4 ნოემბერი, 2019

არაჩვეულებრივი იდეა ლელა ანჯაფარიძესთან დაკავშირებით

არაჩვეულებრივი იდეა ლელა ანჯაფარიძესთან დაკავშირებითლელა ანჯაფარიძესთან დაკავშირებით არაჩვეულებრივი იდეა ვრცელდება.

მისი ავტორი ზაურ ნაჭყებიაა:

“ოცნება სიკვდილის შემდეგ მაინც ავუსრულოთ!

ხვალ უკანასკნელ გზაზე გააცილებენ ულამაზეს და უნიჭიერეს ლელა ანჯაფარიძეს.

დიდხანს ვფიქრობდი, დამეწერა თუ არა ეს სტატუსი დაკრძალვამდე, მაგრამ, რადგან ათასი ყოფითი პრობლემებით გადაღლილი ადამიანები ემოციებისგან უცებ ვიცლებით, გადავწყვიტე, დღესვე მეთქვა.

დიახ, ხვალ ულამაზეს და უნიჭიერეს ლელა ანჯაფარიძეს დაკრძალავენ. ძალიან ცოტას თუ ეღირსება ასეთი სიყვარული და პატივისცემა, როგორც მას ერგო ნამდვილი თუ ვირტუალური მეგობრებისგან – ბევრი ფიზიკურად არც იცნობდა თურმე, მაგრამ, მისი სახალისო და ძარღვიანი ნაწერებიდან შეიყვარეს და ტკივილამდე განიცადეს მისი ნაადრევი გადასახლება იმ სამყაროში…

მეც არ ვიცნობდი. ბოლო ერთი წლის მანძილზე ინტერესით ვადევნებდი თვალ-ყურს ლელა ანჯაფარიძის უზადო შემოქმედებას – სტატიის, ჩანახატის თუ ლექსების სახით და აღფრთოვანებული ვრჩებოდი ყოველთვის.

რამდენიმე თვის წინ ჩემი ემოცია კომენტარის სახით დავაფიქსირე კიდეც – ისე ოსტატურად ახერხებთ სათქმელის გადმოცემას, წიგნად აკინძვაზეც უნდა იფიქროთ-მეთქი! მაშინ მოკრძალებულად მიპასუხა, რომ ფიქრობდა, მაგრამ, დღემდე ვერ მოეხერხებინა.

მერე პირადში შევეხმიანე იგივე რჩევით და როგორც პროფესიონალმა გამომცემელმა, მხარდაჭერაც აღვუთქვი. თან ვუთხარი, წიგნს გამოსაცემად უანგაროდ მე მოგიმზადებთ, იმდენი მხარდამჭერი გყავთ სოციალურ ქსელში, მისი გამოცემა არ გაგვიჭირდება-მეთქი.

უცებ გამომეხმაურა:

„ისეთი მადლობელი ყურადღებისთვის, ჩემთვის თქვენს აზრს დიდი მნიშვნელობა აქვს. ვფიქრობ ამ მიმართულებით, მაგრამ, საშინლად თავმოუბმელი ვარ ბავშვობიდან, როცა საქმე მე მეხება… ჩამოვყალიბდები და დაგიკავშირდებით. კიდევ ერთხელ უუუზარმაზარი მადლობა (ღილაკი არ მეჭედება, მართლა ბევრი „უ“-ებით)“.

თან ტელეფონები და ელექტრონული ფოსტაც გავცვალეთ.
ეს იყო ამა წლის 1 ოქტომბერს.

რამდენიმე დღეში ისევ შევეხმიანე და პირობა შევახსენე:

„პირნათლად ვადარებ, ვალაგებ, ვაწყობ… კვირა საღამოს გამოგიგზავნით… მადლობა ზაურ მასწ…“.

6 ოქტომბერს დაღონებულმა მომწერა, რომ ტექნიკური პრობლემები შეექმნა და გადმოგზავნა ვერ მოახერხა: „შეგირდს, როგორც ყოველთვის, ყველაზე საჭირო დროს კომპიუტერის ბუდე გაუფუჭდა, საიდანაც ის იკვებება. ამიტომ, დამაგვიანდება მასალების გადმოგზავნა“.

მეორე დღეს ისევ შემეხმიანა და მითხრა, რომ გაუჭირდა წინასიტყვაობის დაწერა: „მიჭირს წინასიტყვაობის შექმნა – ვინ, ვინ არის: ალბარა, ზურანჯა, ჯემალიკო, დედაჩკა… ამას რომ შევკრავ, მერე პრობლემა არ იქნება. დაწყება მინდა ამით – ალე ბებია, კიო და პიანინო.“.

თან მომიყვა, როგორ დააძრო 4 წლისამ ოჯახში ახალშემოტანილ პიანინოს კლავიშები, როგორ მისდევდა მოსაკლავად ბებია და როგორ ჩაიკეტა ტუალეტში, როგორ დაწერა მაშინ პირველი ლექსი და როგორ მოიგო უსაყვარლესი ბიძის – ლეგენდარული ზურაბ ანჯაფარიძის გული: აი, ეს ლექსიც, რომელიც დღემდე უშეცდომოდ ახსოვდა, თურმე.

„ბებიას აქვს პიანინო,
ლამაზია როგორც კიო,
კლავიშზე რომ ხელს დაადებ
გეტყვის, გიმღერს დო-რე-მიო.
დღეს ავაწყვე პიანინო
და დავუკარ „ჟუჟუნა წვიმს“.
ერთი დარტყმა და კლავიშს
მოუსწარი შავი დღის“.

ცხონებული ზურაბ ანჯაფარიძე საღამოს სახლში რომ მისულა, აფორიაქებული დედამისი და დასახიჩრებული პიანინო დაუნახავს და გაბრაზებულა. თუმცა, პატარა ლელას ტუალეტიდან ნათქვამ ლექსს ძალიან გაუხარებია და დედისთვის უთქვამს: „გამოუშვი მაგ ბავშვი, გენიოსია მგონი“-ო…

მეორე დღეს მომიბოდიშა: გეფიცებით ანდრიკოს (ანდრიკო ალბათ შვილიშვილია) სიზარმაცე არ არის შუაში… სხვა პრობლემაა“. ეს „სხვა პრობლემა“, სამწუხაროდ, მე არ ვიცოდი.

ქალბატონ ლელასგან უკანასკნელი მესიჯი 9 ოქტომბერს მივიღე: „უკაცრავად, გულის შეტევა მქონდა… იმედია, გამოვალ მდგომარეობიდან. დაგიკავშირდებით“.

სამწუხაროდ, ქალბატონი ლელა ამის შემდეგ არ დამკავშირებია. არც მე შემიწუხებია. მოგვიანებით გავიგე, რომ საავადმყოფოში იყო გადაყვანილი…

მე არაფერი ვიცოდი მის ავადმყოფობაზე. ცოტა არ იყოს გამიკვირდა, როცა მისი გვერდიდან ქალიშვილმა გვამცნო ქალბატონ ლელას უმძიმესი მდგომარეობა.

ახლა კი ვიტყვი, თუ რატომ გამოვაქვეყნე ეს სტატუსი დაკრძალვამდე.

გუშინ ერთმა ქალბატონმა (გვარი ვერ დავიმახსოვრე) დაწერა სოციალურ ქსელში – ლელა ისეთი ნიჭიერი იყო, მისი ნაშრომები აუცილებლად წიგნად უნდა გამოიცესო. მესიამოვნა, მითუმეტეს, ჩემი სურვილის გაგრძელებად მივიჩნიე.

მე ისევ იგივე აზრზე ვარ – შევიკრიბოთ ლელას ნიჭის თაყვანისმცემლები, ვთხოვოთ ოჯახს – შეაგროვოს მისი პუბლიკაციები, შევკრათ წიგნად და მის საფლავზე მე-40 დღეს „ხელდამშვენებული“ მივიდეთ.

ამაზე დიდ საჩუქარს მისი სულის საოხად ვერაფერს გავაკეთებთ. მითუმეტეს, თავისი ლაღი ბუნებითა და უზადო ნიჭით ქალბატონი ლელა ანჯაფარიძე ჩვენგან, მადლიერი მკითხველისგან, ასეთ ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს!

ველოდები გამოხმაურებას.”