თემურ ჩხეიძე მიხეილ თუმანიშვილზე

თემურ ჩხეიძე მიხეილ თუმანიშვილზერეჟისორი თემურ ჩხეიძე ყოველთვის დიდი მადლიერებით საუბრობს თავის პედაგოგზე მიხეილ თუმანიშვილზე, რომელმაც მის ცხოვრებაში უდიდესი კვალი დატოვა:

“მიშა მაგარი იყო! უდიდესი ამაგი აქვს ამ ადამიანს და დიდი პედაგოგი და დიდი რეჟისორი იყო.

ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვამბობ, როცა ვდგამ, სულ ვფიქრობ, ნეტა, მიშა რას იტყოდა ამ სცენაზე.

მიშას სკოლა გავიარე, მაგრამ არა როგორც სტუდენტმა. რომ დავამთავრე, ზუგდიდში წავედი სამუშაოდ. ორი სეზონი ვიყავი იქ და რომ ჩამოვედი, ასეთი საჩუქარი მივიღე – ბატონმა მიშამ დამიძახა და ასისტენტობა შემომთავაზა მისი კურსის. მარინა ჯანაშიას, გივი ჩუგუაშვილის კურსი იყო. მეორედან მესამე კურსზე გადიდიოდნენ. ძალიან გამიხარდა. ის 2 წელი, რომელიც გავატარე მიშას გვერდით, იყო ყველაზე დიდი სკოლა.

ანაწილებდა სამუშაოს, ყველას რაღაცას ავალებდა. ერთხელ მასხოვს, დამავალა რაღაც სცენა, ორი დღე რომ ვიმუშავე, მომეჩვენა, რომ გამოვიდა. დათო კვირცხალია იყო დაკავებული. იკითხა მიშამ, იმ სცენის საქმე როგორ არისო, ვუთხარი, რა ვიცი ვიმუშავეთ-მეთქი. შეგიძლიათ მაჩვენოთო?! ითამაშეს, სხვისი გაკეთებული სცენაც ნახა. ილაპარაკა იმ სცენაზე… მგონია, რომ ჩვენი სცენა კარგი გამოვიდა, მაგრამ არ ლაპარაკობს. ბოლოს როგორც იქნა, ამოიღო ხმა: ახლა რაც შეეხება თქვენს სცენას, კარგი სცენაა, ძალიან კარგი სცენაა, არავითარი შენიშვნა არ მაქვსო, მაგრამ ინტონაციაა ისეთი, რომ უნდა თქვას “მაგრამ”… მაგრამ არ ამბობს… რაღაცას არ ამბობს…

ბოლოს სად მიდიხართო ვკითხეთ, სახლშიო. ეს ნიშნავს, რომ ზემელამდე უნდა მივიდეთ ფეხით. მივდივართ და მეუბნება, მართლა კარგი სცენაა, მაგრამ იცი რა ვიფიქრე, ეგრე ხომ მეც შემიძლია. ჩვენს შორის ხომ არის ერთი 20 წელი განსხვავება, როგორც შეიძლება შენც ისევე აკეთებდე, როგორც მე, შენ სხვანაირად უნდა გააკეთოო.

ახლა რომ ვფიქრობ, ის აბსოლუტურად სწორი იყო. მერე მივხვდი, ცოტა გვიან, მაგრამ სჯობს გვიან…
როცა დავალებას მოგვცემდა და მუშაობას დავასრულებდით, გვეგონა, რომ რაღაც გავაკეთეთ და მივიდოდით როგორც ეშაფოტზე. დაიწყებდა მიშა, არ შეგარჩენდა არაფერს, ეს რანაირად, როგორ მოგივიდათ ეს? როგორც კი რამე არ მოსწონდა, ლაპარაკობდა თქვენობით. რომ იყავი ეშაფოტზე მისული, კარს რომ გაგიღებდა და რომ გეტყოდა “მობრძანდით” – ვაიმე! დავიღუპეთ! არ მოსწონს! თუ დაამატებდა “დაბრძანდით” უკვე ყველაფერი გასაგები იყო ე.ი. ძალიან ცუდად იყო საქმე…

მარტო იმაში არ არის საქმე, რომ ადამიანურად გვენატრება მიშა. კიდევ რა არის იცით, ყველაზე მთავარი ეგეთ დროს ყველაზე გამოუსწორებელი – კარგავ ადამიანს, რომელსაც შეეძლო თავისუფლად ეთქვა შენთვის – რა არის ეს რა გაგიკეთებია, არა გრცხვენია? – ეგეთი ადამიანი უკვე აღარ არის.

ეს არის ყველაზე მძიმე – ახლა კი არა, მაშინაც ვიცოდი, რომ დრო რომ გადის, მით უფრო ხვდები, რა კარგია, როცა შენს წინ არის ადამიანი, რომელსაც მიყვები და ის ხანდახან გიცდის, რომ დაეწიო. მაგრამ მუდმივი ამქვეყნად არაფერი არ არის.”