29 მარტი, 2020

აკაკი ბაქრაძის “იმედი და ნიჰილიზმი”

აკაკი ბაქრაძე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზეკრიტიკოსისა და პუბლიცისტის აკაკი ბაქრაძის ნაშრომი “იმედი და ნიჰილიზმი” არასდროს დაკარგავს აქტუალობას:

“თავად ის, რომ საუკუნეების მანძილზე ქართული სამეფო კარი თავშესაფარსა და მფარველობას ეძებდა, უკვე მოწმობდა ძვალსა და რბილში გამჯდარ ნიჰილიზმს. ეს ნიჰილიზმი შემთხვევით არ დაბოლოებულა გიორგი მეთორმეტისა (თუ მეცამეტის) სასოწარკვეთილი სიტყვებით. როცა საქართველოში რუსთა ბატონობის დამყარების საკითხი იხილებოდა, დავით ჩერქეზიშვილს უკითხავს მეფისათვის – „ბატონო მეფევ და კარისკაცნო დარბაისელნო: რომ აღებთ კავკასიის კარსა, შეიძლებთა თვისსა დროსა დახშვასა მისსა?“ – გიორგის უპასუხებია – „დახშვა კარისა ამის იქნება დახშვა ქრისტიანობისა კარისა; ამისათვის ჯვარი ქრისტესი, რომელსაცა ვესავთ, იქნება თვით მცველად კარისა, რომელსაცა თვით ჯვარცმული მასზედ დახშავს და განაღებს დასაცველად მეფობისა და მეფეთა, ოდეს თვით ჯერ იჩენს საჭიროდ“ (პლატონ იოსელიანი „ცხოვრება გიორგი მეცამეტისა“).

ქართველი ხალხი კი არ დაკეტავს დარიალის კარს. როცა ეს აუცილებელი გახდება, არამედ – უზენაესი. ამას ღვთის ანაბარად დარჩენა ჰქვია, რაც არა მარტო პიროვნების უძლურებას გამოხატავს, არამედ მთელი ერისას. არადა, სულხან-საბა ორბელიანს სხვა ანდერძი ჰქონდა დატოვებული. ის, წყალწაღებულ კაცს რომ ჩამოსძახა ღმერთმა, – ხელი გაანძრიე და გიშველიო.

როცა 1832 წელს ხელის განძრევა დააპირეს და სოლომონ დოდაშვილმა მგზნებარედ მოუწოდა ქართველებს – „აწ ხედავთა დამხობასა და არარაობასა მამულისა ჩვენისასა? ჰგრძნობათა შეიწროებასა ყოველისა კაცისასა? რაჲსთვის არის ესე ესრეთ? ნუ უკვე ჩვენ არა გვაქვს სიმხნე და ძალი ესოდენი, რაოდენიც ჩვენს მამათა ანუ სხვათა მსგავსთა კაცთა?! მაშა რაჲსთვის ვცოცხალვართ?!“ – ნიჰილიზმის ქარმა ისევ დაბერა, რაც იონა ხალაშვილის გულისწყრომით გამოიხატა ნამოწაფარის მიმართ. ხელმწიფე-იმპერატორის ურჩობა როგორ გაბედაო, – ჩივის იონა. „ჰვსტირ კაცსა მას სოლომონ დოდაშვილს, რომელსა განუზრახავს ბოროტნი დიდნი“… ქართველობას კი აფრთხილებდა: „მცირე ერი ხარ და არ ძალგიძს თავისა თვისისა დაცვა თვინიერ მფარველისა“.

როცა ილია ჭავჭავაძე ოცნებობდა – „ხალხი აზვირთდა, ხალხი აღსდგა, ხალხი მოქმედობს, კასპიის ზღვიდამ შავ ზღვამდინა ერთს ფიქრსა ჰფიქრობს, – და ეგ ფიქრია მთელ კავკასიის თავისუფლება!“ – გიორგი მუხრან-ბატონი სტამბავდა წიგნს – „ეროვნულ ინდივიდუალობათა არსისა და დიდ სახალხო ერთეულთა საგანმანათლებლო მნიშვნელობის შესახებ“, სადაც ქადაგებდა, რომ მცირერიცხოვანი ერების ენებს საგანმანათლებლო მნიშვნელობა არა აქვთ, მათ მარადიული ჩამორჩენილობა ელით, თუ არ დაივიწყებენ მშობლიურ ენას და არ ამეტყველდებიანო მრავალრიცხოვანი ხალხების ენებზე.

როცა ვაჟა-ფშაველა გვარწმუნებდა – „ეღირსებაო ლუხუმსა ლაშარის გორზე შადგომა!“, – ივანე ჯაბადარი აქვეყნებდა „წერილებს საქართველოზე“, რომელშიც ქართულ კულტურას განიხილავდა, როგორც სპარსული კულტურის ჩრდილსა და ანარეკლს. არაფერი ორიგინალური და თავისთავადი ქართველ ხალხს არ შეუქმნიაო, – აკეთებდა დასკვნას ივანე ჯაბადარი.

მთელი მე-19 საუკუნის მანძილზე ქართულ აზროვნებაში ორი ნაკადი ებრძოდა ერთმანეთს – იმედი და ნიჰილიზმი. ყველაზე უფრო მტკივნეული ის იყო, რომ ნიჰილისტები არ ყოფილან ქართველი ხალხის მტრები. მათ უყვარდათ საქართველო, მაგრამ არ სწამდათ მისი ეროვნული ენერგია. ამიტომ სხვის იმედად ყოფნა ერჩიათ. ურწმუნოება კი გამოწვეული იყო ხანგრძლივი ეროვნული ჩაგვრით.

მორჩილებას თავი შეიძლება დააღწიო მხოლოდ თავისუფლების მოპოვებით. ამიტომ იკითხა, ნიკოლოზ ბარათაშვილის პირით, გაგულისებულმა მე-19 საუკუნემ: „მაგრამ შენ, მეფევ, ვინ მოგცა ნება – სხვას განუბოძო შენთ ყმათ ცხოვრება, მისდევდე შენსა გულისკვეთებას და უთურგვნიდე თავისუფლებას?“ კითხვა დაგვიანებული იყო. იგი, თუ უფრო ადრე არა, მე-18 საუკუნეში მაინც უნდა დასმულიყო. მაგრამ, რაც მოხდა, მოხდა: ისტორიის შემობრუნება შეუძლებელია.

თუ ალექსანდრე ორბელიანი გაუბედავად მაინც ფიქრობდა – „მე რუსები საქართველოში არ მიყვარან, მინდა აქედან ისე გადაიკარგნენ, რომ საქართველოს სუნიც იმათ ვეღარ მიედინოს და რუსეთში კი ბედნიერად იყვნენ“, – დიმიტრი ყიფიანი გულახდილად აღიარებდა, – „მე რუსი ვარ ჩემის სამსახურით, ლუკმა პურით, რომელსაც ვჭამ, და ჩემის აზრის მიმართულებით. მე ქართველი ვარ გვარტომობით და მოძმეთა ენით“.

“ასე დაკავშირდა ერთმანეთთან ქონებრივი და სულიერი ვითარება: რუსი ვარ, რაკი რუსის ხელფასით ვიკვებები, ქართველი ვარ, რაკი ქართულად ვმეტყველებ. ჩამოყალიბდა ახალი ტიპი, რომლის არსი რუსთა პატივში მყოფმა გლახა ჭილაშვილმა (მეორე სახელითაც არის ცნობილი – გაბრიელ ჭილაძე) ასე გამოხატა: „რუსიცა ვარ და ქართველიც“. გაჩნდა ორბუნებიანი ქართველი, რომლის არსებობა დღესაც გრძელდება.”

“ცნობიერების მთლიანობას მოკლებული ადამიანები სრულიად თავისებური მოვლენაა. ისინი არსებობენ მხოლოდ კოლონიურ ლიტერატურაში და იბადებიან ორი კულტურის შეჯახების დროს. მით უმეტეს, თუ ერთი კულტურა მეორეს ჩაგრავს პოლიტიკურად, სამხედრო და სახელმწიფო ძლიერების მხრივ.

ცნობიერების მთლიანობას მოკლებულ ადამიანების სამყაროში არ არსებობს ამაღლებული. მათი სულიერი მიდრეკილებანი შეზღუდულია და არ სცილდება ქონებრივ ინტერესს. მათ სამყაროში იღუპებიან ისინი, ვისი სულიც იღვიძებს. მათი მიდრეკილება მიბაძვაა ან უფლებრივად, ან წოდებრივად, ან ქონებრივად უპირატესისა. ამდენად, უცხოა მათთვის თავისუფლების წყურვილი. სულერთია, გულით ამბობენ თუ ორპირობენ, ისინი ელაქუცებიან ძლიერს, მბრძანებელს. ავლენენ ლაქიურ ერთგულებას. ივიწყებენ ეროვნულობას.

ჩამოყალიბებულია საზოგადოება, რომელმაც სახე დაკარგა. გაითქვიფა და აირია. უარყო საკუთარი მე. დრო მიდიოდა, მაგრამ ვითარება არ იცვლებოდა. მდგომარეობა იგივე რჩებოდა. როცა დრო მდინარებს, მაგრამ ვითარება მდგომარეობა უცვლელი რჩება, ხალხს ეუფლება სასოწარკვეთილება. ყოველი ადამიანი დროის სვლასთან აკავშირებს ვითარება-მდგომარეობის ცვალებადობასაც. ეს ბუნებრივი სურვილია. ბუნებრივი კანონიც არის. ხალხი თუ პიროვნება, რომელიც ამ კანონზომიერებიდან ამოვარდება, განწირულია.”

“მე-19 საუკუნის ქართულმა მწერლობამ მაინც ვერ სძლია და დაამარცხა საბოლოოდ სასო და იმედწარკვეთილობა, ამიტომ დაიგმინა გრიგოლ ორბელიანმა: „ან ეს რაცა ვჰსთქვი, რადა ვჰსთქვი, თუ რაც მინდოდა ვერა ვჰსთქვი…“ თქმით, რაც სათქმელი იყო, კი ითქვა, მაგრამ პრაქტიკული შედეგი არ სჩანდა.”

“იმათ, ვისაც საქართველოს ეროვნული ენერგია არ სწამდათ, ერთგული გამგრძელებლები ებადებოდათ ქართველი მარქსისტების სახით: „რის ქართველობა, რა ქართველობა! მითომ რას გვავნებს უცხო ტომობა?“ ნიკოლოზ ბარათაშვილის ეჭვი რეალური საფრთხე ხდებოდა. „ჩვენი ხალხი ნაციონალიზმს დღესაც ისე უარყოფს, როგორც წინეთ და, რა მშვენიერი ხონჩითაც უნდა მიაწოდო – ის მას ხონჩიანა შორს აგდებს“, – ირწმუნებოდა ნოე ჟორდანია და აღტაცებული დასძენდა: ქართველმა ხალხმა ნაციონალიზმის დროშა გადააგდო და ინტერნაციონალიზმის დროშა ააფრიალაო.

მართლაც, ქართველი აღარ მღეროდა – „მოვა დრო და თავს აიშვებს, იმ ჯაჭვს გასწყვეტს გმირთა გმირი!… სიხარულით შეეცვლება იმდენი ხნის გასაჭირი!“ მას ხელში სოციალიზმის დროშა ეჭირა და ეჟენ პოტიეს „ინტერნაციონალს“ აქუხებდა.”

“გახდებოდა თუ არა კაცობრიობა მთლიანი, ინტერნაციონალური, ეს არავინ უწყოდა. ქვეყანას რომ დაანგრევდნენ და გაანადგურებდნენ, ეს ცხადი და ნათელი იყო, მაგრამ ისტორიის ჩარხი მაშინ მაინც მარქსიზმის სასარგებლოდ ბრუნავდა.

ილიას ეტლი წიწამურს უახლოვდებოდა. მას წიწამურის ჯაგებში ჩასაფრებულ-ჩაცუცქული სოციალისტ-ინტერნაციონალისტები ელოდნენ.

დიდი ეპოქა მთავრდებოდა…”