27 სექტემბერი, 2019

ნოდარ დუმბაძის განსაკუთრებული ისტორია აფხაზეთზე

ნოდარ დუმბაძის განსაკუთრებული ისტორია აფხაზეთზემწერლისა და პოეტის ნოდარ დუმბაძის განსაკუთრებულ ისტორიას აფხაზეთზე მისი შვილი მანანა დუმბაძე იგონებს:

“გახსოვდეს აფხაზეთი!

გულისფიცარზე დაწერილი

ეს ამბავი ძალიან ბევრჯერ ჰქონდა ნაამბობი მამაჩემს, მის ნაცნობ-მეგობრებს, თვითმხილველებს და ჩვენც – მის შვილებს. ამ ამბის არაერთი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ვერსია ხშირად მომისმენია უცნობი ადამიანებისგანაც. უკვე თითქმის მოარულ ამბად იქცა და ვიდრე საერთოდ დაუკარგავს ორიგინალის სახე, წერტილი უნდა დავუსვა და მოგახსენოთ ის, რაც მართლა საკუთარი თვალით ვნახე და საკუთარი ყურით მოვისმინე.

ჯერ კიდევ სკოლის მოწაფე ვიყავი მამაჩემმა შავი ზღვის პირას, გულრიფშში, ერთი უკრაინელი მოხუცი ქალისგან პატარა, კირით შეღებილი ქოხი და 800 კვადრატული მეტრი მიწა იყიდა. ორი წლისთავზე დედაჩემმა და ბაბუაჩემმა ის ქოხი დაანგრიეს და მის ადგილას ორმეტრიანი ოჩოფეხებზე შემდგარი ფინური ხის სახლი „წამოჭიმეს”.

მამაჩემმა სახლი თეთრად შეღება და ბეტონის სარტყელზე, ფასადის მხრიდან წითლად „ნოდარ დუმბა“ დააწერა. ეს ამბავი ეტყობა არ გამოპატვია ვისაც საჭირო იყო მას და მალე აფხაზეთის საბჭოთა საოციალისტური ავტონომიური რესპუბლიკის რამდენიმე ხელმძღვანელი მუშაკი ვეწვია მამას ჯანმრთელობის და ახალის სახლის მოსაკითხად. იხილეს რა ფასადზე წითელი წარწერა, მორიდებულად იკითხეს: რაო, ბატონო ნოდარ, აფხაზურ გვარზე გადახვედითო? ბატონმა ნოდარმაც არ დააყოვნა და იქვე მიუგო, არა, „ძე“-ზე საღებავი გამითავდაო. ხელმძღვანელობამ და დამსწრეებმა გულიანად იცინეს. მერე ეს ამბავი მთელ ქვეყანას მოედო და მთელმა ქვეყანამაც გულიანად გაიცინა.
ეს მოხდა გასული საუკუნის სამოციან წლებში. მას შემხდეგ არაერთხელ უთხოვიათ ჩემთვის, ერთი მოგვიყევი, რა დააწერა მამაშენმა აფხაზეთში თავის აგარაკსო.

კი, ნამდვილად ასე იყო: დიდი წითელი ასოებით დააწერა „ნოდარ დუმბა“ და თქვა, „ძე“-ზე „კრასკა“ გამითავდაო. ახლა, როცა აფხაზეთთან დაძაბული ურთიერთობაც სანატრელი გაგვიხდა, ანუ, აღარავითარი ურთიერთობა აღარ გვაქვს, ძალაუნებურად მეფიქრება, მართლა რატომ დააწერა მამამ გაგანია სოცრეჟიმის, მეტიც, ზასტოის დროს თავის თეთრ სახლს წითელი ასოებით „დუმბა“ (ტიპური აფხაზური ჟღერადობის გვარი)? ეს მართლა ხუმრობა იყო, თუ ისეთი ხუმრობა, რომელშიც რაღაც ნაწილი (მთელი თუ არა) – სიმართლეა?

ნოდარ დუმბაძის მკითხველმა კარგად უწყის, რომ მის ნაწარმოებებში სიხარული და სევდა, ხუმრობა და ცრემლი ურთიერთმონაცვლე, მარადთანაარსებული ცნებებია და იქ, სადაც მუცლისტკივილამდე იცინი, გულისგასკდომამდე ტირი ხოლმე. ნუთუ სწორედ ეს ხერხია ფარულად გათამაშებული იმ ცნობილ წარწერაში? – „სასაცილოა სატირელი რომ არ იყოს“ – ხოლო, „ნოდარ დუმბა“ (ძე-ს გარეშე) კი საკუთარ ნავთსაყუდელზე ამოტვიფრული უბრალო სიტყვა გარდაუვალი მოვლენის ჯერ მხოლოდ მკრთალი კონტური ან წინასწარმეტყველება ხომ არ არის, რომელიც თავად წინასწარმეტყველს ტვინს უღრღნის და ბავშვივით აშინებს?

ანზორ დუმბაძე მიყვებოდა, ერთხელ ნოდარმა მთხოვა, აფხაზური ნანა მასწავლეო. მე გულდაწყვეტით მივახალე, რად გინდა ნოდარ აფხაზური ნანა, რატომ ეფერები ასე აფხაზებს, არ დაგიფასებენ, არ არიან მაგის ღირსი-მეთქი. მაინც მასწავლებინა და ისე ტკბილად ვიმღერეთ ორ ხმაში, ცრემლად დავიღვარე. ამ წამისთვის ახლა სიცოცხლეს დავთმობდიო, მეუბნებოდა ძია ანზორი. ისიც აღარაა, ამ ქვეყნიდან წავიდა როგორც ლტოლვილი, საკუთარი ბუდიდან გადმოგდებული და „იძულებით გადასახლებული პირი“ საკუთარ სამშობლოში. იმ ქვეყანაში აფხაზური ნანას მონატრება გაიყოლია.

„გული“ წაგიკითხავთ ალბათ – მამაჩემის ესსე აფხაზეთზე. იქ იმ ნანაზეც წერია, სოხუმელ დეიდებზეც, დეიდაშვილებზეც, აფხაზ მეზობლებზე, სოხუმის ცაზე, ზღვაზე, ყველაფერზე, რაც გულისფიცარზე იწერება, ზედ უკვდავების ბეჭედი აჯდება და მერე შანთითაც არ ამოიშლება. ეს ის წარწერაა, რაც თან უნდა გაგყვეს უკეთეს სამყაროში… რასაც ვერაფრით ამოძირკვავ… ბუნებაში არაფერი არ იკარგება!
წავალ და აფხაზურ ნანას ვისწავლი! სად? მამაჩემის გულისფიცარზე წერია, ესე იგი ჩემ გულზე. გახსენება უნდა მხოლოდ, მეტი არაფერი!

P.S. უკვე მერეამდენე დელეგაცია მიდის საქართველოდან აფხაზეთში „რაღაცაზე მაინც“ მოსალაპარაკებლად. მე არცერთში არ მოვიაზრები. ეტყობა ასეა საჭირო!”