27 მარტი, 2020

მსახიობების საგანგებო მიმართვა ექიმებს

მსახიობების საგანგებო მიმართვა ექიმებსთეატრალები ყოველი წლის 27 მარტს აღნიშნავენ თეატრის საერთაშორისო დღეს.

წელს პირველად, მათთვის ეს უმნიშვნელოვანესი დღე, ცარიელი სცენითა და დაკეტილი თეატრებით აღინიშნება.

სხვადასხვა თეატრის მსახიობებმა, რეჟისორებმა და ხელმძღვანელებმა ეს დღე სამედიცინო პერსონალს მიუძღვნეს:

“დღეს თეატრის საერთაშორისო დღეა, მაგრამ მთელი მსოფლიოს თეატრები მას დახურული დარბაზებით და ცარიელი სცენით ხვდებიან. პანდემიაზე გამარჯვების მოლოდინით დღეს თეატრები მოწყენილი და ჩაბნელებულია.

დღეს მსოფლიოს სცენაზე დგანან ექიმები – დღეს სცენა თქვენია!

დღევანდელი დახურული თეატრები მხოლოდ დროებითია. ჩვენ კი ვრჩებით სახლში მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება. ხოლო როცა ეს ყველაფერი დასრულდება და ჩვენი ქვეყანა ბრძოლის საუკეთესო მაგალითი გახდება ჩვენი ექიმების და მეცნიერების წყალობით, მაშინ გელოდებით ჩვენთან პრემიერებზე, სპექტაკლებზე და გასტროლებზე ახალი ცხოვრებით და ენთუზიაზმით. ჩვენ შევხვდებით ახალი ძალით და ახალი სიყვარულით! ყველაფერი კარგად იქნება!

დიდი მადლობა, რომ არსებობთ ექიმებო! იცოდეთ, რომ მართლა გვიყვარხართ! ჩვენ დავრჩებით სახლში და ამით გამოვხატავთ მადლიერებას და მხარდაჭერას ყველა ჩვენი ექიმის, სანიტარის და ექთნის მიმართ.”