15 სექტემბერი, 2019

მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში იწყება

მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში იწყებამუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში 21 სექტემბერს საზეიმოდ გაიხსნება.

ფესტივალის გახსნაზე, მსმენელის წინაშე წარდგებიან ცნობილი მევიოლინე კოლია ბლახერი და საფესტივალო ორკესტრი, დირიჟორ არიელ ცუკერმანის ხელმძღვანელობით.

მთელი ფესტივალის განმავლობაში მსმენელის საშუალება ექნება დაესწროს გამოჩენილი პიანისტის ელისო ვირსალაის კონცერტს, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატების ჯან ჩაკმურისა და ნიკოლოზ ნამორაძის საღამოებს, ცნობილი მევიოლინეების კოლია ბლახერისა და ფუმიაკი მიურას კონცერტებს, ვიოლონჩელისტთა საერთაშორისო კონკურსების ლაურეატის, ახალგაზრდა თაობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვიოლონჩელისტის ალექსანდრ ბუზლოვის, დავიდ ოისტრახის სიმებიანი კვარტეტის და გორის ქალთა კამერული გუნდის საღამოებს.

საფესტივალო ორკესტრში გაერთიანებული არიან თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა”, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრი და უცხოეთიდან მოწვეული მუსიკოსები. ორკესტრს უდირიჟორებს ფესტივალის დიდი ხნის მეგობარი არიელ ცუკერმანი.

წლევანდელ ფესტივალზე თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში სოლო კონცერტს 9 წლის პიანისტი და კომპოზიტორი ცოტნე ზედგინიძე ჩაატარებს.

მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში ტრადიციულად გამართავს მასტერკლასებს სამუსიკო სკოლების მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის. მასტერკლასებს გამოჩენილი მუსიკოსები გაუძღვებიან.

წელს ფესტივალს ახალი კომპონენტი დაემატა – „საუბრები მუსიკაზე“. ეს არის ინტერაქტიული შეხვედრები და მასზე მსმენელს შესაძლებლობა ექნება, შეხვდეს მოწვეულ საინტერესო სტუმრებს. სტუმრები არ არიან პროფესიონალი მუსიკოსები, მაგრამ არიან მუსიკის მოყვარული, დამფასებელი და მცოდნე ადამიანები.

ამჯერად „საუბრებს მუსიკაზე“ გამართავენ ბატონი ზურაბ ქარუმიძე და ბატონი ზაზა შათირიშვილი.

წელს ფესტივალი კლასიკური მუსიკის ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მუსიკის 21-29 სექტემბერს გაიმართება.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია თბილისის კონსერვატორიის და თელავის თეატრის სალაროებში, ასევე ონლაინ www.biletebi.ge

ფესტივალის წარმომდგენი: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
ფესტივალის ორგანიზატორი: სსიპ კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრი.
მხარდამჭერები: წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, ქალაქ თელავის მერია, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული მუსიკალური ცენტრი, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი, თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი, საავტორო სტუდია, სასტუმროები „ალაზნის ველი“, „თელა“ და „ერეკლე II“.
საინფორმაციო მხარდაჭერა: რადიო „ფორტუნა“, ჟურნალი „კულტურა +“, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, რადიო ერთი, საინფორმაციო სააგენტო GHN, ტელეკომპანიები ”იმედი” და ARTAREA.