22 იანვარი, 2020

თემურ ჩხიკვაძე – ქართული ესტრადის მემატიანე

თემურ ჩხიკვაძე - ქართული ესტრადის მემატიანექართული ესტრადის მემატიანე, საქართველოს ტელევიზიის დიქტორი, გადაცემა “მოამბის” წამყვანი თემურ ჩხიკვაძე 70 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ბნელ 90-იანებში “ევრიკაზე” გადაცემა “სალონი” მიჰყავდა და ცნობილი ხელოვანების სტუდიაში სტუმრობით და საინტერესო ისტორიების მოყოლით ყველაზე მძიმე დღეებს ალამაზებდა.

გივი გომელაური:

“კიდევ ერთი ნაღდი თბილისელი, კეთილო, უბოროტო და სიკეთით სავსე კაცი. ქართული ესტრადის მემატიანე, თემურ ჩხიკვაძე გარდაიცვალა. მრავალი წელი იყო საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის დიქტორი, მერე მოვიდა ჩემთან “ევრიკაზე”, სადაც მიყავდა ძალიან პოპულარული და აგრეთვე მნიშვნელოვანი გადაცემა “სალონი”. მაშინ გადაღებული გადაცემებით განებივრებულნი ვყავდით მისი მეგობრები.

ძალიან ხშირად გადაცემის დამთავრების შემდეგ, გადაცემის სტუმრები გვეპატიჟებოდნენ საბურთალოზე იყო სახინკლე “მოხევური” ხინკალზე. მე ამას გავუძელი სამი წელი, მერე დიდი პერიოდი ხინკლისკენ ვერ ვიხედებოდი.

ბევრი უსამართლობა გადახდა თავს, მაგრამ არ ინახავდა ბოღმას, ძალიან გულიანი კაცი იყო. სამწუხაროა… მიდიან ნაღდი კაცები… იკარგებიან ქართული კოლორიტი პიროვნებები… ღმერთმა ნათელში დაამკვიდროს.”