25 მარტი, 2020

მარინა სალუქვაძე: “ახლა მომისმინეთ!”

მარინა სალუქვაძე: "ახლა მომისმინეთ!"ტელეჟურნალისტ მარინა სალუქვაძეს ძალიან კარგად ესმის, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და ფორს მაჟორია, თუმცა მის და მისი მეუღლის, მუსიკოს ზაზა მარჯანიშვილის სალონ-რესტორან “ზაზანოვასთვის” ინკასოს დადება და გაზის გათიშვა მისთვის აბსოლუტურად გაუგებარია:

“ახლა მომისმინეთ! მესმის, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და ფორს მაჟორია, მაგრამ თუ ფიქრობთ სახლში გაშვებული ხალხი, მე ჩემი თანამშრომლების მაგალითს მოგახენებთ, როგორ უნდა გადარჩნენ? არც ერთს არ აქვს არანაირი შემოსავალი! თუ უნდა ინატრონ რომელიმე სასტუმროში კარანტინში ყოფნა, რომ 2 კვირა მაინც ჰქონდეთ საკვები?

ჩვენ, ზაზანოვას ერთადერთი იმედი – შეკვეთების და გარეთ მიწოდების საშუალებაც წაგვართვეს! ჯერ დაგვადეს ინკასო და ბოლო კაპიკები ჩამოგვაჭრეს, შემდეგ გაზი გაგვითიშეს, ელექტრო ენერგიის გადახდა მხოლოდ 1 კვირით გადაგვივადეს, ხვალ სილქნეტი იმუქრება, რომ შეგვიწყვიტავს მომსახურებას!

მივმართავ საქართველოს მთავრობას – აიძულეთ ეს უზარმაზარი კომპანიები – თელასი, გაზის კორპორაცია, სილქნეტი და სხვები, რომ მოგვცენ ელემენტარული არსებობის საშუალება! არ ვართ მე და ზაზა დიდი ბიზნესმენები, ზაზანოვა კი აქამდე მხოლოდ იმ გემრიელი ურთიერთობების გაცოცხლების ჟინით მოვიტანეთ, რომელიც გვათბობდა და გვაერთიანებდა, ახლა კი უმეტესად სიძულვილმა და ბოღმამ ჩაანაცვლა! ჩვენ სხვა შემოსავალი არ გვაქვს, აქამდე რასაც კონცერტებიდან თუ სპექტაკლებიდან ვშოულობდით, იმასაც ზაზანოვას ვახმარდით, ჩვენს უკან კი ჩვენი ოჯახები, ჩვენი თანამშრომლების და საუკეთესო მუსიკოსების ოჯახებია.

მითხარით როგორ გადავრჩეთ ჩვენ და გადავარჩინოთ სხვა?! კარგი, მე და ზაზა როგორმე გავიტანთ თავს, ამ უნიჭიერეს და მშრომელ ხალხს რა ვუყოთ? ვისაც გაქვთ მარაგები, ღმერთმა ათმაგი მოგცეთ, მაგრამ სხვისი გასაჭირიც გაიგეთ! მიაწვდინეთ ხმა, ვისაც ეს ძალუძს, რომ ჩვენი თანამშრომლების და მათნაირი ხალხის ზურგზე დგას ქვეყნის ეკონომიკის კეთილდღეობა! ეს მძიმე დღეები იმედია მალე გაივლის და რაც შეეხება კრიზისიდან გამოსვლას და მინუსებიდან ამოძრომას, მაქვს ჩემი მოსაზრება, ისე, რომ მთავრობას არ დავაწვეთ კისერზე და მომაქციეთ ყურადღება!

P.S. ის მაინც გაიხსენეთ თუ არ გახსოვთ, ან არ გსმენიათ, ახლა გაიგეთ, რომ არსებობის მანძილზე ზაზანოვამ 600-ზე მეტი საქველმოქმედო კონცერტი ჩაატარა მათთვის ვისაც უჭირდა…”