5 თებერვალი, 2020

ნოდარ მგალობლიშვილის დაუმსახურებელი ტკივილი

ნოდარ მგალობლიშვილის დაუმსახურებელი ტკივილიმსახიობ ნოდარ მგალობლიშვილის ცხოვრება ია-ვარდით მოფენილი არ ყოფილა, ბევრ სიხარულს ახლდა ბევრი ტკივილი. თუმცა ტკივილი, რომელიც მას სიცოცხლის ბოლოს მიაყენეს, როგორც ყველა დანარჩენი, ისიც უჩუმრად აიტანა.

ნინო ჩხიკვიშვილი, ნოდარ მგალობლიშვილის მეუღლე:

“ეს ფოტო გურანდა გაბუნიას ვარსკვლავის გახსნის დღესაა გადაღებული, რა თქმა უნდა, ნანა ჭრელაშვილმა გადაიღო და შემოინახა წამი, რომელიც არასოდეს გამეორდება!

არ ვიცი, არ მახსოვს, აქ რაზე საუბრობენ.

ადრე, როცა ამ ფოტოს დავხედავდი, მეცინებოდა, ეს რა მაგარი ფოტო გადაგიღოთ ნანამ-მეთქი!

ახლა, ახლა კი, ეს ფოტო მასევდიანებს და მეჩვენება, რომ… თითქოს იმ სათქმელსაც ინახავს, რაც უთქმელი დარჩა „იმ დღეს“.

 

ნოდარ მგალობლიშვილის დაუმსახურებელი ტკივილი

 

სანამ ავადმყოფობა ბოლომდე დაჯაბნიდა, თავიდან ხელს იტკიებდა. ვერაფრით ვერ გავიგეთ რატომ და საიდან… თუმცა ახლა ეს არაა მთავარი, მხოლოდ ის დღე მინდა მოვიგონო: გურანდას დაკრძალვის დღე.
დილიდანვე აწრიალდა: მიუხედავად იმისა, უკვე უჭირდა ხელის ამოძრავება, წვერი თვითონ გაიპარსა და როცა ვკითხე – რას აპირებ, – ვუგულისხმე, ხომ არაფერს იტყვი-თქო?
– აბა რა, სიტყვა უნდა ვთქვაო! – მიპასუხა.
გამიკვირდა, არ იყო ამგვარ გამოსვლებს დახარბებული, მაგრამ აშკარა იყო სათქმელი ჰქონდა და აპირებდა კიდეც რომ ეთქვა.

მერე წავედით „მარჯანიშვილში“.
სცენაზე ასვლა გაუჭირდა. ძალიან გაუჭრდა, მეყრდნობოდა. ასე აიარა ის რამდენიმე საფეხური, ბაჩულამ (ასე ეძახიან მარიამს, ოთარისა და გურანადას ქალიშვილის) რომ დაინახა ასე წვალობდა, წამოდგა და თვითონ მოვიდა: – ნოდარი ძია, როგორ შეწუხდითო!
მერე, ვიღაცამ სკამი დაუდგა, მეც იქვე, გვედრით დამსვეს.
ბატონი გივი ჩუგუაშვილი, ბატონი გია ბურჯანაძე და კიდევ სხვები მოვიდნენ და ნოდარი მოიკითხეს.
მერე ისე მოხდა, რომ სკამი გათავისუფლდა ნოდარის გვერიდით და ბატონი გივიც იქვე დაჯდა.
გაიხსენეს ძველი წლები, , „რუსთავის თეატრის“ ამბები და როცა სამგლოვიარო პროცესია დაიწყო, წამყვანმა ლამის ყველას მოუხმო მიკროფონთან, გარდა ბატონი გივისა და… რა თქმა უნდა, ნოდარის არსებობა არც გახსენებია. არადა… ეს იჯდა და ელოდებოდა, რომ… რომ სიტყვას მისცემდნენ!

– შენ რომ გინდოდა, რაღაცა გეთქვა გურანდასთვის, რა უნდა გეთქვა?
– ჰო… ასე… არავის გავახსენდი და… არა, ეგ არაფერი!

ძალიან მაინტერესებდა რა უნდოდა ეთქვა, რის სათქმელად ემზადებოდა დილიდანვე, როგორ აპირებდა დამშვიდობებას გურანდასთან?
შინ რომ მივედით, ამაზე აღარც თვითონ მოინდომა ლაპარაკი და ვერც მე ჩავეძიე.

გურანდას მერე კი… სწორედ მისი კუბო ესვენა მარჯანიშვილის სცენაზე;

უცნაურია, ვინ იცის, ამას თუ გრძნობდა და ამიტომაც მოინდომა ასე მთელი გულით, სიცოცხლეში პირველად და უკანასკნელად, გამოსულიყო და „რაღაცა“ ეთქვა.
მოინდომა, მაგრამ სიტყვა არ მისცეს.

გული მწყდება, თან ინტერესი მიმძაფრდება!

არადა, ეს იქნებოდა მისი უკანასკნელი „გამოსვლა“ „მარჯანიშვილის“ სცენაზე.”