1 სექტემბერი, 2019

სრული ანშლაგი ელისო ბოლქვაძის კონცერტზე

სრული ანშლაგი ელისო ბოლქვაძის კონცერტზემსოფლიოში ცნობილი ქართველი პიანისტის ელისო ბოლქვაძის კონცერტმა ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალზე სრული ანშლაგით ჩაიარა.

სწორედ იუნესკოს მშვიდობის არტისტის კონცერტით საზეიმოდ გაიხსნა ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების რიგით მეშვიდე ფესტივალი.

კონცერტში, რომლიც ბილეთებიც სრულად გაიყიდა, მონაწილეობა მიიღო ფესტივალზე სპეციალურად მოწვეულმა ცნობილმა იტალიელმა გიტარისტმა კლაუდიო პიასტრამ.

ბათუმის ფესტივალის ორკესტრს მაესტრო დავით მუქერია ხელმძღვანელობდა.

საღამოზე შესრულდა ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის, ხოაკინ როდრიგოსა და კამილ სენ სანსის კლასიკური შედევრები.

სრული ანშლაგი ელისო ბოლქვაძის კონცერტზე

ღონისძიების დასრულების შემდეგ, მოწვეული სტუმრებისთვის მიღება გაიმართა, რომელზეც ახალგაზრდა ნიჭიერი დიზაინერის ლაშა დევდარიანის კოსტუმების გამოფენა მოეწყო.

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი ერთადერთი კულტურული ღონისძიებაა, რომელიც UNESCO-ს მაღალი პატრონაჟით იმართება.

ფესტივალი წელს განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად ბათუმს კლასიკური მუსიკის მსოფლიო ვარსკვლავები და ახალგაზრდა ვირტუოზები ეწვივნენ.

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებებია დაგეგმილი.

ფესტივალი 10 სექტემბერს ახალგაზრდა ვირტუოზების კონცერტით დასრულდება.