13 ოქტომბერი, 2019

აი, მერაბ კოსტავას ანდერძი!

აი, მერაბ კოსტავას ანდერძი!მერაბ კოსტავას ანდერძი მისმა თანამოაზრემ და თანამებრძოლმა ზვიად გამსახურდიამ მთაწმინდაზე დაკრძალვის დღეს გააჟღერა:

“დასრულდა მოწამეობრივი გზა დიდი მამულიშვილისა, ჩვენი ძმის და მეგობრის, ყველა ქართველის საფიცარი მერაბ კოსტავასი.

ჭეშმარიტად დიდია ღვაწლი, რომელიც მან დასდო საქართველოს თავისი თავდადებით, თავისი შემართებით, თავისი სიბრძნით, თავისი მაღალი ზნეობით, მაღალზნეობრივი მაგალითით.

ძმანო, დღევანდელი დღე 9 აპრილის ტოლია. ღვთის დიდება გადმოვიდა საქართველოზე, ძმანო, რამეთუ ამაღლდა დიდი ქართველი და დაჰნათის საქართველოს, ვითარცა წამებულნი 9 აპრილისანი და მოგვიწოდებს თავდადებისაკენ, მამულის სიყვარულისაკენ, ურთიერთ სიყვარულისაკენ.

თავისი დიდი გულით მერაბ კოსტავამ გააერთიანა საქართველო. მას ყველა უყვარდა, რამეთუ უწყოდა, უკეთუ არ შეიყვარეთ ურთიერთი, არ შეგიყვარებთ უფალი, ვერ გადარჩება ჩვენი სამშობლო. აი, ეს არის მერაბის ანდერძი: იყვარებოდეთ ურთიერთას, აი, მერაბის კრედო ცხოვრებისეული, აი, ის მიზანი, რომლისკენაც უნდა ვილტვოდეთ ჩვენ.

ძმანო, მოვექცეთ სარწმუნოებაზე, დავიბრუნოთ წინაპრების სარწმუნოება, რამეთუ წარვმწყდებით სიმრავლეთაგან ცოდვათა ჩვენთარსა, უკეთუ არა მოვექცეთ, მოვწყდეთ ცოდვათა შინა – აი, მერაბის ანდერძი, ძმანო! ვემსახუროთ უფალს, რომელსაც მსახურებდნენ ჩვენი წინაპრები, განვიწმინდოთ გულნი ჩვენნი. აი, მერაბის ანდერძი, ძმანო!

რაღად უნდა რეფერენდუმი საქართველოს, როდესაც მთელმა ქართველმა ერმა აღიარა დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი რაინდის დიდება, როდესაც მთელმა ქართველმა ერმა ამოაცილა წინაპართა, წმინდანთა და მოღვაწეთა სამკვიდრებელში. განა მერაბთან ერთად ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა არ ამოვიდა აქ, ძმანო? განა არ განიწმინდა ამით ჩვენი მოძრაობა, ჩვენი ერი.

ძმაო, დამუნჯებული ვართ მწუხარებისაგან, გაგვიშრა ცრემლი შენს ძმებს, გაგვიშრა ცრემლი. მძიმე ტვირთია, რომელიც შეგვატოვე მხრებზე, ძმაო!

უტყვია მწუხარება, ვეღარ მითქვამს გულისნადები, იმას კი ვიტყვი, რომ ჩვენს გულებში ანთებული სანთლები გაგინათებს გზას სულეთისას, ვითარცა შენი ხატება გაგვინათებს ჩვენ საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის გზაზე.

დიახ, ძმაო, მთელი საქართველო დაგტირის, მაგრამ შენ აღაზევე დღეს საქართველო! აღაზევე შენი მსხვერპლით, რამეთუ არ შეუშინდი სიკვდილს, ძმაო. შენი ცხოვრება ვეფხისა და მოყმის ბრძოლას ჰგავდა და არც შენ შეხვდი, ძმაო, ვეფხვს ჭკვიანი.

მრავალჯერ გაგაფრთხილე, მრავალჯერ გთხოვე, შენი ძვირფასი სიცოცხლე შეგვინარჩუნე, მაგრამ შენ მუდამ მაღლა იდექი ყოველგვარ შიშზე. მუდამ მაღლა იდექი ყოველგვარ სულმოკლეობაზე! წინაპრების სასუფევლიდან მოგვივლინა უფალმან წინაპარი ჩვენი აღმდგარი, რამეთუ დავეცით, რამეთუ ვუღალატეთ სარწმუნოებას, ვუღალატეთ ზნეობას, ვუღალატეთ ერს! და იგი მოგვევლინა, რათა შთაგვბეროს სული გმირობისა, შეუპოვრობისა, მამულისათვის თავდადებისა. აწ აღვსდგეთ და მისვდიოთ მაგალითს მისას, რათა ვიხსნათ ერი ჩვენი, გათელილი მტრის ჩექმის ქვეშ. იგი გაგვიძღვება, ძმანო! იგი არ მომკვდარა, იგი კვლავ შეგვასმენს თავის გმირულ “შავლეგოს”, კვლავ შეგვასმენს და კვლავ დაამხობს მტერს, დაამხობს და გაათავისუფლებს საქართველოს!

საუკუნოდ იყოს, ძმაო, ხსენება შენი! შენი ერი შენთან არის, შენ მიერ გაღვიძებული ივერი შენთან არის, ძმაო, დიდი ილიას გვერდით დამკვიდრებულო!”