14 თებერვალი, 2020

ნიკო გომელაური სიყვარულზე

ნიკო გომელაური სიყვარულზემსახიობი და პოეტი ნიკო გომელაური მარადიულ კითხვას – რა არის სიყვარული ასე პასუხობდა:

“რა არის სიყვარული? ეს მარადიული კითხვაა… ბოლომდე უპასუხოდ დარჩება. ამით არის ის დიდებული.
ღმერთია თავად სიყვარული – სიყვარულს მეტი განსაზღვრება არ აქვს. სიყვარული უნდა იყოს ყველაფერში, რასაც არ უნდა აკეთებდე… სხვაგვარად ცხოვრება წარმოუდგენელია.

ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რომ ამ ქვეყანაზე ბოროტებისთვის კი არა, სიყვარულისთვის ვართ გაჩენილები. ნამდვილი გრძნობით ნათქვამი “მიყვარხარ” არასოდეს გაუფასურდება… საკუთარი თავი კი არ უნდა გიყვარდეს და იძახო, რა კარგი ვარ, ეს სიყვარული რომ დავიმსახურეო, პირიქით, სულ უნდა ფიქრობდე, რა გავაკეთო, რომ კიდევ უფრო მეტად შევუყვარდეო.

როგორც წესი, შეყვარებული ადამიანები სიყვარულს არ უფრთხილდებიან. სიყვარული სწორედ იმიტომაა სიყვარული, რომ როცა შენ არ უფრთხილდები საკუთარ გრძნობას, მე უნდა გავუფრთხილდე და შესაბამისად, შენ უნდა გაუფრთხილდე ჩემსას. მერე წყენა, გაბრაზება და გულისტკენაც გაივლის. სიყვარულის გამო შეიძლება ვიღაც დაახრჩო, შეიძლება თავი მოიკლა…

თუ კაცი ხარ, თუ გიყვარს, რა გასაკვირია, რომ გინდა საყვარელ ქალს მთელი სამყარო აჩუქო, დაუსრულებლად უთხრა, რომ მშვენიერია და რომ გიყვარს, აკეთო მისთვის პატარა სისულელეები… თუმცა რატომაა სისულელეები, თუ ამით სიამოვნებას იგრძნობს. ისედაც ხომ ისე ხდება, რომ ყველაზე ახლობელ ადამიანებს ყველაზე მეტად სტკენ გულს, ხანდახან ნაკლებ ყურადღებას აქცევ, იმიტომ რომ იცი შენი ადამიანია, შენი ნაწილია… მოკლედ შენია და ძალიან უყვარხარ…

სიყვარული ბედნიერებაა, რაც ყველა უბედურებას გადაგატანინებს… ეს ის გრძნობაა, როცა არაფერზე ფიქრობ და გგონია, რომ ყოველთვის ასე გაგრძელდება… როცა პირველი გრძნობა ცვლილებას განიცდის, არ უნდა იფიქრო, რომ ყველაფერი დამთავრდა. უბრალოდ გრძნობამ სხვა ფორმა შეიძინა და ამ ფორმას უნდა გაუფრთხილდე… ჩვენ კი, სულ ის გრძნობა გვინდა, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს ნელდება…

არა მგონია, რომ სიყვარულის დასამტკიცებლად ბევრი სიტყვა იყოს საჭირო. ადამიანებს თვალებში გვაქვს სიყვარულის მუხტი და ამის გასხივება უსიტყვოდაც შეგვიძლია. მიმაჩნია, რომ კაცი არ უნდა იყოს მონა. საშინელებაა მონობა! თუმცა, სიყვარულის მონობა სასიამოვნოც არის და აუცილებელიც!”