზე ადი –
იქიდან უფრო შორს იქნება ეს დედამიწა
დამპალი სისხლით და ათაშანგით.”