8 თებერვალი, 2020

ივანე მაჩაბელი – საჩუმათო ისტორიის მსხვერპლი

ივანე მაჩაბელი - საჩუმათო ისტორიის მსხვერპლისაზოგადო მოღვაწე, მთარგმნელი, პოეტი და პუბლიცისტი ივანე მაჩაბელი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. მის გაუჩინარებასთან დაკავშირებით არაერთი ვერსია არსებობს, თუმცა რომელიც ნამდვილი, არავინ იცის.

8 თებერვალი ივანე მაჩაბლის ხსენების დღეა. პოეტი თინათინ მღვდლიაშვილი ამ დღეს პოეტისადმი მიძღვნილი ლექსით ეხმიანება:

“ქართველებო, დღეს საქართველოს გული მეფეთა მეფეს, წმინდა დავით აღმაშენებელს აქვს დაპყრობილი, მაგრამ, ნება მომეცით შეგახსენოთ, რომ 8 თებერვალი ქართული მწერლობის პრინცის, ივანე მაჩაბელის ხსენების დღეც გახლავთ. ერთად მოვიგონოთ დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწე, მთარგმნელი, პოეტი, პუბლიცისტი და ულამაზესი ვაჟკაცი… უცნაური, საჩუმათო ისტორიის მსხვერპლი, უგზო-უკვლოდ დაკარგული გენიალური ვანო მაჩაბელი!…

მისი ადგილსამყოფელი მე ვიცი – იგი ჩემს გულში, ჩემს სულში სახლობს, რადგან ბავშვობაში შემაყვარა მამამ.. მე კი, პატარა გოგონამ, გულში ჩავიხუტე და შემოგინახეთ….

გთავაზობთ ჩემ მიერ შექმნილ ივანე მაჩაბლის ე პ ი ტ ა ფ ი ა ს.

ივანე მაჩაბლის ე პ ი ტ ა ფ ი ა
“ბევრი რამ ხდება, ჰორაციო, ცათა და ქვეყნად,
რაც ფილოსოფოსთ არც კი დასიზმრებიათ…”
შექსპირი (,,ჰამლეტი”)

“მე მაწამებდა ივერიის ბედი მწუხარე,
კეისრის სევდა… და იაგოს ვნებანი ქვენა…
თუმც სამშობლოსთვის ვიმარხულე და ვიმწუხარე, –
,,ბევრი რამ ხდება, ჰორაციო, ცათა და ქვეყნად…”
“სადა ვარ? ზეცად! – სად მშფოთვარე ჰამლეტის ლანდი
მშვიდია ისე, როგორც ლირი და კორდილია…
მაგრამ, თუ სადმე ეკალბარდში იტირებს ვარდი,
ან თმაგაშლილი შემოგხვდებათ გზად ოფილია…
ან თუ ზესკნელის სინათლისკენ გაგექცათ თვალი,
რიჩარდის ხმალმა თუ გააპო ღამის ოცნება…
თუ მკვიდრად ნაშენ ციხე-დარბაზს გაუჩნდა ბზარი,
ან უცხო მგზავრი შეაყოვნა ცისკრის ლოცვებმა…
ან სარეცელზე, ვით შამბნარში ჩხრიალა გველის,
თუ შეგეფეთათ ბანოვანის თამამი მზერა…
ან თუ სადავემიშვებული ველური ცხენი,
შედგება ყალყზე, ვით დემონი, ვით ბედისწერა! –
მე მომიგონეთ! – ივერიის ბედზე მწუხარე,
შლეგი ბრუტუსის სიავე და ვნებანი ქვენა…
საქართველოსთვის ვიმარხულე და ვიმწუხარე, –
,,ბევრი რამ ხდება, ჰორაციო, ცათა და ქვეყნად…”