22 ნოემბერი, 2019

იაკობ გოგებაშვილის გაძარცვული სახლ-მუზეუმის ისტორია

იაკობ გოგებაშვილის გაძარცვული სახლ-მუზეუმის ისტორია“დედა ენის” შემქმნელის იაკობ გოგებაშვილის გაძარცვული სახლ-მუზეუმის უცნობ ისტორიას და მის კეთილ დასასრულს თამარ მეტრეველი გვიზიარებს:

“სამაგალითო კაცი

90-იან წლებში, როცა ქვეყანას უკიდურესად უჭირდა, (თუმცა ქართულ ისტორიას უარესი ამბებიც ახსოვს), როცა არც სინათლით და ეკონომიურადაც არ ვიყავით განებივრებულები და თან, ახლადნატყვიარი საქართველო ისედაც ძმათამკვლელი ომის გამო გმინავდა – იქით აფხაზეთი იწვოდა და აქეთ სამაჩაბლო, “ქურდს რა უნდაო და ბნელი ღამეო” – ასე რომ იყო, მდინარე ლიახვის მარჯვენა სანაპიროზე ჩიტის ბუდესავით მიშენებულ სოფელ ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი გატეხეს და მწერლის პირადი ნივთები, ტანსაცმლის კარადა, ხალიჩა და საათი მოიპარეს…

იმ იაკობ გოგებაშვილისა, რომელმაც საკუთარი კეთილდღეობა ქვეყნის მომავალზე ზრუნავს შეალია.

იმ იაკობისა, რომელსაც, მიუხედავად იმისა, რომ შეყვარებული იყო დარო მამაცაშვილზე, არასოდეს უფიქრია დაოჯახება, სუსტი ჯანმრთელობის გამო, რადგან მისი დედა ტუბერკულიოზით გარდაცვლილიყო და თვლიდა, რომ ისიც გენეტიკურად ტუბერკულიოზის მატარებელი იყო და ამით საფრთხეს ვერავის შეუქმნიდა, მით უმეტეს, საყვარელ ქალს და მერე მემკვიდრე, მომავალ თაობას.

გაძარცვეს სახლი ადამიანისა, რომელმაც სკოლა გაუხსნა სოფელში გლეხებს და მათ შვილებს “აი ია” რომ შეესწავლათ, ანგარიში და წერა-კითხვა ესწავლათ, რათა ბაზარში წასული გლეხი არავის დაეჩაგრა და მოეტყუებინა, მიუხედავად ამისა, გოგებაშვილის ნაცვლად, მაინც მოგებაშვილს ეძახდნენ, რადგან უგუნურებითა და შურით აღვსილნი ფიქრობდნენ რომ ამ ყველაფერს მხოლოდ თავისთვის, პირადი კეთილდღეობისთვის აკეთებდა…

დრომ ყველაფერი თავის ადგილზე დაალაგა მაგრამ, აი, მეოცე საუკუნეში მისი სახლი გაიძარცვა….
შეშფოთდა სოფელი, ყველამ იცოდა იაკობის კარადის ფასიც და მნიშვნელობაც მუზეუმისა და სოფლისთვის, მაგრამ რა შეეძლოთ, ან რა შეუძლია ამ დროს გაჭირვებულ ადამიანს…

და, აი, ვარიანისა და სრულიად საქართველოს საამაყო შვილმა, მსოფლიო ჩემპიონმა კრივში გიორგი კანდელაკმა, რომელმაც არაერთხელ ასახელა თავისი ქვეყანა და საქართველოს სახელი საზღვრებს იქით გაიტანა, მოიძია მოპარული ნივთი, რომელიც უკვე ბათუმამდე იყო ჩატანილი და გემით მის თურქეთში გატანასაც აპირებდნენ, რომ არა გიორგი…

იაკობ გოგებაშვილის გაძარცვული სახლ-მუზეუმის ისტორია

მან უყოყმანოდ გადაიხადა დასახელებული თანხა და სულმნათი იაკობის კარადა სოფელში სახლ-მუზეუმს დაუბრუნა.

იაკობ გოგებაშვილის გაძარცვული სახლ-მუზეუმის ისტორია

როდესაც ეს ისტორია მუზეუმის დირექტორის, უსაყვარლესი ქალბატონის ნათია ადუაშვილისგან მოვისმინე, არაფრით არ შემეძლო ეს ამბავი ყველასთვის არ მეამბნა, მიუხედავად იმისა, რომ თავად გიორგის არ უნდოდა ამაზე საუბარი, მხოლოდ მისი ჩვეული, კეთილშობილური ღიმილით მისმენდა მასთან მისულს…

ჩემო გიორგი, აფერუმ შენს ვაჟკაცობას, მკლავთან ერთად, ჭკუაც რომ გიჭრის და ქვეყნის საკეთილდღეოდ რომ ხარჯავ მას. შენისთანა ადამიანებზე დგას დღეს საქართველო და არა მგონია მთლად ცუდად წავიდეს ჩვენი საქმე.

დგახარ იქ, სადაც უნდა იყო და აკეთებ იმ საქმეს, რისიც გჯერავს და მე მჯერა, რომ უფალი ამ დიდი სიყვარულისთვის, რასაც შენი ქვეყნის მამულიშვილობა და კაცურ-კაცობა ჰქვია, არასოდეს მიგატოვებს…

დალოცოს უფალმა შენი მონაგარი, დედაღვთისმშობლის ლოცვის ძალას დაეცავი, ხილული და უხილავი მტრებისაგან, ორსავე სოფელსა შინა…”