23 აგვისტო, 2019

გურამ რჩეულიშვილის ცხოვრების უკანასკნელი დღე

გურამ რჩეულიშვილი: "ადამიანო, იცოდე სიყვარული"გურამ რჩეულიშვილის 26-წლიანი ცხოვრების უკანასკნელი დღე მისმა მეგობარმა ნუგზარ წერეთელმა დეტალურად გაიხსენა წიგნში “მე ახლაც 26 წლისა ვარ”:

“23 აგვისტოს გვიან ღამემდის ვიჯექი და ვკითხულობდი. ძილი გამიტყდა. ღამის ორი საათი იქნებოდა, როდესაც კარებზე დააკაკუნეს. შემოვიდა გაფითრებული, ხმაჩავარდნილი ედიშერ რჩეულიშვილი. გურამის უახლოესი ნათესავი და მეგობარი.
– რა მოხდა-მეთქი, – შევეკითხე, მაგრამ ვერაფერი მიპასუხა, შემდეგ კი თითქოს რაღაცამ ამოხეთქაო გულის სიღრმიდან, აკანკალებული ხმით თქვა: – გურამი დაიხრჩო.

დილის 6 საათზე გავფრინდით ადლერში.
უკიდურესობამდის დაძაბულები და ანერვიულებულები მივედით ჩელიუსკინელების სახელობის სანატორიუმში, სადაც გურამი ისვენებდა თავისი ბიძაშვილი ექიმის ოთახში. გზადაგზა რაღაც შორეულ იმედებს ვეჭიდებოდით: იქნებ, რამე შეეშალათ, იქნებ, არასწორი ცნობაა. როგორ შეიძლება გურამი დამხრჩვალიყო, როცა ბრწყინვალედ ცურავდა, რა მოხდა ასეთი, რა ტრაგედია დატრიალდა?
ადგილზე გავიგეთ, რომ გურამი აზვირთებულმა სტიქიამ გაიტაცა და ვეღარ იპოვეს.
გაგრაში ბევრი გულწრფელად განიცდიდა ამ ამბავს.
მეორე დღეს ჩამოვიდნენ გურამის მამა და ბიძები, ბიძაშვილები და ნათესავები, თითქმის ყველა მისი მეგობარი.

საშინელი ამინდი იდგა, ზღვის ღელვა თითქმის 8 ბალს აღწევდა. სოხუმიდან სპეციალურად მოწვეული მყვინთავებიც კი ვერ ახერხებდნენ მღვრიე, ტალახისფერ წყალში ჩასვლას.
დამწუხრებული ბიჭები აღმა-დაღმა დაჰყვებოდნენ სანაპიროს, ან ერთად შეგროვილები მოლოდინით იდგნენ გურამის დაღუპვის ადგილას.
გაგრაში დაწვრილებით შევიტყვეთ, როგორ დაიღუპა გურამი….

22 აგვისტოს ადრე დაღამდა. გურამი გვიანობამდე კითხულობდა, არ ეძინებოდა. სადღაც ზემოთ ვერანდაზე უკრავდნენ შოპენს და დიდხანს უსმენდა ნაცნობ მუსიკას.
შემდეგ წერა მოუნდა, მსხვილი, ლამაზი ასოებით რამდენიმე ფურცელი მიუმატა დაწყებულ მოთხრობას. რაღაც ისე არ გამოუდიოდა როგორც თვითონ უნდოდა. ასეთ დროს ლექსებზე გადადიოდა ხოლმე.
“დედა, ნუ ჩამოხვალ ზღვაზე,
ზღვა ძალიან ღელავს,
შენ სუსტი ხარ დედა,
ზღვა დაგახრჩობს შენ,
მე თოლია ვარ,
ქარს და ტალღებს ვეთამაშები…”

ზღვა კი მართლა ძალიან ღელვდა.

დილით ადრე გაეღვიძა. 1 საათისთვის ჩაიცვა და გარეთ გამოვიდა. წვიმდა, უგემური დღე იყო.
გურამმა ქალაქში გაისეირნა, შუა გაგრისკენ დაუყვა გზას. სადგურთან თბილისელი და ლენინგრადელი ნაცნობები შეხვდნენ. ცოტა ხნის საუბრის შემდეგ გადაწყვიტეს ერთად ესადილათ. იქვე ცისფრად შეღებილ პავილიონში შევიდნენ. ნაცნობები სვამდნენ შამპანურს. გურამი არ სვამდა, სმისა და ქეიფის გუნებაზე არ იყო.
ზღვა კი საოცრად ღელავდა.

სასმელმოკიდებულმა ნაცნობმა ბიჭებმა ცურვა მოინდომეს. სულ შვიდნი იყვნენ და ერთი გოგონა ახლდათ. ლენინგრადელი აცხადებდა, გაცილებით უფრო ძლიერ ღელვაშიც მიბანავიაო. გურამი არწმუნებდა, რომ ზღვაში შესვლა აბსოლიტური უაზრობა იყო და არავითარ სიამოვნებას, მით უმეტეს ვაჟკაცობას, არ წარმოადგენდა. სამმა ბიჭმა მაინც არ დაუჯერა. გაიპარნენ და ღრმად შეცურდნენ წყალში. მთის ოდენა აქოჩრილი ტალღები მათ სიცოცხლეს საფრთხით ემუქრებოდა, რადგან გამოსვლას ვეღარ ბედავნდნენ.

ორმა ბიჭმა კიდევ მოინდომა შესვლა ამხანაგების დასახმარებლად. გურამი მათაც არიგებდა: თქვენ მარტო ვერ შეძლებთ გამოყვანას, მაშველი მოვა, დავუცადოთ და ჩვენ გამოვიყვანთო. ამ ლაპარაკისას მკლავებგაშლილი გურამი ზღვისკენ ზურგშექცევით იდგა ჯებირთან ჩამავალი კიბის მე-13 საფეხურზე. უცებ იმ ადგილას უზარმაზარი ტალღა დაენარცხა და კიბეებზე მდგარი გურამი ზღვაში გაიტაცა. მოულოდნელი დარტყმისგან გაბრუებული მაინც არ დაიბნა, უშიშრად შეებრძოლა სტიქიას და კარგა ხნის წვალების მერე ჯებირთან გამოსცურა.

მძიმედ სუნთქავდა. დაღლილი იყო. მეზღვაურის ზოლიან მაისურზე მოცმული ხალათი ზღვას გაეხადა, სპორტსმენის დაკუნთულ ფართო მხრებზე მაისური უნაოჭოდ შემოტკეცოდა.
მთელი სანაპირო გაიჭედა ხალხით. გურამს უყვიროდნენ:
– ჩქარა, ჩქარა, ჩქარა!
– ამ წუთას, – დაიძახა გურამმა.
კიდევ რამდენიმე წამიც და კიბეებზე მოასწრებდა არბენას, ამ დროს ჯებირს სახლისოდენა ტალღა დაენარცხა და გურამი კვლავ გაიტაცა ზღვაში. ქალების კივილმა და მამაკაცების ღრიანცელმა იმატა.

შეჯგუფებული ხალხი ერთადერთმა გაბედულმა მაშველმა გაარღვია. ეს იყო მზისგან გარუჯული აფხაზი ვაჟკაცი. იგი წყალში გადაეშვა, გურამმთან მიცურდა, ხელი მხარში ჩასჭიდა. უკიდურესი დაღლის მიუხედავად, გურამს უთქვამს:
– მე არა მიშავს, გამოვალ, იმათ მიხედეო.
ამ დროს ტყვიისფერ ტალღებში ფართხალებდნენ ორი რუსი და ერთ ქართველი ბიჭი.

გურამმა კვლავ დაიწყო გამოცურვა, მაგრამ ღელვა თითქოს თანდათან უფრო ძლიერდებოდა. ჰორიზონტი მთლიანად ჩამუქდა…

გამოჩნდა მაშველი ვერტმფრენი. მფრინავმა სასწრაფოდ შემოვალო წრე და განწირულების პირდაპირ გაჩერდა. თოკი ჩამოუშვეს. ძლიერი ქარი თოკს აქეთ-იქით ათრევდა. გურამმა ყველა მიუშვა თოკთან, ელოდებოდა გასავათებული ბიჭების აყვანას ვერტმფრენში, თვითონ ბოლოს მიცურდა. ღონეგამოცლილი თოკს მოეჭიდა, აცოცება დაიწყო, მაგრამ ძველმა, დამპალმა თოკმა ვეღარ გაუძლო და გაწყდა!
ხსნის ერთადერთი იმედიც გაქრა…

ყველა ხედავდა, როგორ ებრძოდა გურამი უზარმაზარ, ტალახისფერ სტიქიას, როგორ შეუპოვრად მოიწევდა ნაპირისკენ. შემდეგ მეზღვაურის ზოლიანი მაისური ხელებზე გადაეკრა და ყალყზე შემდგარ ტალღებში გაუჩინარდა.
იყო 1960 წლის 23 აგვისტო, დღის 4 საათი.

გურამის ძებნა გრძელდებოდა. მთელი დღე დავდიოთით ზღვის პირას. დარდიანები, წვერმოშვებულები, უპატრონოებსა და მოხეტიალეებს ვგავდით. გულის სიღრმეში მაინც არ ქრებოდა იმედის ჩაღველფილი ნაპერწკალი, იქნებ სხვა რამე მოხდა, იქნებ გურამი სადმეა წასული და სულაც სხვაში შეეშალათ…

კოშმარად ქცეულმა 4-მა დღემ გაიარა. ღელვა ოდნავ დაწყნარდა. ბრაზისაგან დაცლილი ზღვა ინერციით ეხეთქებოდა ნაპირებს. გურამი იპოვეს გაგრიდან 17 კილომეტრის დაშორებით. განთიადის მიმართულებით. ჩვენ ამ დროს კატერით შორს ზღვაში ვიყავით გასულები. ზღვა პატარა ნაფოტივით ათამაშებდა კატერს. უცებ ნაპირზე მაშხალა გაისროლეს და დაბრუნების ნიშანი მოგვცეს. გურამი უკვე მოესვენებინათ. ზღვას მხართან მარჯვენა მკლავი მოეტეხა და ისე დაემორჩილებინა…”