10 თებერვალი, 2020

ირაკლი სამუშია და კოკა ხუბუტია თეატრიდან წავიდნენ

ირაკლი სამუშია და კოკა ხუბუტია თეატრიდან წავიდნენზუგდიდის თეატრის მსახიობები ირაკლი სამუშია და კოკა ხუბუტია თეატრიდან წავიდნენ.

ინფორმაცია ამის შესახებ ზუგდიდის თეატრის ყოფილმა სამხატვრო ხელმძღვანელმა ბადრი წერედიანმა გაავრცელა:

“ზუგდიდის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელად ყოფნის პერიოდში ვალდებულად ვთვლიდი თავს, ადგილობრივ მთავრობასთან მქონოდა მაქსიმალურად კონსტრუქციული ურთიერთობა თეატრის შენობის სავალალო მდგომარეობიდან გამომდინარე. არსებულ რეალობაში წარმოუდგენლად მიმაჩნდა ქვეყნის მმართველი ძალისა და ადგილობრივი თვითმართველობის გარეშე ამ პრობლემის სათანადო დონეზე გადაწყვეტა. აუცილებელობას წარმოადგენდა შექმნილიყო პოლიტიკური ნება თეატრის სრული რეაბილიტაციის და ეს ასეც მოხდა.

ფაქტია, რომ დღეს თეატრი შენდება, წავედი თეატრიდან, რადგან გულწრფელად მივიჩნიე, ჩემთვისაც და თეატრის მომავლისთვისაც ასე სჯობდა, თეატრში მომხდარი მწვავე დაპირისპირების შემდეგ, რომელიც აქვე გეტყვით, რომ ნამდვილად თეატრის გარედან იყო ინსპირირებული და სრულად მხარდაჭერილი. საჭიროდ ჩავთვალე, რომ ახალი სისხლი და ენერგია სჭირდებოდა თეატრს, წავედი.

აქვე მინდა მადლობა გადავუხადო გეგა ქურციკიძეს რომ თეატრისათვის რთულად გარდამავალ პერიოდში ვალდებულება აიღო მის შემოქმედებით სტაბილურობაზე ზრუნვა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში. ფაქტია, რომ მიუხედავად თეატრში მიმდინარე რთული და ემოციური პროცესებისა, გეგას თეატრში ყოფნის პერიოდში შემოქმედებით პროცესს რეალური საფრთხე არ შექმნია. სხვათაშორის, ფაქტია ასევე, რომ ეს ის გეგაა, ვინც პირველი “დურუჯის შეგრძნება” მოუტანა ზუგდიდის თეატრს, მადლობა მას ამისათვის!

ეხლა კი მთავარ თემას დავუბრუნდები, როგორც ინტერნეტში ნანახი სტატიიდან გავიგე, ორი მსახიობი კოკა ხუბუტია და ირაკლი სამუშია თეატრიდან წავიდა. ეს ორი მსახიობი თითქმის სრულად არის წარმოდგენილები თეატრის მიმდინარე რეპერტუარში და ეს ფაქტი თავისთავად სცემს უამრავ შეკითხვას პასუხს…

ძალიან მძიმეა ჩემთვის მიმდინარე პროცესები, ადამიანურად მძიმეა, მერწმუნეთ! ჩემი სუსტი მხარე აღმოჩნდა საკადრო პოლიტიკა, ჩემს წილ პასუხისმგებლობას ვგრძნობ და ბოდიშს გიხდით თეატრში შექმნილი რთული ვითარებისათვის. სწორედ ამ პასუხისმგებლობის გამო წავედი, მაგრამ მხოლოდ მას მერე, რაც მავანმა საკუთარი ხელით გაიტანა უნამუსოდ შეთითხნილი პასკვილები…

მიუხედავად ჩემში დაგროვილი ბევრი თბილი მოგონებისა და ემოციურად მძიმე გადაწყვეტილებისა, დავამთავრე ბოლო ორი პროექტი, გასტროლი ჰოლანდიაში, სპექტაკლი “უღელტეხილი” და წავედი თეატრიდან, წავედი ჩემი ნებით და იმ იმედით, რომ თეატრში მოვიდოდა ახალი, ნეიტრალური ძალა და მიმდინარე პროცესები ჯანსაღ დინებას დაუბრუნდებოდა…

სამწუხაროა… ძალიან ვწუხვარ, ბიჭებო… მინდა მჯეროდეს, რომ ყველა ახალ გამოწვევას დაძლევთ და საუკეთესო წინ გელოდებათ!”