12 აგვისტო, 2019

რა გახდა მამუკა ღაღანიძის გარდაცვალების მიზეზი?

ჯგუფის "შინ" წევრი მამუკა ღაღანიძე გარდაიცვალაჯგუფის “შინ” წევრის მამუკა ღაღანიძის გარდაცვალება მისმა კოლეგებმა ძალიან განიცადეს.

ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსი მომაკვიდნებელ სენს ვერ მოერია.

მამუკა ნიკოლოზ რაჭველმა გაიხსენა:

“2002-2003 წლებში ჩავწერეთ ჩემთვის და ნატოსთვის ნამდვილად ისტორიული ალბომი გია ყანჩელის კინოსა და თეატრისთვის შექმნილი მუსიკის ჩემეული ვერსიები, მალე საპრემიერო კონცერტებიც მოჰყვა ოპერის თეატრში და მეც და ნატოსაც დღემდე მოგვყვება ამ ნამუშევრით გამოწვეული პატივისცემა და აღიარება მუსიკისმოყვარულთა მხრიდან.

ჰოდა, ამ დისკში ბოლო სიმღერაა “ჰერიო ბიჭებო”, რომელშიც ჯერ ისმის საარქივო ჩანაწერი ჯანსუღ კახიძის გენიალური შესრულებით, მერე კი მღერის ნატო და მასთან ერთად ულამაზესი, ნატიფი და სულში ჩამწვდომი ხმით მამუკა ღაღანიძე, რომლის მონაწილეობაც ჩვენს ჩანაწერში თავად კომპოზიტორმა მოისურვა და შემოგვთავაზა.

მე მაშინ გავიცანი მამუკა და ძალიან შემიყვარდა. მერე გია ყანჩელმა დაწერა კლასიკური ნაწარმოები “პატარა იმბერი”, რომლის პრემიერა ინგლისში გაიმართა ჩემი დირიჟორობით, მამუკას სოლო ვოკალითა და ბრიტანული ორკესტრით, მალევე დაინტერესდა ნაწარმოებით ECM, ინგლისშივე ჩაიწერა და გამოიცა.

მამუკასთან ერთად მოგვიანებითაც შევასრულეთ ეს ნაწარმოები, რომელიც აგვისტოს ომში დაღუპული გმირების მშობლებს მიეძღვნა. ეს გულმოკლული ადამიანები თავად ესწრებოდნენ საღამოს და ასეთი ემოციური კონცერტი არც კი მახსოვს ოდესმე თუ მქონოდეს კიდევ…

მოკლედ, გავიგე რომ მამუკა ღაღანიძე, რომელიც ადრეულ ასაკში გერმანიაში გადასახლდა (ანსამბლ “შინ”-ის სოლისტი გახლდათ) გარდაიცვალა. ძალიან ახალგაზრდა… ვერ მოერია მომაკვდინებელ სენს, იბრძოლა, იბრძოლა და მაინც ნაადრევად დატოვა ეს სამყარო.

ნათელში იყოს მისი სული, რომელიც ყველაზე კარგად იკითხება მის ბგერაში, რადგან დარწმუნებული ვარ, ადამიანის ხმის ჟღერადობა ყველაზე ზუსტად ასახავს მის შინაგან ბუნებას და სულიერ სამყაროს. მამუკას ბგერა კი იყო ღვთიური და ძალიან ძალიან კეთილი.

მიყვარდა, მიყვარს და მეყვარება ჩემი სიცოცხლის ბოლო წუთამდე…”