3 სექტემბერი, 2019

გამოფენა, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ

გამოფენა, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ– ეს არის გამოფენა, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო, – ასე ასათაურებს თავის ჩანაწერს ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია:

“ექსპოზიცია ხელოვნების სასახლეში 8 სექტემბერს 18 საათზე გაიხსნება და 20 სექტემბრამდე გასტანს.

ამ მოკლე პერიოდში თქვენ საშუალება გაქვთ პირველად დაათვალიეროთ კლიმტის, ვან გოგის და პრერაფაელისტების მიმდევრები საქართველოში. მათ შემოქმედებას ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ არ იცნობს.

ეს არის ფლორენსკების საგვარეულოდან სამი და: ვალენტინა, რაისა და ოლღა, სამივე მხატვრობით იყო გატაცებული, ერთ-ერთმა მათგანმა უმძიმესი ტრაგედია გამოიარა- სასიყვარულო ისტორია, რომელსაც რომეოსა და ჯულიეტას თავგადასავალს ადარებდნენ. ამ დიდმა ადამიანურმა სევდამ და XX საუკუნის დასაწყისში რუსეთის იმპერიაში განვითარებულმა პოლიტიკურმა ქარტეხილებმა თავისი ასახვა ჰპოვა ფლორენსკების შემოქმედებაში.

ამავე გამოფენის ფარგლებში პირველად იხილავს ფართო საზოგადოება ფლორენსკების შთამომავლის ოლღა კონიაშვილის ნახატებს, რომელთაც „მომავლის ფანტაზიები“ შეგვიძლია ვუწოდოთ.

ოლღა კონიაშვილის მიერ XX საუკუნის 80-90-იან წლებში შექმნილი პერსონაჟები ძალიან ჰგვანან დღეს პოპულარული ფანტასტიკური ფილმებისა თუ სერიალების გმირებს.

გამოფენის ფარგლებში დაიბეჭდა ორენოვანი ფერადი კატალოგი. გამოფენის მხარდამჭერია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.”