23 ნოემბერი, 2019

“კომეტები” – ქართული ფილმი ორი ქალის სიყვარულზე

"კომეტები" - ქართული ფილმი ორი ქალის სიყვარულზერეჟისორ თამარ შავგულიძის ფილმი “კომეტები” ორი ქალის სიყვარულზეა და მისი მსოფლიო პრემიერა კანადაში ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.

დრამის ჟანრის ფილმში მონაწილეობენ მსახიობები ქეთევან გეგეშიძე, ნინო კასრაძე, კატო კალატოზიშვილი, ნინა მაზოდიერ და მარიამ ირემაშვილი.

„კომეტების“ სცენარზე რეჟისორმა თამარ შავგულიძემ თავად იმუშავა. ფილმი ორი შუახნის ქალის ხანგრძლივი სიყვარულის ისტორიას აღწერს. ნანა და ირინა ბავშვობის მეგობრები იყვნენ. თინეიჯერობის ასაკში მიხვდნენ, რომ მათ შორის რაღაც უფრო მეტი იყო, ვიდრე მეგობრობა. როდესაც ამის შესახებ მათ ირგვლივ მყოფმა ადამიანებმა გაიგეს, ამ ორის ცხოვრება აუტანელი გახდა. ამიტომ ირინამ ნანა მიატოვა და უცხოეთში წავიდა საცხოვრებლად. ნანა თბილისში დარჩა, გათხოვდა და ორი შვილი შეეძინა, მეგობრებს დაშორდა და თავი ოჯახს მიუძღვნა. წლების შემდეგ ირინა თბილისში ბრუნდება. ქალები ერთმანეთს სააგარაკო სახლში ხვდებიან, სადაც ადრე საუკეთესო წლები გაატარეს ერთად.

“ეს არის მშვიდი ფილმი, რომელიც ჰყვება ორი ქალის ხანგრძლივი, დაკარგული სიყვარულის ისტორიას. ფრაგმენტულ მოგონებებსა და დაძაბულ დიალოგებს შორის ფილმი მაყურებელს აჩვენებს ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის ურთიერთობას ქვეყანაში, რომელიც ჯერაც იბრძვის ლგბტქ+ ადამიანების უფლებებისთვის.”