29 ოქტომბერი, 2019

თათია ხაინდრავა – უსამართლოდ დაჩაგრული მსახიობი

თათია ხაინდრავა - უსამართლოდ დაჩაგრული მსახიობიმსახიობი თათია ხაინდრავა მხატვრული სიტყვის დიდოსტატად იყო აღიარებული. მას მძიმე და რთული ცხოვრება ერგო როგორც პროფესიაში, ასევე პირადში.

კლასიკოსი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას დის შვილი – თათია ხაინდრავა თავის პირველ შეხებას მხატვრულ კითხვასთან ასე იხსენებდა:

“ერთხელ დიდ ოთახში ბავშვებს ვუკითხავდი ლექსებს. კონსტანტინემ დამიძახა და მითხრა: „აბა, ერთი ხმამაღლა წამიკითხეო“. მომიწონა. იმ დღიდან მხატვრული კითხვა უმთავრესი გახდა ჩემს ცხოვრებაში..“

მიუხედავად იმისა, რომ თეატრალურ ინსტიტუტშიც მიიღეს და მისი ნიჭიერებაც აღიარეს, მთელი ცხოვრება თეატრში მუშაობასა და როლებზე ოცნებობდა:

“30 წლის განმავლობაში, მხოლოდ „რას იტყვის ხალხში“ ვითამაშე. ლალი ნიკოლაძემ მომცა როლი. ერთხელ ზანდა იოსელიანმა მცა პატივი, თავი მოიავადმყოფა და ხუხაშვილის „მოსამართლეში“ დედა ვითამაშე. მარჯანიშვილის თეატრში ვიმუშავე მთელი 30 წელი, მაგრამ ხმა არ ამომაღებინეს. მასიურ სცენებში კი, იცოცხლე, წარამარა მათამაშებდნენ. თუ რომელიმე მსახიობი ავად გახდებოდა, მხოლოდ მაშინ მაღირსებდნენ სცენაზე გასვლას…“

ვერც ქართული კინოს სფეროში მიაღწია წარმატებას. გულისტკივილით იხსენებდა, რომ ვახტანგ ტაბლიაშვილმა “დიდოსტატის მარჯვენადან” ამოჭრა:

„დიდოსტატის მარჯვენაში“ ცოქალის როლი მქონდა. რეჟისორმა ვახტანგ ტაბლიაშვილმა გადაღებული ფირიდან ამომჭრა…“

საბედნიეროდ, მისი ნიჭიერება რობერტ სტურუამ დაინახა და სპეციალურად თათია ხაინდრავასთვსის სპექტაკლი “მზეო თიბათვისა” დადგა, რისთვისაც მსახიობი სიცოცხლის ბოლომდე მისი მადლობელი იყო:

„რობერტ სტურუამ ოქროს გვირგვინი დამადგა თავზე!“

უსამართლოდ დაჩაგრული თათია ხაინდრავა კონსტანტინე გამსახურდიამ გაიხსენა:

“თათია ხაინდრავა (1928-2005) – საქართველოს სსრ-ს დამსახურებული არტისტი, მხატვრული სიტყვის დიდი ოსტატი, არაერთი ჩანაწერის გარდა იგი მსმენელის და მაყურებლის ხსოვნაში დარჩა, რობიკო სტურუას რეჟისორობით დადგმული დეკლამატორული სპექტაკლით “მზეო თიბათვისა” – რჩეული ტექსტები ქართული ლიტერატურული კლასიკიდან.

საქართველოს სსრ-ს მეტად რთულ და თავისებურ კულტურულ ლანდშფტში, სადაც ადგილობრივი ლაკი ლუჩიანოები და ჯენოვეზები საკუთარ მიკროიმპერიებს იქმნიან, იქ თათიას ადგილი არ აღმოჩნდა. ყოველთვის მეორე პლანზე ყავდათ ზემოხსენებულთ – გინდ კინო ყოფილიყო, გინდ სპექტაკლი.

– ჩვენი უჩინო, არასოდეს დაფასებული თათიაო, – სიყვარულით იტყვის მოგვიანებით მერაბ კოსტავა.”