4 დეკემბერი, 2019

ანა მამულაშვილის უკანასკნელი ჩანაწერი

ანა მამულაშვილის უკანასკნელი ჩანაწერიჟურნალისტ ანა მამულაშვილის ბრძოლა სიმსივნესთან მისი დამარცხებით დასრულდა. 6 წლის განმავლობაში მან ყველაფერი გააკეთა მელანომასთან დასამეგობრებლად, თუმცა დაავადებამ ულამაზეს გოგონას მეგობრობის ხელი არ გაუწოდა:

“გეკითხათ ჩემთვის რისი მეშინოდა ყველაზე მეტად, დაუფიქრებლად ვიტყოდი, რომ-სიკვდილის. მერე მივხვდი, რომ სიკვდილზე ნერვიულობა ცალსახად-ეგოიზმია! დატირებებიც, ზუსტად ასეთივე ეგოისტური გვაქვს: “მე” რა უნდა ვქნა უშენოდ?! “მე” რა მეშველება შენს გარეშე?! უშენოდ “მე” ვერ გავძლებ! “მე” უშენოდ მოვკვდები! “მე” რა დავაშავე… და ა.შ. საკუთარი ეგო წინა პლანზე და ამით გადაქანცული მიცვალებული მერე ნელ-ნელა მეგობრებმა დაიწყეს “წასვლა”, სული ამეწვა… ხორცების დაგლეჯა მინდოდა… მკვლელის, ლინჩის წესით, მინდოდა დასჯა…ისევ ეგოისტი გავხდი და მივხვდი, რომ თეორიული ცოდნა იმაზე, რომ ეგოიზმია სიკვდილზე ღელვა, პრაქტიკაში ვერ გამოვიყენე.

ერთ რამეში ვერ ვთანხმდებით მე და ღმერთი: ვერ ვპატიობ სამყაროს ისე მოწყობას, რომ დედა, შეიძლება შვილის სიკვდილს შეესწროს! არ შეიძლება ამდენი ენერგია, ემოცია, ამდენი დადებითი ენერგეტიკა, ასე უბრალოდ გაქრეს და უცებ გაშავდეს… სანამ, ჯერ კიდევ თენდება, არ დავიღალოთ სიკეთის თესვით, ყოველი საქმის საწყისად სიყვარული ვაქციოთ, რაც შეიძლება მეტ დადებით ემოციას ჩავჭიდოთ ხელი. სხვა ყველაფერი გაქრება, ყველაფერი დაგვეხარჯება, მოგონებების გარდა.”

***

“როდესაც პირველად გავიგე მისი სახელი, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ფიგურა გახდებოდა, ჩემს ცხოვრებაში. მართალი გითხრათ, ვერც კი მივხვდი, რაზე იყო საუბარი. ბევრს არც შემდეგ ჩავძიებივარ. უკვირთ, თუმცა არ წამიკითხავს, არცერთი სტატია მასზე. საკმაოდ ეფექტურად, მან თავად მოახდინა საკუთარი თავის პრეზენტაცია. არასოდეს მიცდია მისი დაჩაგვრა, სხვა ტაქტიკა ავირჩიე და გაამართლა.

არ შეეჯიბრო შენზე ძლიერს, ღონიერს, ვერაგსა და ზოგჯერ დაუნდობელს. პირიქით: დაუყვავე, თხოვე, შეპირდი, ილოცე… ვერასოდეს დაამარცხებ სამყაროს მტერს, მითუმეტეს არასწორი მიდგომებით.

მერე იყო ქაოსი, ბევრი აზრი, თვითმფრინავი წინ-უკან, მერე ისევ წინ და მერე, ისევ უკან. შემდეგ იყო აბები და სიკვდილი, რომელიც, საბედნიეროდ, არ დადგა…

ცოტა ხანში დაიბადა ანდრე…. პატარა ხელები, თბილი ფეხუცები, დირექტორის ხასიათი, სიმშვიდე სულში, გულში ვერ დატეული სიყვარული და მერე, ისევ ქაოსი…

ცხოვრებაში, რაც მეზიზღება, ეს სასოწარკვეთილება და ერფეროვნებაა. მიხარია, რომ მუდმივად მაქვს თავგადასავლები, იმედგაცრუებები, დღესასწაულები, ქაოსი და ფოიერვერკები… სავარაუდოდ, სწორედ ამიტომაც დავმეგობრდით ასე ახლოს, მე და მელანომა…”

***

“ბევრი ფიქრი მოდის, სანამ დაახლოებით 40-45 წუთი, გაუნძრევლად მიწევს წოლა გამოკვლევებზე. რაღაცნაირად დიალოგი გაქვს, ამ დროს საკუთარ თავთან: მთელ ცხოვრებას აანალიზებ: ხან გეცინება, ზოგჯერ ეთანხმები, უპროტესტებ და ხან ცრემლებიც მოგდის-სინანულის, ბრაზის, წყენის… ამ დღეებში გადავღალე თავი ფიქრით და მივხვდი, რომ საკუთარ თავზე უკეთესად, არავინ იცის რა გჭირდება შენ, რისი დეფიციტი გაქვს, რა არ გაკმაყოფილებს ან რაში პოულობ შვებას… სავარაუდოდ, ვერც იმაზე კარგს ვუსურვებთ ერთმანეთს, რაც საკუთარი თავისთვის გვინდა თითოეულს.

პატივი ვცეთ სხვის აზრს, მაგრამ დავუჯეროთ მხოლოდ, საკუთარ თავებს და ინტუიციას!

პ.ს. დღესაც ფიქრის დღე მქონდა, ტვინი დამითვალიერეს და თურმე მაქვს…”

ეს კი ანას უკანასკნელი ჩანაწერია:

“ცხოვრებაში, ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლება – ძალიან ვეთანხმები ამ მოსაზრებას, თუმცა ზოგჯერ, ბოლოც მაკვირვებს ხოლმე. 2013 წლამდე, ანალგინის გარდა სხვა მედიკამენტი არასდროს დამილევია, ისიც ძალიან იშვიათად. მელანომის გაცნობის შემდეგ, უკვე იმდენი წამალი გავსინჯე, მგონი ყველა აღარც მახსოვს. აქედან მე ვუტევ, იქიდან ის ცდილობს ჩემს დაჩაგვრას და ვართ ასე, უკვე 6 წელია.

ვცდილობ, არასოდეს მახსოვდეს, როცა ცუდად ვიყავი. არ ვიცი როგორ, მაგრამ ტვინში ვბლოკავ “ცუდ” დროს, რთულ პერიოდებს ცხოვრებაში, არასწორ გადაწყვეტილებებს, ძლიერ წამალს, რომელმაც მელანომასთან ერთად, ლამის მეც მომიღო ბოლო. ვბლოკავ ადამიანებს, ჩემთვის მიუღებელი საქციელებით და შემდეგ ქუჩაშიც რომ ვნახო, გულწრფელად ვერ ვცნობ მათ. ვერანაირად მოვახერხე “ინტერფერონის” დაბლოკვა, რაღაც სხვა განზომილება იყო ჩემს ცხოვრებაში, სასტიკად აგრესიული. გავთეთრდი, გავხდი, დავნევროზდი, ფიზიკურად დავსუსტდი… წერისას მიჭირს იმ სიმძაფრის გადმოცემა, რაც გამოვიარე…

ძალიან გამიმართლა, რომ “ჯი დი ეს”-ში ვმუშაობდი, მაშინ. მადლობელი ვარ თითოეული თანამშრომლის, რომ ამდენი მომითმინეს, ამდენი მეფერეს, ძალიან ბევრჯერ გადამისვეს თავზე ხელი, გვერდში დამიდგნენ და დღემდე ასეა. საშინლად იღბლიანი ვარ… ახლა, კვლევის ახალი შედეგებისას, კვლავ შემიცვალეს წამალი.

2013 წელი მახსენდება. დილა განსაკუთრებით რთულია. სარკეშიც თითქოს, სხვა ადამიანს ვუყურებ, შეშუპებული თვალებით და გამქრალი ნაპერწკლებით. ვერ ვეგუები ენერგიის ასე სასტიკად გამოცლას ხელიდან და მიჭირს გაცნობიერება, რომ მოხუცივით მტკივა ძვლები. ზოგჯერ იმასაც ვფიქრობ, იქნებ ჯობია, რომ საერთოდ არ დავლიო, მის გარეშე ხომ უკეთესად ვიყავი და მგონია, რომ სანამ ხარ უნდა იყო მხიარული და ლაღი, თუმცა მერე სულ მახსენდება, რომ ცხოვრებაში ყველაფერი აუცილებლად უკეთესობისკენ იცვლება!

სასოწარკვეთილება არასოდეს მიგრძვნია, აუცილებლად ასეც გავაგრძელებ და მჯერა, რომ ძალიან მალე მოვახერხებ, ამ მედიკამენტის უკუჩვენებების დაბლოკვას ტვინში!”