7 სექტემბერი, 2019

გიორგი გიგაშვილი: “მესამე პრემია არის გამარჯვების ტოლფასი!”

გიორგი გიგაშვილი: "მესამე პრემია არის გამარჯვების ტოლფასი!"ახალგაზრდა ქართველი პიანისტი გიორგი გიგაშვილი იტალიაში გამართულ პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე მესამე პრემიის და მსმენელთა რჩეულის პრიზის მფლობელი გახდა.

ბუზონის საერთაშორისო კონკურსის გრანდიოზულ ფინალზე დამსწრე საზოგადოებამ ქართველი მუსიკოსი მქუხარე და ხანგრძლივი ალოდისმენტებით დააჯილდოვა.

“არტინფო” გიორგი გიგაშვილთან ინტერვიუს გთავაზობთ:

– თქვენთვის რით იყო ეს კონკურსი გამორჩეული?

– ბუზონის საერთაშორისო კონკურსი ყველაზე თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კონკურსია მსოფლიოში. 1 წლის წინ საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ფინალისტის ამპლუაში ვიქნებოდი ბოლცანოში, სადაც 50 წლის წინ 1 პრემია აიღო მსოფლიოს ნომერ პირველმა პიანისტმა მართა არგერიხმა, რომელმაც წელს ესპანეთში პირველი პრემია გადმომცა საკუთარი ხელით.

– ელოდით რომ ჯერ საუკეთესო 6-ფინალისტში და შემდეგ საუკეთესო 3-ფინალისტში მოხვდებოდით?

– ჩემი დაკრულით არასდროს ვარ კმაყოფილი, უბრალოდ ჩემი პროფესორი რევაზ თავაძე მთელი კონკურსის განმავლობაში კონკურსზე იყო და სრულიად დარწმუნებული იყო ჩემში. მიხარია, რომ მისი იმედები გავამართლე.

– მსმენელის რჩეული – ეს ალბათ ყველაზე დიდი პრიზია პიანისტისთვის…

– ყველაზე სასიხარულო! პირველი პრემია რომ მიმეღო, იმაზე მეტად გამახარა ამ პრიზმა, რადგან მომავალში ჩემს კონცერტებზე ივლის ეს ხალხი და არა თერთმეტი კაცი ჟიურიდან.

– თქვენთვის მესამე ადგილის მონიჭებას დარბაზში მყოფი საზოგადოების ხმაურიანი პროტესტი მოჰყვა. ელოდით ასეთ მხარდაჭერას დამსწრე საზოგადოებისგან?

– მესამე პრემია არის გამარჯვების ტოლფასი და არის ის, რაც ყოველთვის მინდოდა და ვერასდროს წარმოვიდგენდი.

– შეგიძლიათ წინასწარ გაგვიმხილოთ უახლოესი სამომავლო გეგმები?

– 13 სექტემბერს კონცერტი მაქვს სიმფონიურ ორკესტრთან ერთად რუსთაველის დიდ დარბაზში. ნოემბერში ნიუ-იორკში მექნება სოლო კონცერტი, მომავალ წელს დამეწყება ტურნე ესპანეთის 10-მდე ქალაქში. იქნება რამდენიმე დიდი კონკურსი და საკონკურსო მოღვაწეობას დავამთავრებ! რაც არ უნდა კარგად უკრავდე კონკურსზე, კონცერტების რაოდენობა განსაზღვრავს შენს, როგორც პიანისტის, კარიერას.