21 მარტი, 2020

მერაბ კოკოჩაშვილის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეტაპი

მერაბ კოკოჩაშვილის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეტაპიკინორეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ეტაპი აღმოჩნდა უფროსი კოლეგის მიხეილ ჭიაურელის ფილმში “გიორგი სააკაძე” პატარა პაატა სააკაძის როლის შესრულება.

მართალია რეჟისორის მშობლები ხელოვნებასთან ახლოს იყვნენ, დედაც და მამაც მუსიკოსები იყვნენ, მაგრამ 6 წლის ასაკში გადასაღებ მოედანზე მოხვედრამ, მერაბ კოკოჩაშვილის პროფესია განსაზღვრა.
რეჟისორი “გიორგი სააკაძის” გადაღებებს ასე იხსენებს:

“- კარგი ბიჭია, – თქვა ძია მიშამ, ხელში ამიტაცა და მომეფერა. მახსოვს, მის ღიტინზე ბევრი ვიცინე.

ეს ამბავი დიდი ხნის წინ მოხდა. მაშინ 6 წლის ვიყავი. მიხეილ ჭიაურელი “გიორგი სააკაძე” იღებდა. მან პატარა პაატას როლზე დამამტკიცა. არ ვიცი ამ როლის სინჯებისთვის მე რატომ მიმიყვანეს. შეიძლება იმიტომ, რომ ჩემი ოჯახი თეატრთან ახლოს იყო და მსახიობების გარკვეული წრე გვიცნობდა.

დედა, მარინა ჯორჯაძე, პიანისტი იყო, მამა, არჩილ კოკოჩაშვილი კი – მევიოლინე. მამა ევგენი მიქელაძის ორკესტრშიც უკრავდა, კონსერვატორიაშიც და მუსიკალურ ათწლედშიც მუშაობდა. მაშინ დრამატულ თეატრებში სპექტაკლებს მუსიკალურად ორკესტრები აფორმებდნენ. ასე რომ, მამას რუსთაველის თეატრის რეჟისორ სანდრო ახმეტელთანაც ჰქონდა ურთიერთობა და, ბუნებრივია, ევგენი მიქელაძესთანაც. მოგეხსენებათ, 1937 წელს ორივე დააპატიმრეს. რეპრესიებს ვერც მამაჩემი გადაურჩა, ისიც დააკავეს. როგორც ჩანს, მამა სწორედ ამ ორ დიდ ადამიანთან ურთიერთობას ემსხვერპლა. 20 წლის შემდეგ, როცა რეპრესირებულთა რეაბილიტაცია მოხდა, დოკუმენტი მომცეს, სადაც წერია, რომ მამაჩემი ეტაპირების დროს, მატარებელში გარდაიცვალა ფილტვების ანთებით. არავინ იცის, სად არის დაკრძალული…

ჩემი ოჯახის წევრები ვერიკო ანჯაფარიძესაც კარგად იცნობდნენ. მსახიობ უშანგი ჩხეიძის და ჩვენს ბინებს კი ერთი კედელი ყოფდა. მისი კოლეგები იქ ხშირად იკრიბებოდნენ. ამას იმიტომ ვიხსენებ, რომ შეიძლება ვინმემ იქაც მნახა და მიხეილ ჭიაურელს ურჩია, პაატას როლზე ავეყვანე.

ჩემთვის გადასაღებ მოედანზე საინტერესო იყო არა მიხეილ ჭიაურელი, ან ვერიკო ანჯაფარიძე, ან თუნდაც აკაკი ხორავა, არამედ ის, რაც ბავშვს ყველაზე მეტად შეიძლება აინტერესებდეს – ცხენები, აბჯარი, ხმალი… მეც მქონდა პატარა ხმალი და ფარიკაობასაც მასწავლიდნენ, რადგან ერთ-ერთი ეპიზოდისთვის მჭირდებოდა. ალბათ გახსოვთ ერთი სცენა ფილმში, სადაც პაატა და ავთანდილი შაჰ-აბასს ეფარიკავებიან. პატარა ავთანდილის როლს გუგული მგელაძე თამაშობდა, შაჰ-აბასს – აკაკი ვასაძე. აკაკი ხორავა ხანდახან ცხენზე შემსვამდა და გამატარ-გამომატარებდა ხოლმე. მისი ბოხი ხმის ცოტა მეშინოდა კიდეც. ასე რომ, ბავშვისთვის იქ ბევრი რამ იყო შთამბეჭდავი. ყველა მეფერებოდა, თბილად მექცეოდნენ.

– ყოჩაღ, კარგად გააკეთე, – ძია მიშა ხშირად მაქებდა.

ერთ მშვენიერ დღეს მითხრეს:

– აბა, მოდი, დაჯექი, შენი ქანდაკება უნდა გავაკეთოთ.

მეც დავემორჩილე.

– რაში გჭირდებათ ჩემი ქანდაკება? – ვიკითხე ბავშვური ცნობისმოყვარეობით.

– შენ, რა, არ იცი, რა მოხდება? – მკითხა მოქანდაკემ, თანაც ისე, რომ მუშაობა არ შეუწყვეტია, – შენ თავი უნდა მოგაჭრან, – განაგრძო ლაპარაკი, – შენს თავს გამოვაქანდაკებთ, მერე ყუთში ჩავდებთ, შემდეგ კი ამას პაატას მამას გაუგზავნიან…

წარმოიდგინეთ, ამ ამბავს 6 წლის ბავშვს მიყვებოდა. მეც გაოცებული ვუსმენდი.

– შენ, რა, არ იცი ის ამბავი, რომ პაატას თავი ქართლში, ერთაწმინდაშია დაკრძალული? – მოქანდაკე მიყვებოდა გიორგი სააკაძის ოჯახის ტრაგიკულ ისტორიას და თან ჩემს ქანდაკებას ძერწავდა.

შევწუხდი, თანაც აკაკი ვასაძის გმირის – შაჰ-აბასის მეშინოდა. მას რაღაცნაირი გაწკეპილი ულვაში ჰქონდა და თვალებს მრისხანედ აბრიალებდა.

– არ ინერვიულო, ეს კინოა, – ხშირად კი მამშვიდებდა ძია მიშა, მაგრამ მე მაინც განვიცდიდი.

იმ სცენის გადაღებისას, სადაც პატარა პაატა ისრებს ამტვრევს, განსაკუთრებულად მეშინოდა, რადგან ვიცოდი, რომ შაჰ-აბასი მალე თავს მომკვეთდა…

კინოსტუდია “ქართულ ფილმში” ამ ფილმისთვის შესანიშნავი დეკორაციები ააშენეს. მიუხედავად იმისა, რომ მეორე მსოფლიო ომი და გაჭირვება იყო, ძია მიშამ მოახერხა, ფილმისთის ძალიან კარგი დეკორაციების აგება. ფილმის ოპერატორი ალექსანდრე დიღმელოვი გახლდათ, თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალი. სადაც გადაღება მიმდინარეობდა, მხოლოდ იმ დეკორაციას ანათებდნენ, დანარჩენი სულ წყვდიადში იყო.

გადაღებები ძირითადად ღამით იყო დანიშნული. ალბათ იმიტომ, რომ დღისით თეატრებში მსახიობებს რეპეტიციები, სპექტაკლები ჰქონდათ. მოკლედ, იმ სცენაში, სადაც ისრები დამამტვრევინეს, მერე ხელში ამიყვანეს, ერთმა მეორეს გადამაწოდა, მეორემ – მესამეს… ბოლოს კი წყვდიადში, ჩაბნელებულ დეკორაციაში აღმოვჩნდი. მახსოვს, მაშინ გავიფიქრე, აი, მორჩა, ახლა კი თავს ნამდვილად მომაჭრიან-მეთქი. გამიხარდა, რომ გადავრჩი…”