14 სექტემბერი, 2019

ბედნიერია ერი, რომელსაც ჰყავს ელისო ვირსალაძე!

ბედნიერია ერი, რომელსაც ჰყავს ელისო ვირსალაძე!“ბედნიერია ერი, რომელსაც ჰყავს ისეთი ხელოვანი, როგორიც ელისო ვირსალაძეა!“ – ასე მიაჩნია კინორეჟისორ ელდარ შენგელაიას და რთულია მას ამაში არ დაეთანხმო.

მრავალი სახელმწიფო თუ პროფესიული ჯილდოს მფლობელის ელისო ვირსალაძის ცხოვრების კრედო მუსიკის თავდაუზოგავი მსახურებაა, იქნება ეს საკონცერტო თუ პედაგოგიური მოღვაწეობა.

დიდი მუსიკოსი, წამყვანი ევროპული მუსიკალური უმაღლესი სასწავლებლების პროფესორი და არაერთი ცნობილი პიანისტის აღმზრდელი არასოდეს ლაპარაკობს საკუთარ მიღწევებზე და არ უყვარს, როცა მასზე აღმატებულ ხარისხში საუბრობენ.

მუსიკა მის ცხოვრებაში ადრეული ასაკიდან გაჩნდა. მუსიკის პირველი გაკვეთილი მას დიდედამ, ქართული საფორტეპიანო სკოლის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა ანასტასია ვირსალაძემ ჩაუტარა.

ამ ფაქტს პიანისტი ასე იხსენებს:

„თავიდან დიდედას არ უნდოდა ჩემი სწავლება, ამიტომ დავიწყე შედარებით გვიან, მაშინ ექვსი წლიდან იწყებდნენ სწავლას, ახლა – ხუთიდან იწყებენ, მე კი მხოლოდ რვა წლისა მოვხვდი ბავშვების იმ მცირერიცხოვან რიგში, ვისაც დიდედა ამეცადინებდა. ჩვეულებრივ, დიდედა ბავშვებთან არ მუშაობდა…”

“სწავლების მეთოდი საერთოდ არ არსებობს, არსებობს იმ ადამიანთა გავლენები, ვისთანაც ურთიერთობ. დიდედა ყოველდღე იგონებდა პეტერბურგში ანა ესიპოვას კლასში გატარებულ წლებს. სკოლების არსებობის კი მე საერთოდ არ მჯერა, რაც უფრო მემატება წლები, მით უფრო. რას ნიშნავს ფრანგული, რუსული ან ამერიკული სკოლა? არის კარგი და ცუდი სკოლები…”

“ყველა პროფესორს აქვს თავისი ხედვა ინტერპრეტაციასა და შესრულების მანერაზე; ჰენრიხ ნეიჰაუზი თუკი ატყობდა, რომ მოწაფე იყო ნიჭიერი, ხოლო შესრულება დამაჯერებელი, არასდროს ცდილობდა თავზე მოეხვია მისეული ინტერპრეტაცია ან შეეზღუდა მისი ფანტაზია. არც დიდედა იქცეოდა ასე, მასაც ჰყავდა უფრო მეტად და ნაკლებად ნიჭიერი მოწაფეები. ეს საკუთარ თავზეც გამომიცდია – რაც უფრო ნიჭიერია მოწაფე, მით უფრო მეტ თავისუფლებას აძლევ მას, მიუხედავად იმ შეცდომებისა, რაც შეიძლება იყოს მის შესრულებაში. მაშინ როდესაც ნაკლებად ნიჭიერები უფრო სკრუპულოზურად მისდევენ პედაგოგის რჩევებს და უკეთეს შეფასებებსაც იღებენ გამოცდებზე და განსაკუთრებით კონკურსებზე…”

“მახსოვს, როდესაც თოთხმეტი-თხუთმეტი წლის ვიყავი, დიდედა ეკითხებოდა ნეიჰაუზს, თუ რა ნაწარმოებების მოცემა შეიძლებოდა ჩემთვის. იგი პასუხობდა – მიეცით ის, რისი დაკვრაც მას სურს. თუმცა, დიდედა არასდროს მაძლევდა ძალიან რთულ ნაწარმოებებს, რადგან თვლიდა, რომ ნებისმიერ ასაკში, მოწაფე იქნება ეს თუ სტუდენტი, უნდა უკრავდეს ისე, რომ შესრულების დონე უახლოვდებოდეს ნაწარმოების ამოცანას, ხოლო, დიდედის მოთხოვნები ყოველთვის მაქსიმალურად მკაცრი იყო…”

“არ მიყვარს სიტყვა მასტერკლასი! როდესაც თქვენ აძლევთ მასტერკლასს, ეს გარკვეულად პრივილეგირებულ მდგომარეობაში გაყენებთ… უბრალოდ, ღია გაკვეთილი, ეს უფრო დამაჯერებელია ჩემთვის, თუმცა აქაც შეიძლება იყოს სხვაობა: ზოგი ატარებს შოუს, სანახაობას და ზოგი ჩვეულებრივ ღია გაკვეთილს…”

“პერიფერიებში დაკვრა ჩემთვისაც სიკეთეა, შეიძლება უფრო მეტადაც, ვიდრე მათთვის, ვისთვისაც ვუკრავ. ამ დროს გესმის, რომ რასაც აკეთებ, ეს აუცილებელია, გაცილებით უფრო მეტად, ვიდრე დიდ ქალაქებში და დარბაზებში დაკვრა…”- ეს არის ამონარიდები ელისო ვირსალაძის ინტერვიუდან ყველაზე მნიშვნელოვან თემებზე.