30 მარტი, 2020

აკადემიიდან გაგდებული ლადო გუდიაშვილი

აკადემიიდან გაგდებული ლადო გუდიაშვილიალბათ ბევრისთვის უცნობია, რომ ისეთი გენიალურ მხატვარს, როგორიც ლადო გუდიაშვილია, ჯერ პროფესორობა ჩამოართვეს და შემდეგ კი აკადემიიდან გააგდეს და მხატვართა კავშირიდანაც გარიცხეს.

ლადო გუდიაშვილი და მისი უახლოესი მეგობარი, ასევე გენიალური შემოქმედი დავით კაკაბაძე, ცუდი გაგებით, თითით საჩვენებელნი გახდნენ.

გადმოცემით, ბერიას მოსწონდა ლადოს მიერ შექმნილი ქალების პორტრეტები და თითქოსდა უთქვამს მის შესახებ, ეგდოს თავისთვისო. ის შესაბამის სტრუქტურებში არ დაუბარებიათ, მაგრამ მიიყვანეს თავის ნამუშევართან და ეუბნებოდნენ, აი, აქ მოხნული მიწა რომ დაგიხატავს, მასში ფაშისტური სვასტიკებია ჩალაგებულიო. ლადო პასუხობდა, მე ვერ ვხედავ სვასტიკებს, დამანახეთო. ეს ნამუშევარი სადგურის შენობაში იყო დახატული, დიდი ფრესკის სახით. ის შენობა დაინგრა. ლადო გუდიაშვილის მიერ მოხატული უამრავი ნაგებობა შეგნებულად განადგურდა. უაზრმაზარ სასტუმრო “ინტურისტში” ფართის 2/3 სწორედ გუდიაშვილის მიერ იყო მოხატული. ის გააქრეს, ჩამოფხიკეს და სრულად გაანადგურეს.

ყველაზე მეტად ლადო გუდიაშვილის მეგობარი დავით კაკაბაძე განიცდიდა საბჭოთა ხელისუფლების მხრიდან გამოვლენილ აგრესიას. დავით კაკაბაძე თავისი ქვეყნის პატრიოტი იყო. არსებულ წყობას შინაგანად ვერაფრით ურიგდებოდა. ისიც ყოველგვარი სახსრების გარეშე დატოვეს, მაგრამ მას გამოუცდელი ახალგაზრდა მეუღლე ჰყავდა. ის თვისებები, რაც ლადოს ცოლს გააჩნდა, მას არ ჰქონდა. ლადოს მეუღლე იშვიათი სახელმწიფოებრივი ხედვის და გამბედაობის ქალი იყო. დათიკო კაკაბაძე იხვეწებოდა, თუ გეშინიათ, რომ ახალგაზრდა მხატვრებს ჩემგან შეეყრებათ ანტისაბჭოთა ბაცილები, მაშინ ხატვას არ ვასწავლი, მაგრამ ფრანგული ენის სწავლების უფლება მაინც დამრთეთო. მაინც არ მიიღეს, ვერ გაუძლო დათიკომ და გაუჩერდა გული.

1957 წელს “ცისფერ გალერეაში” ლადოს გამოფენა უნდა გახსნილიყო. ხელისუფლებას ეს გამოფენა არ აწყობდა, რადგან თავის იდეოლოგიურ ჩარჩოებში ვერ მოაქციეს მისი ტიპის ხელოვანი ადამიანები. გამოფენის მიმართ საზოგადოების მხრიდან ინტერესი დიდი იყო, ამიტომ გალერეის კარები მოწოლილი ხალხის ნაკადმა შეანგრია. მარლენ კიტიამ საკუთარი პროთეზის ფეხი დაუდო კარს და დამთვალიერებლები დარბაზში შეუშვა.

მხატვრის ოთახში დღესაც კიდია დაუმთავრებელი ნამუშევრები. როგორც მისი შთამომავლები ამბობენ, ლადო გუდიაშვილს მსგავსი რამ ახასიათებდა – ზოგჯერ დაიწყებდა ხატვას, რაღაც მომენტში აღარ სურდა მისი გაგრძელება და ნამუშევარს დაუმთავრებლად ტოვებდა.