13 ოქტომბერი, 2019

უმძიმესი ცხოვრების დასასრული – მიხეილ კობახიძე გარდაიცვალა

უმძიმესი ცხოვრების დასასრული - მიხეილ კობახიძე გარდაიცვალაკინორეჟისორი მიხეილ კობახიძე 80 წლის ასაკში ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

ინფორმაცია მწერალმა ზურაბ ქარუმიძემ გაავრცელა:

“მიშა კობახიძეც წავიდა…”

“ქორწილი”, “ქოლგა”, “მუსიკოსები” – ეს ის ფილმებია, რომლებიც რეჟისორის სავიზიტო ბარათებად არის ქცეული, თუმცა მიხეილ კობახიძის სახელთან და გვართან ყველაზე მეტად მაინც “ქორწილი” ასოცირდება. ეს ფილმი რეჟისორის სადიპლომო ნამუშევარია, რომელმაც მაშინვე მოიპოვა მაყურებლის უდიდესი სიყვარული.

მაგრამ “ქოლგა” მისი პირველი სადიპლომო ფილმი არ ყოფილა, მიხეილ კობახიძის მიერ გადაღებული პირველი სადიპლომო ფილმი იყო „რვანახევარი“, რომელიც საბჭოურმა ცენზურამ ანტისაბჭოურ ნაწარმოებად მიიჩნია და მოსკოვში გაგზავნამდე გაანადგურა.

რაც შეეხება ფილმს “მუსიკოსები”, ის მიხეილ კობახიძემ 1969 წელს გადაიღო, რის შემდეგაც მოსკოვის კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე რომანოვმა გამოსცა განკარგულება და ქართველ რეჟისორს დამოუკიდებლად ფილმების გადაღება აეკრძალა.

შემოქმედის ცხოვრებაში ყველაზე მძიმე პერიოდი 1984 წელს დადგა, როდესაც მისი და ნათელა მაჭავარიანის შვილი – 23 წლის გეგა კობახიძე თვითმფრინავის გატაცების საქმეზე დაიჭირეს და დახვრიტეს. ეს უდიდესი ტკივილი რეჟისორმა სიცოცხლის ბოლომდე ატარა, მაგრამ სამყაროსთან მაინც ჰარმონიაში დარჩა.

ხანგრძლივი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ, კინორეჟისორმა საფრანგეთში მოკლემეტრაჟიანი ფილმი „გზაზე“ გადაიღო.

მიხეილ კობახიძის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით რეჟისორებმა ლაშა ოთხმეზურმა და ვახო ვარაზმა გადაიღეს დოკუმენტური ფილმი „დაკარგული რვანახევარი“. მისი მთავარი გმირი თავად მიხეილ კობახიძეა, რომელიც საკუთარი შემოქმედების შესახებ გვიყვება. რეჟისორებმა ფილმში იუბილარი ხელოვანის ექვსი კინონოველა გააერთიანეს.